Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმძღვანელოების გრიფირების წესი გამკაცრდა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ გრიფირების მიზანია სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვანა, ანუ გაუმჯობესება შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად. თუმცა ჯერჯერობით სადავოდ რჩება გამომცემლობებთან სამინისტროს ურთიერთობა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, განმარტებით, საჯარო სკოლებში 2011 წლიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამუშავდება. გეგმასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს დაწყებითი საფეხურის, ანუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სახელმძღვანელო. შესაბამისად, სამინისტრო კონკურსს აცხადებს სახელმძღვანელოებზე, რომელთაც სახელმწიფო გრიფი მიენიჭება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი

”1 მარტიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს გრიფირებაზე სახელმძღვანელოების მიღებას, იმისათვის რომ სკოლებში შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახელმძღვანელოები. გრიფირების წესი გამკაცრდა. მე არ ვამბობ, დარჩება ერთი თუ სამი სახელმძღვანელო, მაგრამ დარჩება მხოლოდ კარგი”, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.

გრიფირების ახალი წესის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება უკვე არა მხოლოდ გამომცემლობებს, არამედ ავტორთა ჯგუფებს ან მხოლოდ ერთ ავტორს ექნება. ამით სამინისტრო კონკურსში მონაწილეთა არეალს ზრდის. განსხვავება წინა წლებში არსებული პრაქტიკისგან ისიც არის, რომ კონკურსზე წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმძღვანელოების სერიები იმ საგნებში, რომლებიც ერთ წელზე მეტხანს ისწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი, ნათია ჯოხაძე, განმარტავს სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიზნებს:

”სახელმძღვანელო კონცეპტუალურად ერთი იდეის ქვეშაა გაერთიანებული. შეფასებისას ჩვენ გავითვალისწინებთ არის თუ არა მეორე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო ლოგიკური გაგრძელება იმავე სერიის პირველი კლასის სახელმძღვანელოსი, ამეორებინებს თუ არა განვლილ მასალას მოსწავლეს და მასზე დაფუძნებით აწვდის თუ არა ახალ მასალას.”
ყველაზე რთული იმის განსაზღვრაა, ”გლახის ნაამბობი“ მეექვსე კლასში უნდა ვასწავლოთ თუ მეშვიდეში...

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ მოთხოვნასაც: ჰუმანიტარული საგნების სახელმძღვანელოებში 60 პროცენტი სავალდებული შინაარსის უნდა იყოს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნეში 80 და მეტი პროცენტი უნდა აკმაყოფილებდეს სავალდებული შინაარსს, დანარჩენი კი ავტორთა გემოვნების საკითხია. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის ნათია ჯოხაძის განმარტებით, ასეთი მოთხოვნის დაწესება სასწავლო პროცესს ერთიან სტანდარტულ სქემაში მოაქცევს:

”ყველაზე რთული იმის განსაზღვრაა, ”გლახის ნაამბობი“ მეექვსე კლასში უნდა ვასწავლოთ თუ მეშვიდეში. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა საფეხურზე მიბმული პროგრამა, ანუ საშუალო და საბაზო პროგრამულ საფეხურზე მიბმული პროგრამებია, სადაც არის ნუსხა, ჩამონათვალი იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სავალდებულოა, რომ იყოს ყველა სახელმძღვანელოში შეტანილი.”
ყველაფერი მაინც საერთო ეროვნული გამოცდებისკენ მიდის და ეს კარგია, რომ იქნება ერთიანი პროგრამა...

ექსპერტი განათლების საკითხებში, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორი ნათელა სახოკია, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ლოგიკურს და გამართლებულს უწოდებს:

”ლოგიკურია და კარგია, რომ ასეთი უნიფიცირება მოხდა, ყველაფერი მაინც საერთო ეროვნული გამოცდებისკენ მიდის და ეს კარგია, რომ იქნება ერთიანი პროგრამა.”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია გრიფირების ახალი წესი, თუმცა მუშაობის პროცესში სახელმძღვანელოების გამომცემელთა უკმაყოფილებას იწვევდა რამდენიმე პუნქტი - მაგალითად, ის, რომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს საავტორო უფლების თანამესაკუთრე ხდება განათლების სამინისტრო. ნათია ჯოხაძე აცხადებს, რომ ასე სამინისტრო ბაზარზე სახელმძღვანელოების ფასის რეგულაციას მოახდენს და წიგნების ხელოვნურ დეფიციტს შეუშლის ხელს, თუმცა კონკრეტულად როგორ განხორციელდება ეს, ამ ეტაპზე პასუხი არ არსებობს.

წიგნის გამომცემელი ბაკურ სულაკაური, რომელიც სახელმძღვანელოებსაც გამოსცემს, აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ ამ თვალსაზრისით, თუმცა სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობას მისი გამომცემლობა მაინც აგრძელებს:
თუ გრიფირების წესი ჩვენთვის მიუღებელი იქნება, აღარ შევიტანთ განაცხადს და, უბრალოდ, წყალში გადაყრილი იქნება ჩვენი შრომა...

”პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები უკვე გაკეთებული გვქონდა. იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კონკურსისთვის მოგვესწრო, მხოლოდ თითო წიგნის გაკეთება გვჭირდებოდა და რადგან ეს არ იყო რთული ამოცანა და, მით უმეტეს, ავტორებს ნამუშევარი ჰქონდათ, გავრისკეთ და, მიუხედავად იმისა, რომ გრიფირების წესის შესახებ არაფერი ვიცოდით, დავასრულეთ, მაგრამ, აი, მერე რა იქნება, როგორ იქნება... უბრალოდ, თუ გრიფირების წესი ჩვენთვის მიუღებელი იქნება, აღარ შევიტანთ განაცხადს და, უბრალოდ, წყალში გადაყრილი იქნება ჩვენი შრომა.”

სხვა გამომცემლობები კომენტარისგან თავს იკავებენ, მაგრამ პირად საუბარში აცხადებენ, რომ თუ სამინისტროს მხრიდან თანამესაკუთრეობის საკითხი არ გაირკვა, შესაძლოა, ძალიან ბევრმა გამომცემლობამ სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე უარი განაცხადოს. აქ კი შემდეგი საკითხი იგულისხება: თუ კონკრეტული სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე განათლების სამინისტრო გახდა, მას შეუძლია რომელიმე გამომცემელს ან იურიდიულ პირს ამ სახელმძღვანელოს დაბეჭდვის უფლება მისცეს. ამ პირს აქვს ვალდებულება, რომ დაბეჭდილი წიგნების გაყიდვიდან მოგების 25 პროცენტი თავდაპირველ გამომცემლობას მისცეს, თუმცა გამომცემლობები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ასეთი თანხების დათვლა დასჭირდებათ და რეალურად ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG