Accessibility links

logo-print

ლიბიაში მღელვარება ტრიპოლის აღწევს


საპროტესტო აქცია ლიბიაში

საპროტესტო აქცია ლიბიაში

ლიბიაში ანტისამთავრობო გამოსვლებმა დედაქალაქ ტრიპოლის მიაღწია. ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟმა სატელევიზიო გამოსვლაში ხალხი გააფრთხილა, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხე ემუქრება და დასძინა, რომ არმია ნებისმიერ ფასად დაიცავს ქვეყანაში წესრიგს. უფლებადამცველების მონაცემებით, ძალადობას უკვე 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობებით, ლიბიაში წუხელ, როცა ანტისამთავრობო გამოსვლებმა პირველად მიაღწია დედაქალაქს, ათობით ადამიანი დაიღუპა; სულ მცირე, ერთ ქალაქს კი, ბენღაზის, როგორც ჩანს, ოპოზიცია აკონტროლებს. ქვეყნის ლიდერი მუამარ კადაფი, რომელიც ლიბიას უკვე 42 წელია მართავს, აცხადებს, რომ ამბოხებას „უკანასკნელ ცოცხალ ადამიანამდე“ შეებრძოლება.

ტრიპოლის ქუჩებში, ანტისამთავრობო გამოსვლების პარალელურად, თემების ლიდერები და სასულიერო პირები კადაფის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან. არის ცნობები, რომ ოპოზიციის მხარეს რამდენიმე საჯარისო დანაყოფიც გადავიდა.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები და მონაწილეები შთაგონებულნი არიან ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარი ამბოხებებით, რომლთაც პრეზიდენტების გადადგომა მოჰყვა.

ერთი მხრივ, აქციების მონაწილეებს, მეორე მხრივ კი, პოლიციასა და კადაფის მომხრეებს შორის შეტაკებები ხშირია. დემონსტრანტებმა სახელმწიფო მედიის ორი შტაბბინა დაარბიეს და რამდენიმე ოფიციალური უწყების შენობას ცეცხლი წაუკიდეს - მათ შორის, სახალხო დარბაზს, სადაც პარლამენტი იკრიბება ხოლმე.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, ექიმების ცნობებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ გასულ ღამით შეტაკებებში 61 ადამიანი დაიღუპა. სულ ხუთშაბათის - ანუ აქციების დაწყების - შემდეგ, ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ თანახმად, მინიმუმ 233 ადამიანი დაიღუპა.

ბენღაზის ქუჩებში ორშაბათს ოპოზიციის მომხრეები ზეიმობდნენ - აცხადებდნენ, რომ ქალაქს ახლა ისინი აკონტროლებენ და
ჯარს და პოლიციას უკან დაახევინეს.

კადაფის ვაჟი საიფ ალ-ისლამ კადაფი კვირა საღამოს ტელევიზიით გამოვიდა და ვითარების დაშოშმინება სცადა.

მისი თქმით, არეულობა ქვეყანას სამოქალაქო ომს უქადის: „ლიბია არ არის ეგვიპტე. ეს თემებისა და კლანებისგან შედგება. საქმე არ გვაქვს საზოგადოებებსა და პარტიებთან. საქმე გვაქვს კლანებთან. ყველამ იცის თავისი მოვალეობა. შექმნილმა ვითარებამ შეიძლება სამოქალაქო ომი მოიტანოს და ჩვენ 1936 წლის სამოქალაქო ომს გავიმეორებთ. ლიბია არ არის ტუნისი ან ეგვიპტე. ლიბიას აქვს ნავთობი, რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რატომაც გაერთიანდა ქვეყანა.“

საიფ ალ-ისლამი პოლიტიკური რეფორმების გატარების წინადადებითაც გამოვიდა და აღიარა, რომ პოლიციამ და არმიამ გარკვეული „შეცდომები“ დაუშვეს.

თუმცა მან უარყო მსხვერპლის რაოდენობის შესახებ „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მონაცემები და ასევე უარყო ცნობა, რომ მამამისმა ქვეყანა დატოვა. პირიქით, ის ტრიპოლიში „ბრძოლას სათავეში უდგასო“, განაცხადა საიდ ალ-ისლამ კადაფიმ და დასძინა, რომ მამამისი ამბოხებას „უკანასკნელ ცოცხალ კაცამდე, უკანასკნელ ცოცხალ ქალამდეც კი“ შეებრძოლება.

საიფ ალ-ისლამ კადაფიმ ლიბიელ ემიგრანტებს კამერის წინ თითი დაუქნია და ძალადობის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

მუქარისა და კომპრომისის ამგვარმა ნაზავმა საეჭვოა დააკმაყოფილოს ის ლიბიელები, რომლებიც კადაფის მიერ საპროტესტო აქციის მიმართ გამოჩენილი სისასტიკით არიან აღშფოთებულნი.

თვითმხილველთა ცნობით, სამხედროები დემონსტრანტებს ავტომატებიდან უხსნიან ცეცხლს. სნაიპერები კი აქციების მონაწილეებს სახურავებიდან ესვრიან.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რაც უცხოელი ჟურნალისტებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვასაც მოიცავს, ცნობების გადამოწმებას შეუძლებელს ხდის.

მსხვერპლის რაოდენობის ზრდა ქვეყანაში კადაფის მხარდაჭერის კლებას იწვევს.

არის ცნობები, რომ ჯარის რამდენიმე დანაყოფი ოპოზიციის მხარეს გადავიდა. ასევე მოდის ინფორმაცია, რომ დემონსტრანტების მხარე დაიჭირეს რამდენიმე თემის იმ ლიდერებმა, რომლებიც აქამდე კადაფის ერთგულები იყვნენ.

ალ-ზუვაიას თემის ლიდერი გამოვიდა მუქარით, რომ თუ მთავრობა დემონსტრანტებზე ზეწოლას არ შეწყვეტს, ის ნავთობის ექსპორტს გააჩერებს. ლიბია აფრიკის სიდიდით მეოთხე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა.

მჭიდროდ დასახლებული ალ-ვარფალას თემის ლიდერმა აკრამ ალ-ვარფალიმ კი „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, კადაფი „ჩვენი ძმა აღარ არისო“ და ქვეყნის ლიდერს მოუწოდა ლიბია დატოვოს.

ლიბიის მუსულმანი ლიდერების კოალიციამ დეკლარაცია გაავრცელა, რომელშიც ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ ამბოხებას ყოველი მუსულმანის მოვალეობას უწოდებს. კოალიციის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება „აბსოლუტური, თავხედური დაუსჯელობით“ მოქმედებს და „ღმერთის სწავლებებს არაფრად აგდებს.“

დემონსტრანტებზე ზეწოლის გაპროტესტების მიზნით, რამდენიმე ლიბიელმა დიპლომატმა უცხოეთში პოსტები დატოვა. ამასთან, არის ნიშნები, რომ ბზარი უკვე თავად ლიბიის მმართველ ელიტასაც გაუჩნდა. მაგალითად, მუჰამედ ბაიო, რომელიც ერთი თვის წინ მთავრობის მთავარი პრესსპიკერი იყო, ახლა ხელისუფლებას დისიდენტების წინააღმდეგ ძალადობის მუქარის გამო აკრიტიკებს და კადაფის ვაჟს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან.

ლიბიაში ძალადობას მკაცრად გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს მთავრობის მიერ დემონსტრანტების დასაშლელად ძალის გამოყენების გამო.

რამდენიმე კომპანია აცხადებს, რომ ლიბიიდან თავისი წარმომადგენლები გამოჰყავს. მათ შორის არიან ნავთობის გიგანტი „ბრიტიშ პეტროლეუმი“, ნორვეგიული ენერგეტიკული ფირმა „სტატოილი“ და რუსეთის „სარკინიგზო ხაზები“.
XS
SM
MD
LG