Accessibility links

logo-print

ექსპერტთა სკეფსისი მოსკოვის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ირგვლივ


დაღესტანი, პოლიციასა და მეამბოხეებს შორის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ

დაღესტანი, პოლიციასა და მეამბოხეებს შორის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ

მოსკოვის აეროპორტში იანვარში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რასაც 35 ადამიანი ემსხვერპლა, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ძალადობის შემთხვევები გახშირდა. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლის მხარეში ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტების შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ბევრი დაიჭრა. ამგვარმა ვითარებამ კიდევ ერთხელ წამოჭრა დისკუსია იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს მოსკოვი რეგიონის დაშოშმინებას, ათწლეულების მანძილზე გაგრძელებული მცდელობის მიუხედავად.

ისლამისტი მეამბოხეების ლიდერის, დოკუ უმაროვის მიერ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობის აღებიდან სულ რამდენიმე დღეში რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონი ძალადობის ტალღამ მოიცვა.

დაღესტანში, ჩეჩნეთსა და სტავროპოლის მხარეში ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა შეტაკებები და აფეთქებები. დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი - მილიციონერებიც და ექსტრემისტებიც. ბევრი დაშავდა.

ძალადობის ასეთი გახშირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარისო ნაწილის ხელმძღვანელმა ნიკოლაი როგოჟკინმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, სიტუაცია „კონტროლს ექვემდებარება“ და მთავრობა რეგიონში დამატებითი ჯარის შეყვანას არ აპირებსო.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, დაღესტნის პრეზიდენტმა მაგომედსალამ მაგომედოვმა მხარდაჭერა გამოუცხადა მეამბოხეებთან ძალით დაპირისპირების კრემლის სტრატეგიას: „ექსტრემისტების ნაწილი შეურიგებელ პოზიციაზე დგას და მათ წინააღმდეგ მხოლოდ მკაცრი, ძალისმიერი ზომები შეიძლება გატარდეს. ისინი დამსახურებულად უნდა დაისაჯონ“.

ბოლო პერიოდის ძალადობა ნაწილია იმ პირქუში ტენდენციისა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიკიდა ფეხი ამ ომით და ტერორიზმით დაღდასმულ რეგიონში. სიტუაციაზე კონტროლის დამყარების ძირითად მეთოდად სპეცოპერაციების არჩევამ, რასაც კრემლი 1999 წლიდან მიმართავს, ვერც სტაბილურობა მოიტანა და ვერც მეამბოხეების ჩახშობა შეძლო. მეტიც, ბევრი საერთოდ საპირისპიროს ამტკიცებს, რომ კრემლის მხრიდან ზურგგამაგრებული ძალების მიერ რეგიონში ადამიანის უფლებების სისტემატურმა და უხეშმა დარღვევამ წინააღმდეგობის ფრონტის მიმართ სოლიდარობა და მეამბოხეთა რიგები გაზარდა.

ყაბარდო-ბალყარეთში - ნალჩიკში - მცხოვრები ადვოკატი, ლარისა დოროგოვა, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საქმეებს და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შემთხვევებს შეისწავლოს. მისი თქმით, მთავრობის მიერ რეგიონში გატარებული პოლიტიკა იმდენად კონტრპროდუქტიულია, რომ მას ეჭვს უჩენს, საერთოდ თუ უნდა კრემლს მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება:

„მე ვიცი ტერორიზმთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი - ამისათვის ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა შეწყდეს. და მაშინ არც ტერორიზმი იქნება, არც ბანდიტიზმი და არც არაფერი. ადამიანებს სურთ იცხოვრონ, შვილები გაზარდონ. აქ ახალგაზრდები იხოცებიან, მაგრამ ამისთვის არავის სცხელა“, - ამბობს დოროგოვა. - „ამ - ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების - პოლიტიკას ვიღაც ატარებს იმისათვის, რომ კავკასიაში უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დარჩეს, რომ მათ ერთმანეთი დახოცონ. ამ ყველაფრიდან მე ეს დასკვნა გამომაქვს: ვიღაცას კავკასია კავკასიელების გარეშე სჭირდება.“

რეგიონს ფართოდ მოდებული ძალადობის ფონზე, ერთგვარ გამონაკლისად ინგუშეთის რესპუბლიკა გვევლინებაო, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის - „მემორიალის“ -დირექტორი, ოლეგ ორლოვი. მისი აზრით, მთავრობა იქ შედარებით უფრო ნიუანსირებულ პოლიტიკას ატარებს და შედეგებიც, შესაბამისად, უკეთესია.

„ინგუშეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტერორისტული ხასიათის დანაშაულების მნიშვნელოვანი შემცირება შეიმჩნევა. ეს, ცხადია, წარმატებაა - ხელისუფლების წარმატება. რითია ეს განპირობებული? რამდენიმე მიზეზით: საზოგადოებასთან დიალოგის პოლიტიკით, ექსტრემისტების მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნების მცდელობით - სხვა თუ არაფერი, ექსტრემისტების ოჯახებთან საუბრები აწარმოეს, პრეზიდენტ ევკუროვის ძალისხმევით გამოითქვა მოწოდებები, რომ ადამიანები განიარაღდნენ“, - ამბობს ორლოვი და დასძენს: „ამასთან, ცხადია, წარმატებულმა ოპერაციებმაც შეიტანა წვლილი. საიდ ბირუატსკი მოკლეს, მაგასი - ანუ, როგორც ის თავს უწოდებდა, ამირი - შეიპყრეს. მოკლეს სხვა მნიშვნელოვანი საველე მეთაურებიც. ამან კი ის მოიტანა, რომ ტერორისტული იატაკქვეშეთი, რომელიც სულ რაღაც ორი თუ ერთი წლის წინ ლამის ყოველდღიურად აწყობდა აფეთქებებს და ხოცავდა მილიციონერებს, ახლა თითქმის აღარ მოქმედებს.“

ექსტრემისტების დასუსტებას და ადგილობრივ მოსახლეობასთან უფრო პოზიტიური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებას სხვებიც ურჩევენ. მათ შორის არის ანდრეი სოლდატოვი, რუსეთის უშიშროების ძალების ექსპერტი, რომელიც თვლის, რომ მოსკოვს ხალხის გულის მოგების პოლიტიკა სრულიად უგულებელყოფილი აქვს:

„ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობა თავს მუდმივად დარტყმის ქვეშ გრძნობს ან ძალოვანი სტრუქტურების, ან ექსტრემისტების მხრიდან, იმიტომ რომ ის ოპერაციები, რომელთაც უშიშროება ექსტრემისტების წინააღმდეგ ატარებს, ხშირად მშვიდობიან მოსახლეობასაც ეხება. მათ ინტერესებს ყურადღებას არავინ აქცევს, მათ არავინ ელაპარაკება ან ძალიან იშვიათად ელაპარაკებიან. რასაკვირველია, ახლა რეგიონში მცხოვრებ ხალხს ყველაზე მეტად საუბარი, დიალოგი ესაჭიროება, რომ მათ თავი ბრძოლის ველზე აღარ იგრძნონ."

„მემორიალის“ დირექტორის ოლეგ ორლოვის თქმით, მოსკოვის მხრიდან ძირითადად სამხედრო ძალაზე დაყრდნობა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ანალიტიკოსის აზრით, ამის ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ ერთ დროს საკმაოდ მონოლითური, ჩეჩნეთში კონცენტრირებული მეამბოხეები ჩამოყალიბდნენ უფრო დანაწევრებულ, მაგრამ მოქნილ ძალად, რომელიც უკვე მთელ რეგიონში მოქმედებს:

„ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული ქსელი ახლა სწორედაც რომ ქსლის პრინციპით მოქმედებს. ამბობენ, კავკასიის ემირატი ძალიან სუსტია, რადგან მას ერთი ლიდერი და ერთი ცენტრი არა აქვსო. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს, პირიქით, მის სიმძლავრეს არ აჩვენებს. მართლაც, ცხადია, რომ ბევრი დაჯგუფება, რომელიც შესაძლოა აღიარებდეს დოკუ უმაროვის უზენაესობას, მაინც საკმაოდ ავტონომიურად მოქმედებს.“

იმის ნიშნები, რომ მოსკოვი პოლიტიკის შეცვლას აპირებს ან ჩრდილოეთ კავკასიაში დასუსტდება ძალადობის ტალღა, არ ჩანს. მოსკოვის კარნეგის ცენტრში მომუშავე ანალიტიკოსი, ალექსეი მალაშენკო, შექმნილ სიტუაციას უწოდებს „სამოქალაქო ომს“, რომელსაც ბოლო არ უჩანს:

„ძალადობის აფეთქების შემთხვევები უწინაც გვინახავს, ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ფორმით; ეს ან მარტო დაღესტანში ხდებოდა, ან, ერთდროულად, დაღესტანშიც და ჩეჩნეთშიც; ან დაღესტანშიც, ჩეჩნეთშიც და ყაბარდო-ბალყარეთშიც. ამდენი წლის მანძილზე ყველა ცალკეული შემთხვევის გამომწვევი მიზეზის ძიება უკვე არასერიოზული გახდა. პრინციპში, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ზუსტად ჯდება სამოქალაქო ომის ცნებაში. მგონი, ახლა ამას ვეღარავინ უარყოფს - თავად პრეზიდენტიც კი, თუმცა სადღაც ნახევარი წლის წინ ამაზე დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ხოლო თუკი საქმე სამოქალაქო ომთან გვაქვს, ბრძოლა მიმდინარეობს ერთმანეთშიც და ფედერალურ ძალებთანაც. და ეს ასეც გაგრძელდება.“
XS
SM
MD
LG