Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე დაკავებულების გაცვლას კიდევ ითხოვს


ერგნეთი
ერგნეთი
ორშაბათს ერგნეთის საგუშაგოზე ქართულმა და ოსურმა მხარეებმა სხვადასხვა დროს დაკავებული 7–7 ადამიანი გაცვალეს. ყველა მათგანი აგვისტოს ომის შემდეგ იყო დაპატიმრებული. მას შემდეგ, რაც ცხინვალში ქართველი სამართალდამცავების მიერ გათავისუფლებული დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები ჩაიყვანეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ციხეებში დე ფაქტო რესპუბლიკის 28 მოქალაქე იხდის სასჯელს. აქედან 24 აგვისტოს ომამდეა დაკავებული. ჩიგოევის განცხადებით, ახლა ინტენსიური მუშაობა ომის შემდეგ დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის 3 და რუსეთის 1 მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალის ციხეში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, ორი მათგანის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. ჩიგოევი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ 4–4 ადამიანი გაიცვლება.
ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჩიგოევმა მარეკ დუდაევისა და გორის ტერაქტის მოწყობისთვის დაკავებულების საქმეებიც ახსენა. მისი თქმით, მათ გასათავისუფლებლად ოსური მხარე ძალისხმევას არ იშურებს. თავდაპირველად, როცა დაკავებულთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ოსური მხარე ყველას გათავისუფლებას ითხოვდა, პრინციპით, ყველა–ყველაზე, მაგრამ ქართული მხარე ომამდე დაკავებული დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეების გათავისუფლებაზე არ დათანხმდა. ჟენევის დისკუსიებში ქართული დელეგაციის წევრი გიორგი კაპანაძე, რომელსაც ცხინვალის ციხიდან ძმა გაუთავისუფლეს, აცხადებს, რომ ქართული მხარე პრინციპულია და მშვიდობიან მოქალაქეებს ტერორისტებში არ ცვლის.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაცვლაში პოზიტიურ პროცესს ხედავს, მაგრამ უკვირს, რატომ ხდება, რომ მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულები უცბად უდანაშაულოები აღმოჩნდნენ.

„პროცესი, ზედაპირული შეფასებით, პოზიტიურია, რადგან ადამიანები, რომლებიც კარგად ვიცით, რომ დაკავებულები არიან იმისთვის, რომ პირობითი საზღვარი შეუგნებლად თუ შეგნებულად დაარღვიეს, აი, ეს ხალხი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანები საპირისპირო მხარეების მიერ დაკავებულები იყვნენ არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაზე, არამედ ზოგი იარაღის ტარებაზე, ზოგი ნარკოტიკზე, ზოგი ტერორისტული აქტის მომზადებისთვის. ანუ ორივე მხარე შეეცადა მაქსიმალურად დაემძიმებინა საქმეები, ახლა კი უცებ გამოირკვა, რომ ესენი არ ყოფილან ტერორისტები, არც იარაღი ჰქონიათ და არ ყოფილან დიდი დამნაშავეები. იბადება კითხვა, რა დევს ამის უკან? ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების სერიოზული ზეწოლის შედეგი და საქართველოს ხელისუფლების სურვილიც არის, რომ პირდაპირი ურთიერთობის ფორმატი შექმნას ცხინვალის ხელისუფლებასთან“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

ცხინვალის ციხეში ამჟამად ყველაზე დიდ სასჯელს, 13 წელს, თეიმურაზ ჯერაპოვი იხდის. იგი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ეკონომიკის მინისტრი იყო და შარშან, აპრილში, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს. იგი ნოემბერში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობის ხელყოფის ბრალდებით გაასამართლეს. წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე ქართული მხარე ჯერაპოვის გადმოცემასაც მოითხოვს.
XS
SM
MD
LG