Accessibility links

logo-print
„ტაო-კლარჯეთში საქართველოდან ამ ზამთარში, მინუს 22 გრადუსში, რომელიც ერზერუმში ფიქსირდებოდა, ბევრი, ალბათ, არც წავიდოდა. ალბათ, არც მე წავიდოდი, რომ არა გარემოება. ოშკი ინგრევა, იშხანი იყინება, ხანძთა რას შვრება, არ ვიცით, ვერც მივაღწევთ, ვერც გავიგებთ“, - ასე იწყება დღვანდელი ”24 საათის” მოწინავე პუბლიკაცია, რომლის სათაურიცაა „იშხნის წარწერებსა და ინტერიერებში - ისტორიის ის ფურცელი, რომელიც გადარჩენას ელის“. ექსპედიციას ტაო-კლარჯეთში და იქ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობას ”რეზონანსიც” პირველ გვერდს უთმობს. ორივე სტატიაში ლაპარაკია 2008 წელს ჩაშლილ მოლაპარაკებებზე, რომლის მიხედვითაც თურქეთში არსებული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ საქართველოში მეჩეთები უნდა აღმდგარიყო. ”ვერც მაშინ მივიღეთ საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი და ვერც ახლა მივიღებთო”, - მოჰყავს ”რეზონანსს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ვაჩეიშვილის, სიტყვები.

”ვერსია” კი დღეს პირველ გვერდზე გვამცნობს, პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვსო, თუმცა თავად პუბლიკაციაში, რომელიც ინტერვიუ გახლავთ, უფრო დეპუტატის ემოციური რეპლიკაა, უნდა ავდგე და პოლიტიკური თავშესაფარი მე, ადამიანის უფლებების დამცველმა, ვითხოვო და ამ ქვეყნიდან წავიდე, რათა ამით მაინც გამოვაფხიზლო მსოფლიოო. თუმცა რაღაც ხანში თავადვე ამატებს, ღმერთმა დამიფაროს, საქმე რომ მართლა აქამდე მივიდესო.

დღევანდელ ”კვირის ქრონიკაში“ ბევრგან შეხვდებით სხვადასხვა მწერლისა და პოეტის სახელებს. ზოგი სხვას ლანძღავს, ზოგს კი თავად ლანძღავენ. მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ინტერვიუ მწერალ თამაზ წივწივაძესთან, რომელსაც ჟურნალისტი უსვამს, აი, ასეთ კითხვებს: „ჰოსნი მუბარაქს უფრო დიდი მადლი მისცა ღმერთმა თუ მიხეილ სააკაშვილს?“ ან -„ გიორგი თარგამაძეს უფრო უყვარს მიშა თუ გივია თარგამაძეს?“ წივწივაძეც შესაბამისად პასუხობს...აქვე ნახავთ ინტერვიუს რეზო ამაშუკელთან, რომელიც გიგა ბოკერიას მაძღარ, მთვლემარე პითონს უწოდებს, გოკა გაბაშვილს კი ზოოპარკში გამომწყვდეულ გველიჭამია ბუს. მწერლებს, პოეტებსა და მომღერლებს კი, ასევე „კვირის ქრონიკაში“ შალვა ნათელაშვილი აკრიტიკებს, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობისდა მიუხედავად, ძირითადად იმიტომ, რომ გვერდში არ დაუდგნენ.

”ასავალ-დასავალი” კი პირველ გევრდზე ფოტომონტაჟს აქვეყნებს: სააკაშვილს ჰიტლერის ულვაშები აქვს და სვასტიკის წინ დგას.
XS
SM
MD
LG