Accessibility links

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის სტატუსით შვედი დიპლომატი პიტერ სემნები უკანასკნელად იმყოფება საქართველოში. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში არაერთი ცნობა გავრცელდა ამ პოსტის გაუქმების ალბათობაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალი სტრუქტურის შექმნის ფონზე. თავის შემაჯამებელ ბრიფინგზეც კი პიტერ სემნებიმ გადაჭრით ვერ თქვა, გაუქმდება თუ შენარჩუნდება რეგიონში საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობა. თუმცა ბევრი თქვა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსა და დღევანდელ გამოწვევებზე.

პიტერ სემნები ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის პოსტზე 2006 წლის თებერვალში დაინიშნა. მან მაშინ ფინელი დიპლომატი ჰაიკი ტალვიტიე შეცვალა. საგანგებო წარმომადგენელს ევროკავშირის საბჭო ყოველ წელს უგრძელებდა მანდატს. 2010 წლის დეკემბრიდან ევროკავშირში ამუშავდა საგარეო მოქმედებათა სამსახური, რის კვალობაზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა მთლიანი სტრუქტურის რეფორმა. პიტერ სემნები აცხადებს, რომ ევროკავშირში დღესაც მსჯელობენ საგანგებო წარმომადგენლების მანდატზე და ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, იქნება თუ არა ასეთი პოსტი, საერთოდ, ან რით ჩანაცვლდება ის.

სემნები სამხრეთ კავკასიაში საგანგებო წარმომადგენლად მოღვაწეობის ხუთ წელიწადს უწოდებს ”რთულს, მაგრამ ფასეულს”. საქართველოს კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვნად ასახელებს 2008 წლის ომსა და 2007-2009 წლების საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისს. სემნები ხაზს უსვამს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის ხარისხობრივი გაუმჯობესების მნიშვნელობასა და საერთაშორისო პარტნიორების როლს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში: ”მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პარტნიორები შერიგების პროცესის ხელშეწყობისთვის. საქართველოს უნდა სჯეროდეს ამ საკითხში საერთაშორისო პარტნიორების მცდელობისა.”

რაც შეეხება ჩართულობის პოლიტიკას, - ”ჩართულობას აღიარების გარეშე”, როგორც მას უწოდებენ, - რამდენად მუშაობს ის? პიტერ სემნების შეფასებით, დღეს გაცილებით ფართოა კონტაქტი აფხაზეთთან, ვიდრე სამხრეთ ოსეთთან: ”ცვლილება არის. გვაქვს გაცილებით ფართო კონტაქტი და ურთიერთობა ადმინისტრაციული საზღვრის იქით, აფხაზეთთან, ვიდრე სამხრეთ ოსეთთან. ევროკავშირი ომამდე კარგა ხნით ადრე იყო ჩართული ამ პროცესში. ამის დასტურად მარტო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი გამოდგება. იყო აგრეთვე მრავალგვარი ჰუმანიტარული პროექტები ჯანდაცვის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის არაერთი ინიციატივა და ა.შ. ასევე ომამდე, ევროკავშირი აგრეთვე ჩართული იყო როგორც უდიდესი დონორი სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამაში. ასე რომ, არის გარკვეული მემკვიდრეობა, რაზეც შეიძლება ახლის დაშენება. გაეროსთან ერთად ვახორციელებთ მცირემასშტაბიან, მაგრამ ეფექტიან პროექტებს საზღვრის ორივე მხარეს. რასაკვირველია, ბევრად მეტია გასაკეთებელი. მე ვაწარმოებდი ინტენსიურ მოლაპარაკებებს თბილისსა და სოხუმში, რომ დაგვედგინა რა სფეროშია ყველაზე მეტად შესაძლებელი თანამშრომლობა და ვფიქრობ, ჯანდაცვის სფერო იძლევა კარგ საფუძველს შემდგომი ჩართულობისთვის.”

ევროკავშირი დიდ პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს საქართველოში შემდეგი არჩევნებისთვის მზადებას. საგანგებო წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2012 და 2013 წლების არჩევნებს ექნება უდიდესი მნიშვნელობა ”საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის” თვალსაზრისით: ”გასაკეთებელი კვლავაც ბევრია. შემდეგი არჩევნები, რომელიც 2012 წელს ჩატარდება, და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც იქნება გადამწყვეტი საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის თვალსაზრისით. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება მოხდეს არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, რომ ის არ იქცეს საარჩევნო კამპანიის ნაწილად. საქართველოში უნდა დაწესდეს თამაშის მკაფიო და სტაბილური წესები პოლიტიკური კონკურენციისთვის. ახლანდელი მმართველი ძალა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის უზომო ზეგავლენას, რაც გამოიხატება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობასა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების კონტროლში მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმისათვის, რომ ალტერნატიულ პოლიტიკურ პოზიციასაც მიეცეს თავის წარმოჩენის საშუალება.”

დღევანდელ ბრიფინგზე პიტერ სემნებიმ ილაპარაკა ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც. ამ პროცესს ის განიხილავს, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ”თერმომეტრს”. გარდა ამისა, თვლის, რომ ეს პროცესი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, რეფორმების ”მამოძრავებელი” საქართველოში და, მეორე მხრივ, ასოცირების შესახებ შეთანხმება არაპირდაპირი გზით გაზრდის საქართველოს უსაფრთხოების ხარისხს. სემნები გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო სერიოზულად და გულდასმით მოეკიდება ამ შეთნახმებაზე მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG