Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 22 თებერვალი 2011


გორბაჩოვი ოთხმოცი წლისაა. მისი ფენომენის, როგორც ასეთის, ანალიზს ცდილობს „ნოვაია გაზეტა“. ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ გორბაჩოვი „ნოვაია გაზეტას“ მმართველობაშია, თუმცა თავად სტატია საინტერესოა. მოუგვარებელი პრობლემების ნუსხაში, რომელიც, ავტორის აზრით, გორბაჩოვის მხრებზეა, 90-იანი წლები და თბილისში განვითარებული მოვლენებიც არის ნახსენები. თუმცა ავტორი, ლილია შევცოვა, უფრო ფართო კუთხით ცდილობს იმ გეზს დააკვირდეს, რომელიც რუსეთმა მას შემდეგ აიღო, რაც გორბაჩოვის ხელითა და მონაწილეობით საბჭოთა სისტემა ჩამოიშალა. შევცოვა გორბაჩოვის მიდგომებს ობამასას ადარებს, რომელმაც ’რეალ-პოლიტიკიდან’ და გავლენების პოლიტიკიდან თავის დაღწევა მოახერხა და არა მარტო სისტემის, არამედ საკუთარი პიროვნული გავლენების დემონტაჟიც მოახდინა:

”გორბაჩოვმა გაანადგურა საკუთარ თავში საბჭოთა ლიდერი საბჭოთა კავშირის დაცემამდე.”

სტატია საკმაოდ ვრცელია. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, ალბათ, დაკვირვება, რომელიც პასუხისმგებლობას ეხება. ავტორის აზრით, მოქალაქეებმა, ფართო გაგებით, საბჭოეთის დაშლის შემდეგ ვერ შეძლეს პირადად ეტვირთათ პასუხისმგებლობა და ტოტალიტარული მენტალობა ისევ მმართველობის ვერტიკალით ჩაანაცვლეს. ამის მიზეზს ავტორი საზოგადოებაში ხედავს. ჩვენ არ აღმოვჩნდით მზად ცვლილებისთვისო, ამბობს ავტორი:

”ჩვენ ველოდებოდით, რომ ლიდერმა უნდა იპოვოს გამოსავალი[…] ჩვენ ვერ შევძელით გამოგვეყენებინა ზევიდან უეცრად ჩამოვარდნილი თავისუფლება.”

ავტორის აზრით, გორბაჩოვის რეფორმატორული კვალი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში დარჩა - ქვეყნებში, რომელთაც ტრანსფორმირება შედარებით უკეთ შეძლეს.

უნდა დავძინოთ, რომ ავტორი ახლანდელი პრეზიდენტის მოდერნიზების მცდელობებს ფორმალურად მიიჩნევს და ადარებს სმოკინგის ჩაცმას, როცა ფორმა იცვლება, შინაარსი კი იგივე რჩება.

ვლადიმირ პუტინის ერთ მილიარდდოლარიანი საზღვაო სასახლის ფოტოებისა და დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ, „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, საპრეზიდენტო კომპანიას ქოქავდესო. ჯერ არ ვიცითო, წერს გაზეთი, როგორ დაბალანსდება ორს შორის საკითხიო (იგულისხმება მედვედევი და პუტინი), მაგრამ უკვე ვიცით, რომ პუტინი საკუთარი კამპანიიის დაქოქვას იწყებსო. ზედაპირზე ფაქტები საპირისპიროს გვაჩვენებსო, პრეზიდენტ მედვედევის დავოსური ვიზიტები საპირისპიროს გვაფიქრებინებსო, წერს ავტორი, მაგრამ ფორმის უკან სხვა შინაარსიაო. შინაარსი „გაზპრომის“ მილიარდებში, პუტინის ინტერესებსა და ფარულ გარიგებებშიაო. სტატიას ავტორი, ნიკოლაი ვარდული, ბორის ბერეზოვსკის ციტატით ასრულებს. ”ყველაზე მომგებიანი ბიზნესი პოლიტიკური ბიზნესიაო”, უთქვამს ბერეზოვსკის, ჟურნალისტი კი ამატებს: ”როგორც ჩანს, ვეტერანი მართალიაო”.

„იზვესტიაში“ ქვეყნდება სტატია იმის შესახებ, თუ როგორ მოხსნეს ეფ ეს ბეს მეორე პირი, გენერალი უშაკოვი, რომელსაც ორგანოებში მანამდე 30-მდე წელი უმუშავია. მოხსნის გადაწყვეტილება პრეზიდენტ მედვედევს მიუღია. გაზეთმა მისი მოხსნის ზუსტ მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი სათამაშო ბიზნესის მფარველობა ყოფილა.

ამ თემაზე „ვედომოსტიც“ მთავარი სტატიების ფორმატში წერს და უშაკოვის მოხსნის ოფიციალურ მიზეზად სამოცი წლის გენერლის დისციპლინას ასახელებს.

სოციოკულტურული კვლევების ცენტრის მკვლევარი ალეკსეი ლევინსონი საინტერესო ციფრებს აცნობს „ვედომოსტის“ მკითხველს. ლევინსონის მიერ მოცემული რეიტინგებით, მოსახლეობაში ლიდერობს, 72 პროცენტით, ვლადიმირ პუტინი. მედვედევს 68 პროცენტი ერგო. თუმცა ციფრებზე საინტერესოა ის მიდგომები, რომელზეც მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, პუტინი პოპულარულია ძირითადად დიდი ქალაქების გარეთ, მედვედევი, პირიქით, დიდ ქალაქებში. პუტინთან, ლევინსონის აზრით, ასოცირდება შეფასებები, როგორიცაა ’ძლიერი’, ’კაცური’, მედვედევის შემთხვევაში კი -’სასიამოვნო’, ’სიმპათიური’, ’მომხიბვლელი’. ’პასუხისმგებლიანობა’ ან ’სამართლიანობა’, ლევინსონის მონაცემებით, ბოლო ადგილებს იკავებს, ანუ ყველაზე ბოლოს ამ დეტალებს აქცევს მოსახლეობა ყურადღებას.
XS
SM
MD
LG