Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კოჯორთან დაღუპული იუნკრები გაიხსენეს


იუნკრების ხსოვნის აღსანიშნავი მემორიალური დაფის გახსნა
იუნკრების ხსოვნის აღსანიშნავი მემორიალური დაფის გახსნა
ამ კვირაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, ანუ ქვეყანაში წითელი არმიის შემოსვლიდან, 90 წელი გადის. 90 წლის წინ, სწორედ ამ დროს, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში გამართულ ბრძოლებს არაერთი ახალგაზრდა იუნკრის სიცოცხლე შეეწირა. მათი ნაწილი დაკრძალულია საქართველოს პარლამენტის ეზოში, სადაც მათი ხსოვნის აღსანიშნავი მემორიალური დაფა დგას. 23 თებერვალს კიდევ ერთი ასეთი სიმბოლური დაფა აღმაშენებლის გამზირზე სწორედ იმ შენობაზე გააკრეს, სადაც 1919-დან 1921 წლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერთა სკოლა იყო განთავსებული.
იუნკრების ხსოვნის აღსანიშნავი მემორიალური დაფის გახსნა

სანამ 25 თებერვალს, უკვე ოფიციალურად, ოკუპაციის დღეს აღნიშნავდეს, მანამდე ორი დღით ადრე საქართველო კოჯორ-ტაბახმელას ხუთდღიან ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებს იხსენებს. 1919 წელს დაარსებული სამხედრო სკოლის იუნკრების სახელი ისტორიაში 1921 წლის თებერვლის ბრძოლების შემდეგ შევიდა. რუსული არმიისა და ბოლშევიკების მხარეს მებრძოლი ქართველების პირისპირ თბილისის მისადგომებთან დედაქალაქის დასაცავად ათობით 20-23 წლის იუნკერი იბრძოდა. მათ ხსოვნას 23 თებერვალს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი პარლამენტის ეზოში, სადაც ათი მათგანია დაკრძალული და მათი სახელობის მემორიალური დაფაც დგას.
ივანე ჯავახიშვილი იდგა პირველი კორპუსის მთავარ შესასვლელთან, იქვე იყო საქართველოს რესპუბლიკის დროშა, რომელსაც ჰკოცნიდნენ მოხალისეები და ისე მიდიოდნენ ფრონტზე...

90 წლის წინანდელ ამბავს ისტორიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ასე მოგვითხრობს: ”როდესაც ცნობილი გახდა, რომ წითელი არმია საქართველოს დასაპყრობად წამოვიდა, აქ დიდი მოძრაობა დაიწყო და, პირველ რიგში, იუნკრების ვაჟკაცობა უნდა აღინიშნოს. თითქმის მთლიანად იუნკერთა სასწავლებლის ახალგაზრდობა წავიდა ფრონტზე. ივანე ჯავახიშვილი იგონებს, დარბაზში შევედი და მასწავლებლებს და სტუდენტებს მივმართე, მე, როგორც უნივერსიტეტის რექტორი, უნდა მოგიწოდებდეთ, შეხვიდეთ აუდიტორიებში და ისწავლოთ, მაგრამ სამშობლო საფრთხეშია და ვისაც სურვილი ექნება, მოხალისედ წავიდესო... ასეც მოხდა. ძალიან ბევრი სტუდენტი წავიდა მოხალისედ, მათ შორის, ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი - მარო მაყაშვილი. ივანე ჯავახიშვილი კი იდგა პირველი კორპუსის მთავარ შესასვლელთან, იქვე იყო საქართველოს რესპუბლიკის დროშა, რომელსაც ჰკოცნიდნენ მოხალისეები და ისე მიდიოდნენ ფრონტზე.”

ქართველი იუნკრების საგმირო საქმეებზე არაერთი ცნობა არსებობს. ხშირად იხსენებენ 22 წლის შალვა ერისთავის გმირობასაც - ის თურმე საკუთარი სხეულით გადაეფარა მტრის ტყვიამფრქვევს. მისი დის შვილიშვილი, თამარ აშხაცავა, დღეს იხსენებს: ”გენერალ ალიკა ჩხეიძეს უწერია, მე ასეთი ლამაზი სიკვდილი არ მინახავსო... ასეთი რამ ხომ მხოლოდ სამშობლოს უდიდესი სიყვარულით ხდება..."
დღიურიდან ვიცი, რომ დედამ ბოლო წუთამდე არ იცოდა შვილის სიკვდილის შესახებ, წერდა, ჩვენი შვილები, ჩემი ოსიკა და მისი მეგობრები მედგრად იცავენ სამშობლოსო...

მანანა თუმანიშვილს საკუთარი ბიძის, იუნკრების კაპიტნის, 27 წლის მიხეილ თუმანიშვილის შესახებ მამისგან სმენია: ”მამაჩემი გვიამბობდა ამ ამბებს: ის მაშინ 21 წლის კადეტი იყო, მიხეილი კი - მისი უფროსი ძმა. როცა ეს ამბავი მოხდა, მამაჩემმა ტაბახმელაში ააკითხა თურმე და დაჭრილი დახვდა, მაგრამ არ წამოჰყვა, უკან გააბრუნა თურმე. როდესაც დააგვიანდა და ისევ მიაკითხეს, ნახეს, რომ ქვემეხში ჰქონდა ფეხები ჩაჭედილი, რომ არ ამუშავებულიყო და მტერს ხელში არ ჩაეგდო...”

ჯანდიერების ოჯახში კი დღემდე ინახება იუნკერ ოსიკო ჯანდიერის ფოტო, სადაც მას სამხედრო ფორმა აცვია, მუნდირს კი თეთრი გიორგის ჯვარი უმშვენებს. ეს მისი ბოლო, 1921 წელს გადაღებული, ფოტოა, რომელზეც ის 20 წლისაა. მისი ძმისშვილი, ეკა ჯანდიერი, მოგვითხრობს: ”ჩვენს ოჯახში შენახულია ოსიკოს დედის, ანუ ჩემი ბებიის, დღიური, თუ რა ხდებოდა იმ დღეებში თბილისსა და მის შემოგარენში და იმ დღიურიდან ვიცი, რომ დედამ ბოლო წუთამდე არ იცოდა შვილის სიკვდილის შესახებ, წერდა, ჩვენი შვილები, ჩემი ოსიკა და მისი მეგობრები მედგრად იცავენ სამშობლოსო.”

ცოტა ხნის წინ გურიაში თებერვლის ბრძოლების დროს დაღუპული კიდევ ერთი იუნკრის, მაკარ ბურჭულაძის, საფლავის შესახებ გახდა ცნობილი. საფლავის ქვის ბარელიეფს დღემდე ეტყობა ნატყვიარები.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG