Accessibility links

„ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პატიმრის ჩვენების საფუძველზე, ტელეკომპანია „იმედის“ მახლობლად დაწყობილი ნაღმების გაუვნებელყოფა მოხერხდა“. - ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით, ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორია ბრალდებულმა გოგიტა ერქვანიამ 2010 წლის ოქტომბერში რუსეთის მოქალაქის ევგენი ბორისოვის მითითებით დანაღმა. სულ, თბილისში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებისა და მოწყობის ბრალდებით ათამდე ადამიანია დაკავებული.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა გახსნილად შემოდგომაზე განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საქმე. აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიებას მაშინვე აღიარებითი ჩვენება მისცა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ გოგიტა არქანიამ. მასვე ეკუთვნის მორიგი აღიარება, რომლის წყალობითაც, 24 თებერვალს, გამთენიისას, ნანახი და გაუვნებელყოფილი იქნა ტელეკომპანია „იმედის“ მახლობლად დალაგებული ნაღმები. ბრალდებულის ჩვენების ამსახველი კადრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„ტაქსით წამოვედი. ჩანთაში მედო სამი ნაღმი. ქუჩის თავში გადმოვედი და ფეხით წამოვედი. აქ დავაგდე „ტუშონკის“ ქილაში გაკეთებული ნაღმი, ერთი ნაღმი კანფეტის ყუთში იყო, კიდევ ერთი - წვენის ქილაში“, - ამბობს გოგიტა არქანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე ნაღმში გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელსაც ტერაქტის შემსრულებლები აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი ოფიცრის ევგენი ბორისოვისგან იღებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აზუსტებენ, თუ სად იქნა აყვანილი ტერაქტების მოწყობაში ბრალდებული მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი სწორედ აფხაზეთის დე ფაქტო

ხელისუფლებისგან ითხოვს დანარჩენი ორი ძებნილის გადაცემას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ათამდე პირია დაკავებული. სულ ბოლოს გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრი. ზუგდიდის რაიონის მცხოვრებ ნუკრი შონიასა და დავით კეკუტიას ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში რკინიგზის ხიდის აფეთქების მცდელობასა და თბილისში, მუხიანის დასახლებაში მომხდარ აფეთქებებში ედებათ ბრალი. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, რომ, ტერორისტთა ქსლის მხილების მიუხედავად, ტერაქტების საფრთხე მაინც არსებობს:

„საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე ვართ, თუ გავითვალისწინებთ იმ მინიშნებებს, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებითა და ყაბარდო-ბალყარეთში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ ყურადღების გადმოსატანად ყოველივე ეს საქართველოს ტერიტორიაზეც მოაწყონ“.

ბესიკ ალადაშვილის თქმით, საქართველოს სპეცსამსახურის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას, რადგანაც სპეცსამსახურის მუშაობა მაშინაა ეფექტიანი, როცა ტერაქტების პრევენციას ახერხებს, ანუ სპეცსამსახურმა წინასწარ უნდა მოიპოვოს ინფორმაცია და ამ გზით თავიდან აიცილოს ტერაქტი.

XS
SM
MD
LG