Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში სამხედროებს შორის დაპირისპირებაა


საპროტესტო აქცია ლიბიაში
საპროტესტო აქცია ლიბიაში
ერთკვირიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ვითარება მთელი ლიბიის მასშტაბით უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად მუამარ კადაფის მოწოდებისა, რომ მისმა მომხრეებმა უკუაგდონ დემონსტრანტები, იტყობინებიან, რომ ორად გაიხლიჩა არმია. ლიბიის პრეზიდენტის მომხრეებმა ასევე დაკარგეს კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთზე და მხოლოდ დედაქალაქ ტრიპოლის ცალკეულ ნაწილებს აკონტროლებენ.
რა თქმა უნდა, ხალხი უიარაღოა და, ვფიქრობ, რომ ლიბიაში უკვე გენოციდი დაიწყო და კადაფის განცხადება ეს იყო შიფრი მისი კოლაბორაციონისტებისათვის, რომ დაიწყონ გენოციდი ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ...

ვინაიდან დასავლეთის მედიას აკრძალული აქვს ლიბიაში შესვლა, ძნელი დასადგენია, თუ რა ხდება ზუსტად ქვეყნის დასავლეთში, სადაც, როგორც ზოგიერთი რეპორტიორი იუწყება, უცხოელი დაქირავებულებით გაძლიერებული კადაფის მომხრეები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ კონტროლს, მათ შორის, ტრიპოლის ცალკეულ ნაწილებზე. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ლიბიის ელჩის მოადგილემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იბრაჰიმ დაბაშიმ, რომელიც კადაფის რეჟიმს განუდგა. ლიბიელი დიპლომატი შიშობს, რომ 22 თებერვალს მუამარ კადაფის მრისხანე გამოსვლის შემდეგ, როდესაც დიქტატორმა „ვირთხები“ და „ტარაკნები“ უწოდა დემონსტრანტებს, ლიბიის რეჟიმი არაფერზე უკან არ დაიხევს:

„რა თქმა უნდა, ხალხი უიარაღოა და, ვფიქრობ, რომ ლიბიაში უკვე გენოციდი დაიწყო და კადაფის განცხადება ეს იყო შიფრი მისი კოლაბორაციონისტებისათვის, რომ დაიწყონ გენოციდი ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ.“
მუამარ კადაფი

მუამარ კადაფის რეჟიმი ადასტურებს, რომ, ერთკვირიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციებისა და შეტაკებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 300 კაცი დაიღუპა, თუმცა იტალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 1 000-ს აღწევს. ონლაინ გამოცემა „კორუნა“ იუწყება, რომ ლიბიის არმიის საკმაოდ დიდი შემადგენლობა დაბანაკებულია ქალაქ საბრათაში, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

თუმცა სამხედროებისა და ოფიცრების ნაწილი გამოვიდა მუამარ კადაფის დაქვემდებარებიდან და მათ „როიტერსის“ კორესპონდენტს დაუდასტურეს, რომ ლიბიის აღმოსავლეთი ნაწილი აღარ ექვემდებარება კადაფის რეჟიმს. სამდღიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეები ქალაქ ტორბუკში მთელი განვლილი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ უშიშროების ძალების დასუსტებას, რაც არმიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად აღიქმება.
შეერთებული შტატები შეშფოთებით ადევნებს თვალს ლიბიაში შექმნილ ვითარებას...

თუმცა მუმარ კადაფი 22 თებერვალს დაემუქრა თავის მოწინააღმდგეებს, რომ გაწმენდს ლიბიას „თითოეულ სახლამდე.“ კადაფის ამ მუქარას სერიოზული შეშფოთება მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დაგმო სამხედრო ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ:

„შეერთებული შტატები შეშფოთებით ადევნებს თვალს ლიბიაში შექმნილ ვითარებას. ჩვენს ფიქრებსა და ლოცვებში არიან დაღუპულები და მათი საყვარელი ადამიანები და ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც მკაცრად დაგმო ძალადობა, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაზიანდა.“

დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო ძალისა და ავიაციის გამოყენება მკაცრად დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელიც 22 თებერვალს საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა. თუმცა დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე არ მიუღიათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, გარდა ზოგიერთი დიპლომატის მოსაზრებისა, ლიბიას დაუწესდეს სანქციები და დაიხუროს ლიბიის საჰაერო სივრცე, რათა კადაფის არ მიეცეს საშუალება შემდგომშიც გამოიყენოს ავიაცია დემონსტრანტთა წინააღმდეგ.
ტრიპოლის აეროპორტთან შეკრებილი ხალხი ლიბიიდან გამგზავრების მოლოდინში

ამასობაში მუამარ კადაფის რიგებს კვლავ ტოვებენ მისი მომხრეები. დღეს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა მუამარ კადაფის შვილის, საიფ ალ ისლამ კადაფის მრჩეველმა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ საკუთარი მოქალაქეების გაყვანას ლიბიიდან. თურქეთმა დღეს საკუთარი 3 000 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა. ამერიკელი მოქალაქეების საევაკუაციოდ მზადყოფნაში იმყოფება შეერთებული შტატების მიერ დაქირავებული ბორანი ტრიპოლის პორტში. ლიბიის სანაპიროებთან მოქალაქეთა საევაკუაციოდ სამხედრო გემი გაგზავნა ბრიტანეთმაც. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ კი შეშფოთება გამოთქვა, რომ, კადაფის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში, ლიბიიდან იტალიას, შესაძლოა, 300 000-მდე დევნილი მიაწყდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG