Accessibility links

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრები ნადგურდება


ფოტოგამოფენა

ფოტოგამოფენა

”ოშკი და იშხანი საფრთხეშია” - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც დეტალურად არის აღბეჭდილი თურქეთში - ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - არსებული ქართული ტაძრების მდგომარეობის სიმძიმე. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათი საბოლოო განადგურების შანსი დიდია, ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, სააგენტოს ხელმძღვანელი.

ხელოვნებათმცოდნეების, რესტავრატორების, ისტორიკოსებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარმა 24-კაციანმა ჯგუფმა თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ერთდღიანი მოგზაურობის შედეგები ფოტოკადრებად აქცია. განადგურების პირას მყოფი ოშკისა და იშხნის ფერად ფოტოებს ხანძთისა და ოთხთა ეკლესიის ფოტოები აკლია.
ფოტოგამოფენა

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე გვეუბნება, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხანძთასა და ოთხთა ეკლესიასთან მიახლოება ვერ შევძელითო. ხოლო ის სურათი, რაც ოშკში დახვდათ ასე გამოიყურება: ”მესამეჯერ ვიყავი ტაო-კლარჯეთში და მესამედ ვნახე ოშკი, თუმცა ამჯერად ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. ოშკში კატასტროფული ვითარებაა.”

დაზიანებულია ოშკის საყრდენი სტრუქტურები, გამონგრეულია გუმბათის ჩრდილო-დასავლეთის აფრა, მთლიანად არის დაბზარული გუმბათის ყელი, გვიხსნის გიორგი გაგოშიძე და იქვე იშხანში არსებულ რთულ მდგომარეობასაც აღწერს: ”სამხრეთ-დასავლეთ კარიბჭის - ერთ-ერთი ულამაზესი კარიბჭის - სვეტი ჰაერშია გამოკიდებული, დაბზარულია გრძივი კედლები. ძალიან მძიმე დღეშია იშხანიც. ყველა კამარა ჩაქცეულია, გუმბათი კი მხოლოდ და მხოლოდ სვეტებზე დგას. ამ ორივე ეკლესიაში არის მაღალი დონის მხატვრობა. ეს ყველა ძეგლი არის პიკი ქართული არქიტექტურის, ქართული მხატვრობის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოშკის მსგავსი არქიტექტურული ძეგლი მეათე საუკუნეში არ აშენებულა ბიზანტიურ სამყაროსა და აღმოსავლეთ ქრისტიანობაში. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ასეთივე დატვირთვა აქვს იშხანსაც...”
ოშკი

ოშკსა და იშხანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, ასეთი პირველადი გადაუდებელი დახმარება კი ძალოვანი ხარაჩოს დაყენებააო, გვიხსნის ივანე გრემელაშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი, და ის იმ ე.წ. პროცედურებზე საუბრობს, რომელიც ოშკისა და იშხნის დროებითი გამაგრებისათვის არის საჭირო.

”ინტერიერში მთლიანად განთავსდება ძალოვანი ხარაჩოები, რომელიც, გუმბათის ყელის ჩათვლით, მთლიანად შეავსებს შიდა ინტერიერს. გარედან კი მოვაწყობთ დროებით სარტყლებს. ეს ცოტა ხნით მაინც მისცემს საშველს ტაძარს და არ ჩამოიშლება. ამის შემდეგ დაიწყება კვლევა, პროექტის საფუძველზე კი გაგრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები”, - აღნიშნავს ივანე გრემელაშვილი.
ჩვენ გვინდა ჩვენი სიძველეები გადავარჩინოთ. ბუნებრივია, თურქეთის მხრიდანაც არის სურვილი, რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს მუსლიმანურ რელიგიასთან დაკავშირებულ ძეგლებს...

თუმცა ივანე გრემელაშვილის მიერ წარმოდგენილი სარესტავრაციო სამუშაოები მანამდე ვერ განხორციელდება, სანამ ხელი არ მოეწერება თურქეთსა და საქართველოს შორის სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება. ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ამის შესახებ ჯერ კიდევ ათი დღის წინ განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და მისმა თურქმა კოლეგამ თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, თუმცა ცნობილია, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქეთში - ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - არსებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე: ხანძთაზე, ოშკზე, იშხანსა და ოთხთა ეკლესიაზე. სანაცვლოდ კი საქართველოში იგეგმება სამი მეჩეთის რესტავრაცია, ხოლო დამწვარი აზიზიეს ნაცვლად ახალი მეჩეთის აშენება.

აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომ - ისინი ხახულისა და არდაშენის გადმოცემის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე მეჩეთების აღდგენა-მშენებლობას გაუმართლებლად მიიჩნევენ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს საპატრიარქოს კონსტრუქციულობის იმედი აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

”ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტი ხელშეკრულებისა, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს შორის იდება და გაცვლით და ურთიერთსარგებლობის პრინციპზეა აგებული. ჩვენ გვინდა ჩვენი სიძველეები გადავარჩინოთ. ბუნებრივია, თურქეთის მხრიდანაც არის სურვილი, რომ რესტავრაცია ჩაუტარდეს მუსლიმანურ რელიგიასთან დაკავშირებულ ძეგლებს. ვფიქრობ, საპატრიარქო ძალიან კონსტრუქციულად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და შეხედავს ისე, რომ ეს ძეგლები მართლაც გადასარჩენია და, თან, დაუყოვნებლივ”, - ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
თუ რომელიმე ძეგლი დაინგრა, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩვენი თაობის სირცხვილი და ამას მომავალი არაფრით არ გვაპატიებს...

ოშკსა და იშხანში გადაღებული ფოტოების ერთ-ერთი ავტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, ისტორიულ ტაო-კლარჯეთს პირველად არ სტუმრობდა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ხუროთმოძღვრების ძეგლების განადგურება ისტერიული პროგრესით მიმდინარეობს, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათო, ამბობს ის: ”თუ რომელიმე ძეგლი დაინგრა, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ჩვენი თაობის სირცხვილი და ამას მომავალი არაფრით არ გვაპატიებს. მე ძალიან მადლიერი ვარ თურქული მხარის, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო ”.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, ხელშეკრულება თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ მაისის ბოლომდე გაფორმდება, უკვე ზაფხულში კი სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყება.
XS
SM
MD
LG