Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა, 23 თებერვალი 2011

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას დავიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც დღეს მიგრაციის საკითხებს უთმობს განსაკუთრებით დიდი ადგილს. წელს უცხოეთიდან დეპორტირებულთა რაოდენობა მოიმატებსო, - წერს გაზეთი და მიზეზად ევროკავშირთან დადებულ რეადმისიის ხელშეკრულებას ასახელებს, რომელიც მარტიდან ამოქმედდება.

„რეზონანსი“ დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძეს გაესაუბრა, რომელიც აკრიტიკებს „საქსტატის“ მონაცემებს და ამბობს, მართალია, ოფიციალური მონაცემებით, მიგრაციის სალდო დადებითია, ანუ საქართველოში მეტი შემოდის, ვიდრე აქედან გადის, მაგრამ ეს სტატისტიკა სანდო არ არის და, სავარაუდოდ, მიგრაციის სალდო უარყოფითიაო. სულაბერიძე „საქსტატს“ მიგრაციის დათვლის მეთოდოლოგიის უქონლობაში ადანაშაულებს. მიგრაციის თემას ”რეზონანსი” მეორე სტატიაშიც განაგრძობს და აქვეყნებს ინტერვიუს ემიგრაციის საკითხებში სახალხო ომბუდსმენ ნინო ცხოიძესთან, რომელიც ამბობს, უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით წასულთა რიცხვი გაიზარდაო.

ქართული პრესა კვლავინდებურად ბევრს წერს იმის შესახებ, თუ ვინ ვის ადანაშაულებს ოპოზიციაში ფულის აღებასა და მთავრობასთან შეკვრაში. დღეს განსაკუთრებით „ვერსია“ გამოირჩევა მსგავსი სტატიების სიუხვით. აქ ქვეყნდება ჟურნალისტ ელისო კილაძის მორიგი ბრალდებები ოპოზიციონერების მიმართ - ამჯერად ლაპარაკია ჯაბა ჯიშკარიანსა და ვახტანგ ბეგიაშვილზე, ქართული პარტიის ადმინისტრაციის უფროსზე.

”პოლიტიკური თამაშების” რუბრიკით ”ვერსია” აქვეყნებს აგრეთვე ლეიბორისტების მამხილებელ პუბლიკაციას, რომელიც ანონიმ წყაროს ეყრდნობა. ამ წყაროს ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი შიდა და გარე ძალებისგან არაერთხელ აიღეს ფული კონკრეტული გარიგების საფასურად. თავად ლეიბორისტები ამავე სტატიაში ამბობენ, ჯერ წყარო დაასახელეთ და კომენტარს მერე გავაკეთებთო.

”ახალი თაობა”ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის სათაურიცაა ”სოფლის მეურნეობის მინისტრი ნიანგებზე არ უნდა საუბრობდეს”. ”კვეზერელი საქართველოს მთავრობაში აქილევსის ქუსლია”, - ამბობს პაპავა. ”არავის მოუსმენია მისი მხრიდან ჩამოყალიბებული კონსტრუქციული ხედვა დარგის განვითარების შესახებ. ხალხს ეცინება ბაყაყების თათების ექსპორტსა და ნიანგების ფერმაზე სამეგრელოშიო”, - უთხრა ლადო პაპავამ ”ახალ თაობას”.

დაბოლოს, ”24 საათი” სვამს შეკითხვას,”რა ვიცით პენ-კლუბის გეგმებზე”, და თავადვე პასუხობს პუბლიკაციაში, რომელშიც მწერალთა ამ ორგანიზაციის მოკლე ისტორიაა მოთხრობილი და პენ-კლუბის ახალი პრეზიდენტის, პოეტ რატი ამაღლობელის, კომენტარიცაა მოყვანილი მისი დაარსების მიზეზებისა და ამოცანების შესახებ. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ ”24 საათში” წაიკითხოთ.
XS
SM
MD
LG