Accessibility links

logo-print
უკვე ყველამ დავიზეპირეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა არჩევნებით და კონსტიტუციური ვადების დაცვით ჯერ არ მომხდარა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლო პარტია მთლიანად წასულიყო ოპოზიციაში, ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ.

მაგრამ ამ ზოგადი ტენდენციის დაშლა ორ ჭრილში შეიძლება. შესაბამისად, გაგრძელებასაც სხვადასხვანაირს უნდა ველოდეთ.

პირველი ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გაძევებულ იქნა სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომით –>
2. ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანი რევოლუციის ფონზე გადადგა –>
3. დადგა დრო, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

მეორე ჭრილი:
1. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
2. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაც შეიცვალა ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით და კვლავ პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად;
3. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც შეიცვლება ვადაზე ადრე, კონსტიტუციის დარღვევით, ისევ და ისევ, პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად.

საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2012-13 წლებში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით სავსებით შესაძლებელია; მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მორიგ რევოლუციას ელოდება.

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ზოგადი ტენდენციის ორგვარი განმარტებიდან რომელია უფრო შესაბამისი დღევანდელი პოლიტიკური მომენტისთვის, უნდა ვცადოთ იმის გარკვევა, რა ფაქტორები მოახდენს გავლენას პოლიტიკური პროცესის ამა თუ იმ მიმართულებით გაგრძელებაზე.

პირველი სცენარის განხორციელებისთვის, ესე იგი, არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად, საჭიროა რამდენიმე პირობა:

1. ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ და საზოგადოების მეტი ნდობა დაიმსახურონ (რისთვისაც ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი სჭირდებათ).
2. საზოგადოება უნდა გაძლიერდეს, სულ მცირე, ორი მიმართულებით: დაძლიოს შიში და დაძლიოს საკუთარი უსუსურობის განცდა, რის შედეგადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ და მხოლოდ მისი რეალური მხარდამჭერების ხმები უნდა მიიღოს/გაიფორმოს.
3. სახელისუფლო პარტია ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა ჩადგეს იმ მდგომარეობაში, როდესაც დაუშვებს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას იმდენად, რომ დაკარგოს უმრავლესობა პარლამენტში. შედეგად, მას მოუხდება, დათმოს პრეზიდენტისა და პრემიერის პოსტები. სწორედ ეს იქნება ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში მოქალაქეთა კავშირმა ყველა სხვა პარტიაზე მეტი მანდატი მიიღო, მაგრამ ოპოზიციურმა კოალიციამ ჯამში მანდატების უმრავლესობა და საკრებულოს მართვის უფლება მოიპოვა. აი, ამგვარი სქემის ამოქმედება საქართველოს პარლამენტში მოგვცემდა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეიცვალა.

მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასეთი შედეგი თავისით ვერ დადგება: ვერც ოპოზიციური პარტიები გაძლიერდებიან, თუ მათზე წნეხი არ მოიხსნა; არც ადამიანებს გაუქრებათ შიშის გრძნობა, თუ მათი დაშინება არ შეწყდა (ვგულისხმობ ბიზნესმენს, მოსამართლეს, მასწავლებელს, ჟურნალისტს და ყველა სხვას). რაც მთავარია, ვერც ნაციონალური მოძრაობა დათმობს ძალაუფლებას მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციით განსაზღვრული საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება.

საქმე ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება უკანონო სიმდიდრის მოსაპოვებლად. ქვეყნებში, სადაც სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის და, შესაბამისად, არ არსებობს კანონის უზენაესობა, მმართველი პარტიები ნებით არასოდეს თმობენ ძალაუფლებას. ეს ორი მოვლენა – თავისუფალი სასამართლო და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა – პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. როგორც წესი, დამოუკიდებელი სასამართლოს არმქონე ქვეყნის ლიდერები კანონს მიღმა ცხოვრობენ და მერე ძალაუფლებას ებღაუჭებიან, რადგან ძალაუფლებასთან ერთად ყველაფერს კარგავენ – სიმდიდრეს, თავისუფლებას, პოლიტიკაში ყოფნის და, ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში ცხოვრების უფლებასაც.

ამიტომ, თუ სახელისუფლო პარტიაზე სერიოზული წნეხი არ განხორციელდა (როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მხრიდან), ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა არ ხდება – მეტისმეტი რისკია ყოფილი მმართველებისთვის და იმიტომ. ხელისუფლებიდან ავტორიტარი ლიდერების წასვლას ყოველთვის წინ უძღვის საუბარი მათ ზღაპრულ ქონებაზე და თან სდევს საუბარი გარანტიებზე. ოღონდ, გარანტიების ხსენება, როგორც წესი, საყოველთაო ძალადობის ფონზე იწყება.

შესაბამისად, მშვიდობიანად და არჩევნებით ხელისუფლების შესაცვლელად, პირველ რიგში, არსებული ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. თანაც, ეს ნება არჩევნების დღეს კი არ უნდა გამომჟღავნდეს, არამედ, წლების განმავლობაში უნდა არსებობდეს და პოლიტიკურ პროცესს განვითარების საშუალებას აძლევდეს.

გამოდის, მხოლოდ ის ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს არჩევნების გზით, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს და რომელიც, ვიდრე ძალაუფლებას დათმობს, სულ მცირე, სამართლიანი სასამართლოს არსებობას უშვებს.

რეალობას თუ არ გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შანსი ძალიან მცირეა. რადგან ხელისუფლების არჩევნებით შესაცვლელად, აი, რა უნდა მოხდეს: მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ წელიწადნახევარში მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაათავისუფლოს სასამართლო და გაწიროს ბევრი თანამებრძოლი, არ შეუშალოს ხელი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, გამოთავისუფლებული მედიის მხრიდან მოისმინოს ათას ერთი ტყუილი და მართალი საკუთარ თავზე, უარი თქვას ხალხისა და ფინანსების კონტროლზე და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმისთვის უნდა ჩაიდინოს, რომ ბოლოს აღმოჩნდეს ოპოზიციაში (ანუ უმცირესობაში).

რატომ უნდა გვქონდეს მოვლენების ამგვარად განვითარების მოლოდინი?

მით უმეტეს, რომ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მეორე, გაცილებით უმტკივნეულო გზა მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის და პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს გზა მე ამგვარად მესახება: ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაიწყებს თანამშრომლობას კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ვთქვათ, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად, უსაფრთხოების კონცეფციის დასახვეწად და კიდევ სხვა კეთილშობილური მიზნებით. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდება მტრის აგენტებად (რასაც ხელს შეუწყობს მათი ლიდერების მოსკოვური ვიზიტები, რომლებიც არჩევნების წინ გახშირდება). შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში კონსტრუქციული ოპოზიცია მიიღებს 40-50 მანდატს (რაც მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ადეკვატური – და მეტიც – იქნება). დანარჩენი ოპოზიცია ვერ მიიღებს ვერაფერს, ხოლო ადგილების ორ მესამედს პარლამენტში კვლავ დღევანდელი ხელისუფლება (ან მისი ნაწილი) დაეპატრონება. საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრით დაუჭერს მხარს ახალ პრემიერს – სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს. ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და, ალბათ, დარბაზსაც დატოვებს პროტესტის ნიშნად (იქნებ არც დატოვოს). ამასობაში, პირდაპირი კენჭისყრით არჩეული ახალი პრეზიდენტიც გვეყოლება.

ყველაფერი მოხდება მარტივად და გენიალურად. სიახლის მომხრეები მორცხვად იტყვიან, რომ ხელისუფლება განახლდა; არსებულის შენარჩუნების მომხრეებიც ამასვე იტყვიან, ოღონდ, უფრო დაჟინებით. თან, გონის დაკარგვამდე იზეიმებენ, რომ ძალაუფლება არ დათმეს.

ბოლოს, ყველანი შევთანხმდებით, რომ მიშა მაგარია!

P.S.: ვინც ამ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმებით, მაშინ, თქვენ ბრძანეთ, სხვაგვარად როგორ უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება არჩევნების გზით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG