Accessibility links

logo-print
ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისელ აბონენტთა 90%-მა ელექტროენერგიის ვაუჩერი უკვე მიიღო. მართვის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებმა 20 ლარიანი ვაუჩერები მოქალაქეებს სახლში მიუტანეს. როგორც რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, თანხა მათ ანგარიშზე უკვე დაირიცხა და მიმდინარე თვის გადასახადში შეეფარათ. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ვაუჩერის მიღებამდე დაფარა, აღნიშნული შეღავათით მომდევნო თვეში ისარგებლებს.

ქუთაისში ოჯახების უმეტესობა ელექტროენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, რადგან 100 კილოვატზე მეტის დახარჯვისას ერთ კილოვატსაათზე 17 თეთრის გადახდა უწევთ. მოსახლეობა ხელისუფლებისგან გადასახადების რეგულირებასა და ტარიფის შემცირებაზე ზრუნვას ითხოვს.

იანა მჭედლიძე პენსიონერია, მისი მეუღლე და შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდები არიან. სამსულიან ოჯახს ენერგოვაუჩერი იმ მიზეზით არ მიუღია, რომ ელექტრომრიცხველი მხოლოდ 4 თვის წინ დაუმონტაჟდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის განმარტებით, ენერგოკომპანიამ ცენტრს გადასცა ბენეფიციარების სია და მონაცემები, რის მიხედვითაც ვაუჩერები დაიბეჭდა. არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, პასიური აბონენტების რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 10-15 % შეადგენს. მისივე თქმით, სააგენტოში დაწყებულია იმ მომხმარებლების რეგისტრაცია, ვინც ვაუჩერი ვერ მიიღო. მათი რიცხვი საბოლოოდ ვაუჩერების დასრულების შემდეგ დაზუსტდება და გადაწყდება, თუ რა სახის დახმარებას მიიღებენ ეს ბენეფიციარები.

პასიური აბონენტები, რომლებმაც ვაუჩერის მისაღებად აუცილებელი პირობა ვერ დააკმაყოფილეს და 6 თვის განმავლობაში ორას კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ნაკლები დახარჯეს, რადგან უმკაცრესი ეკონომიის პირობებში ცხოვრობენ, ენერგოვაუჩერის ჩუქების იმედად რჩებიან. არჩილ მუკბანიანის განცხადებით, ენერგოვაუჩერების გაჩუქების პრაქტიკა დამკვიდრდა და ნებისმიერ მსურველს ვაუჩერი საკუთარი სურვილით შეუძლია შეჭირვებულ ადამიანს გადასცეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქში ვაუჩერების დარიგების პროცესი კვირის ბოლოსთვის დასრულდება.
XS
SM
MD
LG