Accessibility links

logo-print

გაერო ლიბიაში ძალადობის გამოძიებას მოითხოვს


ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი, ნევი პილაი, გამოვიდა მოწოდებით, ლიბიის მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის ირგვლივ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. პილაიმ - რომელიც უწინ სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლე იყო - გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ძალადობის შესახებ ცნობები. პილაის განცხადებით, „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემატური თავდასხმები შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს“. პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ლიბიის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, საზღვრები გაუხსნან ლიბიელ ლტოლვილებს. თვითმხილველები და ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ასობით ადამიანი დახოცეს რამდენიმე ქალაქში - მათ შორის ტრიპოლიში და ბენღაზიში. როგორც იუწყებიან, ხალხს განურჩევლად ესვრიან და ტრიპოლის ზოგიერთი უბანი გვამებით არის მოფენილი. ლიბიის კრიზისზე მსჯელობის მიზნით დღეს სხდომებს გეგმავენ გაეროს უშიშროების საბჭო და არაბული ლიგა.
XS
SM
MD
LG