Accessibility links

logo-print

ლიბიაში პოლიტიკური მღელვარება ძლიერდება


საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში

საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალაუფლება თანდათან სულ უფრო სუსტდება. სამხედროების სისასტიკით აღშფოთებულმა დემონსტრანტებმა ტრიპოლიში რამდენიმე სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ოპოზიციონერების მხარეს გადავიდა სულ მცირე ორი მფრინავი. ვრცელდება ცნობები, რომ მას შემდეგ, რაც ლიბიის ლიდერმა ჯარს დემონსტრანტებზე იერიშის მიტანა უბრძანა, კადაფის რეჟიმს მნიშვნელოვანი ოფიციალური პირები და დიპლომატები განუდგნენ.

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მის ხელისუფლებას ბევრი ერთგული პირი განუდგა, ორი სამხედრო პილოტი კი მალტაში გაიქცა და აცხადებს, რომ ლიბიის საჰაერო ძალებს ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებისთვის ცეცხლის გახნა უბრძანეს.

გავრცელებული ცნობებით, ლიბიის სამხედრო თვითმფრინავები სამშაბათს მართლაც ბომბავდნენ ტრიპოლის რამდენიმე უბანს და კიდევ მინიმუმ ორ ქალაქს, სადაც, კადაფის გადადგომის მოთხოვნით, აქციები მიმდინარეობს. თვითმხილველები და ოპოზიციური ჯგუფები აცხადებენ, რომ კადაფის მომხრე ძალებმა ასობით ადამიანი დახოცეს რამდენიმე ქალაქში - მათ შორის, ტრიპოლიში და ბენღაზიში. როგორც იუწყებიან, ხალხს განურჩევლად ესვრიან და ტრიპოლის ზოგიერთი უბანი გვამებით არის მოფენილი.

მუამარ კადაფი, ლიბიის ლიდერი
დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა - მათ შორის, გაეროს, აშშ-ის, ევროკავშირის, ირანის, ინდოეთის, ჩინეთისა და ინდონეზიის მხრიდან.

სისასტიკის გაპროტესტების მიზნით, კადაფის რეჟიმს რამდენიმე ყოფილი მოკავშირე და ოფიციალური პირი განუდგა - მათ შორის, ელჩები აშშ-ში, არაბულ ლიგასა და ინდოეთში. გაეროში ელჩის მოადგილემ იბრაჰიმ ალ-დაბაშიმ განაცხადა, კადაფი თვითონ თუ არ გადადგა, მას ლიბიელი ხალხი თავად მოიშორებს თავიდანო.

საჰაერო თავდასხმები დემონსტრანტებზე იმ შეტევის ნაწილია, რომლის ბრძანებაც, გავრცელებული ცნობებით, კადაფიმ პირადად გასცა.

ორშაბათ საღამოს კადაფი მოსახლეობის წინაშე ცოტა ხნით სახელმწიფო ტელევიზიით წარდგა, მისი ვენესუელაში წასვლის შესახებ ხმების გაფანტვის მიზნით.

ტელევიზიით აჩვენეს სამხედრო მანქანაში მჯდომი კადაფი, რომელსაც მანქანის კარი ღია ჰქონდა, ხელში ქოლგა ეჭირა და იმ ახალგაზრდებს აქებდა, ვინც ტრიპოლის ცენტრში მისი მხარდამჭერი აქცია გამართა: „მინდა გაჩვენოთ, რომ ტრიპოლიში ვიმყოფები და არა ვენესუელაში. არ დაუჯეროთ მოღალატე ძაღლების ხელში მყოფ საინფორმაციო არხებს. მინდოდა რაიმე მეთქვა მწვანე მოედანზე მყოფი ახალგაზრდებისთვის - მინდოდა მათთან ერთად დავრჩენილიყავი გვიანობამდე, მაგრამ წვიმა დაიწყო. მადლობა ღმერთს, კარგია ასე.“

ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია ცდილობს უარყოს ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალები და მთავრობის თვითმფრინავები დემონსტრანტებს ხოცავენ.

არადა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, კადაფის 41-წლიანი მმართველობისთვის უპრეცედენტო ამბოხების ჩახშობის მიზნით სამთავრობო ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 400-მდე ადამიანი მოკლეს.

კადაფის რეჟიმის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა მწვავე კრიტიკული განცხადებებით გამოდის. ორშაბათს, გვიან საღამოს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა შემდეგი განაცხადა: „ლიბიის ხელისუფლება დემონსტრანტებს სამხედრო თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან ესვრის. ეს მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.“

ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ნევი პილაი გამოვიდა მოწოდებით, ლიბიის მთავრობის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის თაობაზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. პილაიმ, რომელიც უწინ სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლე იყო, გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმობილია ძალადობა. პილაის განცხადებით, „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემატური თავდასხმები შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს გაუტოლდეს.“

პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ლიბიის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა საზღვრები გაუხსნან ლიბიელ ლტოლვილებს.

ლიბიის კრიზისის ირგვლივ დღეს სხდომებს მართავენ გაეროს უშიშროების საბჭო და არაბული ლიგა.
XS
SM
MD
LG