Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებს შეშა უთავდებათ


ხურვალეთის დევნილთა დასახლება
ხურვალეთის დევნილთა დასახლება
დევნილების დიდ ნაწილს შეშა გამოელია; ნაწილს კი რამენიმე დღის მარაგი დარჩა. ხელისუფლებამ, დევნილთა იმ დასახლებებში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი, შეშა რამდენჯერმე შეიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ხურვალეთის დევნილთა დასახლება მინდორშია გაშენებული და მუდმივად ქარი ქრის. იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოტეჯების გათბობა უჭირთ. თებერვალი ყველაზე ცივი და უხვნალექიანი გამოდგა და, ეკონომიის მიუხედავად, შეშა მაინც სწრაფად გათავდა. დევნილებს ჯერ ვერავინ ეუბნება კიდევ მიუტანენ საწვავს თუ არა. ვიოლეტა ქოხაშვილს ეზოში რამდენიმე კუნძიღა შემორჩა, ამიტომ ცდილობს შეშა მარტამდე გამოიზოგოს.

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს. დასახლებასთან ახლოს არც ტყის მასივია, რომ დევნილებმა შეშა იქ მოჭრან, ამიტომ იძულებით გადაადგილებული პირები ახლა ფიჩხს აგროვებენ. ხურვალეთელებმა სოფლის მამასახლისი საქმის კურსში უკვე ჩააყენეს, რომელმაც დახმარებისთვის დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მიმართა.

დევნილების ინფორმაციით, მარტში ხელისუფლება დასახლებაში საწვავის კიდევ ერთი პარტიის შეტანას გეგმავს. მანამდე კი იქ მაცხოვრებლების ნაწილი ნათესავების იმედად იქნება, ნაწილი კი გამოდარებას დაელოდება.
XS
SM
MD
LG