Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 24 თებერვალი 2011


დღევანდელ პრესაში 23 თებერვალს ღამით ტელეკომპანია ‘იმედის’ მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი ოპერაციის შესახებ წერენ. ‘24 საათი’ მცირე ინფორმაციით შემოიფარგლება, ‘ალია’ კი ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი დასაწყისშივე წერს: „ ‘იმედს’ მერაბიშვილის ტელესპექტაკლ ‘კოჭოიას’ მესამე სერია ყველაზე საინტერესო და სასაცილო გამოუვიდაო”. ”უცებ აღმოჩნდა, რომ არქანიას სამი თვის შემდეგ გახსენებია ‘იმედის’ ეზოში დამონტაჟებული ბომბები და მერაბიშვილის უწყებასაც რატომღაც ახლა უკითხავს, კიდევ რამე ხომ არ იცით, გოგიტა ბატონოო”, - წაიკითხავთ სტატიაში, სადაც რამდენჯერმეა გავლებული პარალელი ‘მოდელირებულ ქრონიკასთან’: „’მოდელირებული ქრონიკისგან’ განსხვავებით, ამაზე ვერავინ იტყვის, ‘მოდელირებულის’ მიწერა დაგავიწყდათო, რადგან გარანტად მერაბიშვილი და არქანიას ჩვენება ექნება... ამ დროს მოტივი იგივეა - ხალხის დაშინება და იმაზე ხაზგასმა, თუ რა შეუძლიათ გაგვიკეთონ რუსებმა”, - წერს ‘ალია’.

‘ყველა სიახლე’ დღეს რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს. ‘ქართული პარტია’, ეროსი კიწმარიშვილი: ”არავინ ლაპარაკობს რევოლუციაზე, მაგრამ ვსვამთ კითხვას: გვაძლევს კი ალტერნატიულ საშუალებას სააკაშვილის რეჟიმი, თავიდან ავიცილოთ რევოლუცია და რა გზით შევძლებთ ამას?”. ‘ლეიბორისტული პარტია’, შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსა და ნინო ბურჯანაძეზე: ”ეგ პიროვნებები სააკაშვილთან მუშაობდნენ და კარგად იციან მისი ხასიათი. ალბათ, ისიც იციან, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად არ დათმობს. სააკაშვილი, ჩემი აზრით, ისედაც მოცილებულია. მთავარია, არ დავუშვათ მისნაირის მოსვლა”. ‘ახალი მემარჯვენეები’, დავით გამყრელიძე: ”სააკაშვილისთვის ერთადერთი დასაყრდენი ამერიკაა, რომელიც ცდილობს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მშვიდობიანად მიიყვანოს სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ, თუ სააკაშვილი აშკარა კონფრონტაციაზე წავა ამერიკასთან და პუტინიზაციის გზას აირჩევს, ეს გამოიწვევს ამერიკის მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას.”

‘ახალ თაობაში’ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით ‘ნაციონალებში განხეთქილება მზადდება’. რესპონდენტი ამბობს: ”მე ვხედავ, რომ გარკვეული უთანხმოება თავად მმართველ ჯგუფშიც არის. უფრო ზუსტად, სამზადისი სავარაუდო ცვლილებებისა. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული კონტურები იმისა, რომ მმართველი ჯგუფის ერთი ნაწილი ხვალინდელი დღისთვის ემზადება და ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, ეს ჩანს. მე რისი თქმა მინდა, არ არის გამორიცხული, რომ ეს თვითონ უმაღლესი ეშელონებიდან მოდიოდეს.”

‘ახალი თაობის’ კორესპონდენტი დეპუტატ გოკა გაბაშვილს ”შეურაცხადი ოპოზიციის” განმარტებას სთხოვს: ”შეურაცხად ოპოზიციაში ის კატეგორია შემყავს, რომელიც საქართველოში ოცნებობს არა სტაბილურობასა და განვითარებაზე, არამედ სამოქალაქო ომზე.”

‘რეზონანსში’ წაიკითხავთ, რომ მარტის ბოლოდან ‘მარშრუტკით’ მგზავრობა 70 თეთრი ეღირება. დღევანდელი ნომრიდან შეიტყობთ, აგრეთვე, რომ ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ქართველები სტრასბურგში ჩივიან და რომ ”გათავისუფლებულ ოსებს შორის შევარდნაძის დროს დაპატიმრებულებიც არიან”.

”რუსეთი ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფას არ ესწრაფვის. კარგად გავიაზროთ რა არის დამოუკიდებლობა. ესაა საშუალება ერმა იცხოვროს მოცემულ საზღვრებში ისე, როგორც მას სურს” - ამას ‘საქართველოს რესპუბლიკის’ ავტორები წერენ. სტატიაში აგრეთვე წაიკითხავთ: ”მოსკოვი ითხოვდა და ითხოვს, პრაქტიკულად, მხოლოდ და მხოლოდ შემდეგს: ქართველები ნუ აცხადებთ, რომ ნატოში უნდა გაწევრდეთ, იყავით ჩვენს სამხედრო-პოლიტიკურ ორბიტაში და ომის გზით ნუ მოისურვებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას! ნუთუ ეს ასე ძნელია ჩვენთვის? ნუთუ ასე იბღალება ჩვენი დამოუკიდებლობა ამით?”.

‘24 საათი’ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლისა და საქართველოს ინტერესებზე წერს. ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურს ავტორისთვის უთქვამს: ”გამოდის, რომ საქართველოს, ერთი მხრივ, თავისი მოთხოვნები აქვს, რომელთა უმეტესობა პოლიტიკურია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უტოლდება და, მეორე მხრივ, მეგობარი ამერიკიდან და ევროკავშირიდან აქვს რეკომენდაცია, რომ ნაკლები პრობლემები შეუქმნას რუსეთს ორგანიზაციაში შესასვლელად.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG