Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღწერა და დემოგრაფიული საფრთხე აფხაზეთში


ოჩამჩირე
ოჩამჩირე
21 თებერვლიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ერთკვირიანი პროცესი, რომლის მთავარ მიზნადაც სახელდება დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობისა და ეროვნული შემადგენლობის დადგენა. ამ პროცესს აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევენ თბილისში და ასევე თვლიან, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის შედეგად, რუსეთის აქტიურობით შეცვლილი დემოგრაფიული სურათი თავად აფხაზებისთვისაც სავალალო შედეგებს მოიტანს. რამდენად არის ასახული რუსეთისგან მომავალი დემოგრაფიული საფრთხე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, მოსახლეობის აღწერა, განსაკუთრებული კომუნიკაბელურობისა და კორექტულობის გამო, ძირითადად ადგილობრივ პედაგოგებს დაევალათ და ისინი ერთკვირიანი კარდაკარ სიარულისთვის, გასამრჯელოს სახით, 3 600 რუსულ რუბლს მიიღებენ. თუმცა, როგორც გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებმა ქალმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მოსახლეობის გამოკითხვის პროცესში ადგილობრივი სახელისუფლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ამასთან, რესპონდენტი შიშობს, რომ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას ყველა იმ ადამიანს, ვინც ადგილზე არყოფნის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას აღწერის პროცესში.

საფრთხე არსებობს დემოგრაფიული ექსპანსიის... ჩემი ინფორმაციით, ხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება და დემოგრაფიული სურათის შეცვლა ...
ოტობაიელი რესპონდენტის მიერ ნავარაუდევი პრობლემები ძირითადად საკუთრების უფლებას შეეხება და ის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 21 თებერვალს დაწყებულ პროცესთან მიმართებით, დღეს ბევრს აწუხებს. მართალია, სამომავლო პრობლემებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველო აცხადებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აღწერის სიაში ვერ მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტია, რაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობენ. გარდა ამისა, უწყებაში იმედოვნებენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხვი გაზრდილია 2008 წლის შემდეგ, რაც უკან დაბრუნდნენ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო წასული ადამიანები.

ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ 15 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით კი, აფხაზეთის მოსახლეობა, 1989 წლის შემდეგ, ეთნიკური ქართველების მასობრივი გამოდევნის გამო, ნახევარზე ნაკლები დარჩა და მაჩვენებელმა 2003 წელს 214 ათასი შეადგინა. სამაგიეროდ, გაიზარდა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა და ის ამჟამად, გავრცელებული მონაცემებით, 3 700 სამხედროს ითვლის. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ, რამდენი და საიდან მიიპატიჟა რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა არავინ დავობს, რომ დემოგრაფიული სიტუაცია იქ სწორედ მოსკოვის აქტიურობის შედეგად იცვლება.

ბუნებრივია, რომ ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია გულისხმობს ძალიან ბევრ დანაშაულებრივ ქმედებას. ყველა ეს კონკრეტული საკითხი შეიძლება არ ეტეოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელსაც თავისი ფორმატი აქვს ...
სწორედ ამგვარი აქცენტის გამოკვეთის საჭიროებას ხედავს ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და რომელშიც რუსეთი მთავარ საფრთხედ არის გამოკვეთილი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით მოქმედი დეპუტატი საჭიროდ თვლის, რომ რუსეთისგან მომავალმა დემოგრაფიულმა საფრთხემ ამ დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს:

”საფრთხე არსებობს დემოგრაფიული ექსპანსიის... ჩემი ინფორმაციით, ხდება რუსეთის მოქალაქეების ჩასახლება და დემოგრაფიული სურათის შეცვლა. ეს კი პრობლემა იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თვითონ ადგილზე, აფხაზებისთვის. ამიტომ ეს საფრთხე ასახული უნდა იყოს უსაფრთხოების კონცეფციაში. ”

რაკი რუსეთი მთავარი საფრთხეებისა და პრობლემების წყაროდ არის დასახელებული, დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემის ცალკე გამოკვეთის აუცილებლობას ვერ ხედავს უმრავლესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი. დეპუტატი თვლის, რომ ამ მეტად საყურადღებო და პრობლემურ საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ყურადღება ისედაც არაერთი კუთხით არის გამახვილებული:

”... ბუნებრივია, რომ ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია გულისხმობს ძალიან ბევრ დანაშაულებრივ ქმედებას. ყველა ეს კონკრეტული საკითხი შეიძლება არ ეტეოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელსაც თავისი ფორმატი აქვს. ანუ ჩემთვის ფრაზები - ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია, რაც არამხოლოდ ჩვენს დოკუმენტშია აღნიშნული, არის ძალზე მნიშვნელოვანი... ყველაფერი დანარჩენი სწორედ აქედან გამომდინარეობს...”

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ მოსახლეობის აღწერის პროცესს, დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გამო მის შედეგებს არავითარი ლეგიტიმური ძალა არ ექნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG