Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დააყენა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კი ის პროცედურები განმარტა, რომლის შედეგადაც უახლოეს მომავალში - უფრო კონკრეტულად კი, 11 მარტამდე -გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლას ალოგიკურად მიიჩნევენ და მთავრობას მთელი რიგი კანონებისა და სამართლებრივი აქტების დარღვევაში ადანაშაულებენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პირველად 8 თებერვალს განაცხადა. ზუსტად ორი კვირის შემდეგ კი, ანუ 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა საკითხის რიგგარეშე განხილვა დაიწყო. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ჟურნალისტებისათვის განმარტავს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის განხილვა 11 მარტამდე უნდა დასრულდეს: ”მთავრობა ითხოვს, რომ ამ კვირაში საკითხი პირველი მოსმენით განვიხილოთ. კომიტეტები, ფრაქციები, დეპუტატები მართავენ შეხვედრებს, მიდის დისკუსია, იწვევენ ექსპერტებს... და თუ ეს საკითხი წარმატებით განვითარდა, 9 მარტს მეორე მოსმენა გაიმართება. თუკი მეორე მოსმენაზე ყველაფერზე შევთანხმდით, მაშინ 11 მარტს კანონპოექტს მივიღებთ”, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ასევე ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა, ბუნებრივი რესურსები და ლიცენზირება ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება ”დაცული ტერიტორიების სააგენტო” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება, ხოლო გარემოს დაცვა და ეკოლოგია თავად სამინისტროს შემადგენლობაში დარჩება, ანუ მას ”წმინდა გარემოსდაცვითი ფუნქციები დარჩება”. გია ხუროშვილი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, იმ მთავარ მისიაზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ უნდა შეასრულოს: ”ბუნებრივია, როდესაც ერთ უწყებას გააჩნია ფუნქცია აღრიცხოს ბუნებრივი რესურსები, გასცეს ლიცენზიები, გაყიდოს და ა.შ., შესაძლოა, წარმოიშვას გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი გარემოს დაცვის კუთხით, ამიტომ ამ პაკეტის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ფუნქციების ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნა”, - აღნიშნავს გია ხუროშვილი.

გია ხუროშვილის მიერ ნახსენებ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და ამბობს, რომ მათთვის გაურკვეველია, თუ რა შუაშია ერთმანეთთან ენერგეტიკის სამინისტრო და ბუნებრივი რესურსების რეგულირება: ”ჩვენთვის ალოგიკურია, რადგან თავისთავად ინტერესთა კონფლიქტში მოდის ერთამენთთან ენერგეტიკის სამინისტრო ბუნებრივი რესურსების რეგულირებასთან. აქ მარტო წყალზე ხომ არ არის საუბარი, საუბარია წიაღისეულზე, ცხოველთა სამყაროზე და ა.შ... აი, რა შუაშია აქ ენერგეტიკა, ჩვენ ბოლომდე ვერ გავერკვიეთ”, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ასევე გაუგებარია ”მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძისათვის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერთება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის. ეს მისთვის ფანტასტიკის სფეროს ნაწილია: ”მსგავსი დაქვემდებარებით შეილახება დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქცია - ბიომრავალფეროვნება, ეკოსისტემების კონსერვაცია”, აღნიშნავს ის: ”წარმოიდგინეთ, დაცული ტერიტორიების სააგენტო, სადაც შედის ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები, ანუ ყველაზე მკაცრად დაცული სისტემები მსოფლიო მასშტაბით და რომლის შექმნაც განხორციელდა ევროპის დახმარებით, სწორედ ეს სააგენტო შეაქვთ ეკონომიკის სამინისტროში, იმ სამინისტროში, რომლის ძირითადი ფუნქცია არის მიწების გაყიდვა და პრივატიზაცია”, - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

რამდენიმე დღის წინ 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა მთავრობას. ისინი ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხის საჯარო განხილვისაკენ მოუწოდებენ. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლა მთელ რიგ კანონებს, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგება: ”კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტს და 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების 57-ე მუხლს, რომლის თანახმად, "საქართველო ვალდებულია გააძლიეროს გარემოსდაცვითი ღონისძიებები და სტრუქტურები. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განხორციელება მაშინ, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროს აუქმებ და ამ ფუნქციებს სხვადასხვა სტრუქტურებს უნაწილებ?” - კითხულობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხს ეხმაურებიან გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციებიც. როგორც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის განცხადებაშია მითითებული, მსგავსი ტიპის ცვლილებებს, შესაძლოა, ”უკიდურესად უარყოფითი შედეგები” მოჰყვეს. ორჰუსის ცენტრი საქართველოში კი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ჩატარდეს ფართო კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და მოხდეს სამინისტროს რეორგანიზაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების საჯარო განხილვა ორჰუსის კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საზოგადოების მონაწილეობა აღმასრულებელი დებულებების ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.
XS
SM
MD
LG