Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიისა და შუა აზიისთვის გამოყოფილი აშშ-ის დახმარების შემცირების ფონზე, საქართველო კვლავ დიდ თანხას იღებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს - ამ ქვეყნის მთავრობის სხვა უწყებებისგან განსხვავებით - ბიუჯეტის დაზოგვა ძლიერად არ უწევს, თუმცა გარკვეული მოდიფიკაციები მასაც სჭირდება - მათ შორის, ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანისთვის თანხების გამოთავისუფლების მიზნით. ამას კი 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში კავკასიისა და შუა აზიის დახმარებისთვის გამოყოფილი ფინანსების შემცირება მოჰყვა. თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველო მომავალ წელს, სამოქალაქო დახმარების სახით, თითქმის 67 მილიონ დოლარს მიიღებს - ყველაზე დიდ თანხას, ვიდრე კავკასიის ან შუა აზიის რომელიმე სხვა ქვეყანა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, 14 თებერვალს კონგრესს 2012 წლის, 3.7 ტრილიონი დოლარისგან შემდგარი, ბიუჯეტის პროექტი გაუგზავნა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი მიმდინარე ათწლეულის განმავლობაში დეფიციტის 1.1 ტრილიონი დოლარით შემცირებას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ბიუჯეტის პროექტის სხვადასხვა ასპექტის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს როგორც აშშ-ში, ისე მის საზღვრებს გარეთ. სახელმწიფო დეპარტამენტის და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-სთვის გამოყოფილ თანხებს შეისწავლიან იმის გასაგებად, თუ რა ფორმით შეიძლება აისახოს ვაშინგტონის ფინანსური სირთულეები საგარეო დახმარებაზე.

სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, მისი დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტში „თითოეული დოლარია გაანალიზებული, დაზოგვის მიზნით“. დაფინანსების მოდიფიკაციისა და ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანის დასახმარებლად თანხების გამოთავისუფლებისთვის ადმინისტრაცია გამოდის წინადადებით, 115 მილიონი დოლარით შეიკვეცოს ევროპის, ევრაზიისა და შუა აზიის დაფინანსება.

ანალიტიკოსების აზრით, თანხების შეკვეცის მოცულობას თუ დეტალურად, ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებით განვიხილავთ, შესაძლოა წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ როგორ ხედავს ამჟამინდელი თეთრი სახლი რეგიონს.

კავკასიისა და შუა აზიის რვა ქვეყნისთვის 2012 წელს გათვალისწინებული მთლიანი დახმარება დაახლოებით 233 მილიონ დოლარამდე უნდა შემცირდეს, ანუ, 2010 წელს დახარჯულ თანხასთან შედარებით, 4 პროცენტით ნაკლები უნდა იყოს (აქვე აღვნიშნავთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცების პროცესშია).
ვაშინგტონში მომუშავე ხალხის პერსპექტივით, თანხას, რომელიც, შესაძლოა, არც ისეთი დიდი იყოს, საქართველოსა და, შესაბამისად, რეგიონისთვის სტაბილურობის მოტანა შეუძლია...

საყურადღებოა, რომ რეგიონის მასშტაბით შემცირების მიუხედავად, საქართველო მომავალ წელს, სამოქალაქო დახმარების სახით, თითქმის 67 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე კავკასიის ან შუა აზიის რომელიმე სხვა ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის თანმხლებ ახსნა-განმარტებაში ვკითხულობთ, რომ ამ თანხით საქართველოში „გაგრძელდება 2008 წლის რუსეთთან ომის შემდგომ პერიოდში მიღწეული დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუციონალიზაცია.“

ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე კავკასიის საკითხების ექსპერტი, ლინკოლნ მიჩელი, საქართველოსთვის გამოყოფილი მსხვილი დაფინანსების ერთ-ერთ მიზეზად რეგიონალურ ეკონომიკასაც ასახელებს: „საქართველოს შემოსავლის წყაროები არა აქვს. მას, აზერბაიჯანის მსგავსად, ნავთობი არ მოეპოვება, რომ თავად აკეთოს ფული. ეკონომიკას პრობლემები აქვს, ამ დროს კი მას რუსეთთან, ცხადია, არა აქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც, მაგალითად, სომხეთს. მათ ეს ფული სადღაც უნდა იშოვონ. ვაშინგტონში მომუშავე ხალხის პერსპექტივით, თანხას, რომელიც, შესაძლოა, არც ისეთი დიდი იყოს, საქართველოსა და, შესაბამისად, რეგიონისთვის სტაბილურობის მოტანა შეუძლია.“

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სამხედრო სფეროში გასაწევ დახმარებას რაც შეეხება, კავკასიისა და შუა აზიის დაფინანსება 2012 წლისთვის დაახლოებით 8 პროცენტით უნდა შემცირდეს, თუმცა საქართველო მთელი თანხის, ანუ 34 მილიონის, ნახევარზე მეტს მიიღებს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც თუ მოედება, აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს...

აზერბაიჯანისთვის 2012 წელს განსაზღვრული დახმარება 25 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. ანუ 2010 წელს გამოყოფილი 22 მილიონი დოლარი 25 პროცენტით შემცირდება, თუმცა, ლინკოლნ მიჩელის აზრით, ამას ბაქოში დიდი გულისწყრომით არ შეხვდებიან: „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც თუ მოედება, აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს - რეჟიმებს შორის მსგავსების და ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის ძეგლის გათვალისწინებით. ჩემი ვარაუდით, ახლა ბაქოში რომ ვიჯდე, აშშ-ისგან, პირველ რიგში, რეჟიმის მხარდაჭერას ვისურვებდი და არა იმდენად ფულს, იმიტომ რომ ფული ისედაც მაქვს.“

შუა აზიას რაც შეეხება, აშშ-ის დახმარება უნდა შეუმცირდეს ყველა ქვეყანას, გარდა ყაზახეთისა, რომელსაც 2010 წელს მიღებულ 10.4 მილიონ დოლარს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში 35 პროცენტით უზრდიან. ბიუჯეტის პროექტის თანმხლებ ახსნა-გამნარტებაში ამის მიზეზი მოყვანილი არ არის. დახმარება შეუმცირდებათ, თუმცა რეგიონის მასშტაბით მაინც მსხვილ თანხებს მიიღებენ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ვაშინგტონში მომუშავე ექსპერტების აზრით, იმის გამო, რომ ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანისთვის მსხვილი ფინანსური დახმარების გამოყოფის აუცილებლობას ბოლო არ უჩანს, საგარეო დახმარების ბიუჯეტზე ზეწოლა მომავალშიც გაგრძელდება. არსებობს იმისი ალბათობაც, რომ 2012 წლის ბიუჯეტი განხილვისას კიდევ შეიკვეცება. რესპუბლიკელები ამჟამად 2011 ფისკალური წლისთვის შეთავაზებული სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირებაზე მიმართული კანონმდებლობის დამტკიცებას ცდილობენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG