Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები თბილისში


ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი

ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისში ერევნიდან 24 თებერვალს ჩამოფრინდნენ. ამერიკის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებმა პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან გამართეს, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ. რა მიზნით ჩამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები თბილისში?

თავიდანვე ვთქვათ, რომ ამერიკელმა სტუმრებმა თბილისი უკომენტაროდ დატოვეს. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა წინასწარ დაგეგმილი პრესკონფერენციაც, რომელიც მათი გამგზავრების წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა გამართულიყო. სწორედ ამიტომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების თბილისურ შეხვედრებზე ამ შეხვედრების მონაწილეთა მონათხრობის მიხედვით მოგვიწევს მსჯელობა.

ჯეიმს სტაინბერგისა და ფილიპ გორდონის პირველი შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან გაიმართა. 45-წუთიან შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების საელჩო მასპინძლობდა, ძირითადი აქცენტები ადამიანის უფლებების დაცვასთან, სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა.

შეხვედრის მონაწილეთა შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთო-სახალხო მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი:

”პირადად მე ვისაუბრე ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემატიკაზე, მათ შორის, 4 პრობლემაზე. ეს არის: სამოქალაქო ინტეგრაცია, უმცირესობათა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რელიგიური საკითხი და ენა... ვისაუბრე იმაზეც, რომ საჭიროა შევქმნათ სწორი დემოკრატიული კლიმატი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად... და ასევე ვისაუბრე ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობაზე - ვთქვი, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ მოდის დიალოგზე არასამთავრობო სექტორთან...”

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან შეხვედრამ არნოლდ სტეფანიანი მეტად კმაყოფილი დატოვა და, საერთოდ, მისი შთაბეჭდილებით, შეერთებული შტატები აშკარად გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. ამ კონტექსტში მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელი იხსენებს 16 თებერვალს შემდგარ ვიდეოკონფერენციას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 20 ქვეყნის რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა. სწორედ 16 თებერვალს გამოაცხადა ჰილარი კლინტონმა ”სტრატეგიული დიალოგის” წარმართვის აუცილებლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროცესის ერთგვარი მეურვეობა ამერიკის ელჩებს დაავალა.

სახალხო დამცველი მხოლოდ მოხარული იქნება, თუკი შეერთებული შტატები უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, თუმცა გიორგი ტუღუში თვლის, რომ ამ სექტორს ვაშინგტონის ყურადღება და მხარდაჭერა არც მანამდე აკლდა.

რაც შეეხება 24 თებერვალს გამართულ შეხვედრას, სახალხო დამცველის თქმით, შეხვედრა ხანმოკლე იყო ყველა იმ პრობლემური საკითხის ვრცლად განსახილველად, რომელიც შეხვედრის მონაწილეებმა წამოჭრეს. თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ომბუდსმენის აზრით, მონაწილეებს საკუთარი პოზიციისა და ხედვის გამომჟღავნების საშუალება საკმაოდ ბევრ საკითხთან მიმართებით მისცა:

”იყო შეკითხვები ასევე სტუმრების მხრიდან, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ, ვთქვათ, იმავე მიმდინარე რეფორმებს, რამდენად წარმატებულია ისინი და რა პრობლემები აღინიშნება. სასამართლო სისტემის საკითხების გარდა, სტუმრებს ასევე ზოგადად აინტერესებდათ იგივე საკონსტიტუციო რეფორმა თუ იგივე მედიის თემები. საკითხების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო მოცული...”

სახალხო დამცველსა და საზოგადოებრივ სექტორთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები - ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი - მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო, სადაც საქმიანი ლანჩის ფორმატში გამართული საუბრის ძირითად აქცენტს ორი ქვეყნის სულ უფრო მზარდი პარტნიორული ურთიერთობები წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და ვიცე-პრემიერი ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომლის თქმითაც, შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი იქნა განხილული:

”ფართო სპექტრი იქნა მიმოხილული - დაწყებული ორმხრივი ურთიერთობებიდან და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესრულებიდან, დამთავრებული ეკონომიკური ურთიერთობებით... საუბარი იყო საგარეო ფაქტორებზეც, მათ შორის, საუბარი იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც. ხაზი გაესვა, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და თანამშრომლობა უნდა იქნეს გააქტიურებული იმ მიზნით, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, ასევე იქ მიმდინარე შეიარაღებაზე, მათ შორის, იმ თავდასხმით შეიარაღებაზე, რომლის განლაგებასაც რუსეთი ახდენს ამ რეგიონებში. და ასევე იყო საუბარი რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს თანამშრომლობაზე მეზობელ ქვეყნებთან...”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისის დროით დაახლოებით 3 საათზე საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრნენ. ამის შემდეგ კი ჯეიმს სტაინბერგი მასშტაბური ტურნეს ფარგლებში გზას უკვე ალბანეთისა და ბოსნიისკენ განაგრძობს.
XS
SM
MD
LG