Accessibility links

logo-print

„რევოლუციური სიტუაცია“ თუ „სერბული არასამთავრობო ორგანიზაცია“


ეგვიპტე

ეგვიპტე

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფებს თუ აქვთ იმის განცდა, რომ სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მოწყობის უკვე გავრცელებულ ფორმებში სიახლე შესაძლებელია. თუ სადმე ამბოხებაა, თუ სადმე რევოლუციური სიტუაციაა და შემდეგ ეს ყბად აღებული რევოლუცია ხდება, ყველა ერთს ესწრაფვის, დემოკრატიას, ანუ უმრავლესობის ბატონობას. განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მოხდა ეს, რევოლუციად წოდებული, მოვლენები, რომელთა მსგავსი ამ დღეებშიც გრძელდება.

ამ ეტაპზე მსოფლიო ლიბიის ამბებითაა დაკავებული. ამ ქვეყანაში მშვიდობიან რევოლუციაზე ვერ ილაპარაკებ, მაგრამ ითვლება, რომ ასე დაიწყო და მოხდა ტუნისში და შემდგომ - ეგვიპტეში. მშვიდობიანად ამ ამბოხების დახასიათება, განსაკუთრებით ეგვიპტეში, სადაც მთავრობის მომხრე და მისი მოწინააღმდეგეები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ქვებს ესროდნენ, ცოტა ჭირს, თუმცა, სანამ ტყვიას არ ისვრიან და ხალხი იარაღით არ იხოცება, ალბათ, მშვიდობიანად მიიჩნევა ყველა, ვინც დემოკრატიის მოთხოვნით გამოდის. მათი მთავარი თეორეტიკოსი ჩვენს დროში ჯინ შარპია, ამერიკელი მკვლევარი, რომელიც მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის თეორეტიკოსია. მისი მეთოდებით მოქმედებდა და მოქმედებს არაერთი ძალა, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ან დამარცხდა. შარპის მთავარი წიგნები, - „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“ და „არაძალადობრივი მოქმედების 198 მეთოდი“, - სერბიით დაწყებული და ეგვიპტით დამთავრებული, ყველგან - მათ შორის, საქართველოშიც, „ვარდების რევოლუციის“ დროს, -გამოიყენებოდა როგორც სახელმძღვანელო. ცხადია, რევოლუციის მამოძრავებელ ძალად ხალხი იგულისხმება და ყველას მისი ნაშრომები არ წაუკითხავს, მაგრამ არსებობდა გაერთიანება „ოტპორი“, რომელიც, შარპის იდეებით შეიარაღებული, ასწავლიდა ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებს მთელ მსოფლიოში როგორ უნდა ემოქმედათ, თუკი მშვიდობიანად სურდათ რევოლუციის მოწყობა. ახლა „ოტპორს“ „კანვასი“ ჰქვია. მისი მწვრთნელები ანალოგიური სურვილის მქონე პირებს, აქტივისტებს, ამზადებდნენ ეგვიპტესა და ტუნისში. ჯინ შარპის მთავარი იდეა ისაა, რომ თუკი ხალხი ხელისუფლებას არ ემორჩილება, ის კარგავს ავტომატურად თავის ძალაუფლებას. შარპი რადიო თავისუფლებას ამ ეგვიპტელების სიმამაცეზე ელაპარაკა და მათი „მუშაობა“ ასე შეაფასა:

„ძალიან მამაცი ხალხია. თავიანთი სიმამაცე მათ გამოავლინეს ბრძოლის პირველსავე დღეებში. არაერთი მედიასაშუალება - მათ შორის, „სი-ენ-ენი“ - იუწყებოდა, რომ ხალხმა დაძლია შიშის გრძნობა. ეს არის ის, რასაც განდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, როცა ინდოეთში ბრძოლაზე ფიქრობდა. ხალხს როცა აღარ ეშინია, დიქტატურას პრობლემები ექმნება. მაგრამ ეგვიპტელებმა არასრულყოფილ, მაგრამ შესანიშნავ დონეზე აიყვანეს არაძალადობრივი დისციპლინა მაშინაც კი, როცა მათ თავს ესხმოდნენ. ამბობდნენ, რომ არ იყო გამორიცხული ძალის გამოყენება, მაგრამ ხალხი გაიძახოდა, მშვიდობიანად, მშვიდობიანად, მშვიდობიანადო, და ეს ხდებოდა მაშინაც, როცა დემონსტრანტების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ეს განსაცვიფრებელი მიღწევაა, ეს მათი წარმატების გასაღები იყო.“

მშვიდობინად მოხდა რევოლუციებად წოდებული მოვლენები უკრაინაში, საქართველოში, მანამდე - სერბიაში, როცა სლობოდან მილოშევიჩი დაამხეს და, როგორც ითქვა, აქტივისტებს წვთნიდა „ოტპორი“, სერბული გაერთიანება. მისი დამაარსებელია სრჯა პოპოვიჩი, რომელსაც, სწორედ ჯინ შარპის იდეებით აღჭურვილს, მიზნად ჰქონდა მსოფლიოში მშვიდობიანი გზით პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა. თავიდან „ოტპორი“ და ახლა „კანვასი“ შესაბამის ქვეყანაში აარსებს და ეხმარება ორგანიზაციებს (ასეთი იყო ეგვიპტეში 6 აპრილის მოძრაობა), მოაწყონ წინააღმდეგობის აქციები, რომელთა შესახებაც დასავლეთში მედია ლაპარაკობს. შემდეგ იქმნება სიმბოლოები იმისათვის, რომ ცხადი იყოს, ვინ არის აქტიორი. ასე იყო საქართველოში ვარდების, უკრაინაში ფორთოხლისფერი რევოლუციის დროს და ასე შემდეგ. ამას მოჰყვება არჩევნების სამართლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ამის გახმაურება, თანმდევი აქციები საარჩევნო უბნებში, მთავრობის უარყოფითად წარმოდგენა, არჩევნების დღის შემდეგ კი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები. საუკეთესო შემთხვევაში, თუკი პირობები შესაბამისია, ინიშნება ახალი არჩევნები, რომლის შედეგადაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის. ასეთია კლასიკური გზა, სქემა „კანვასის“ მოქმედებისა. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ეგვიპტეში, გვიამბობს პეტარ მილიცევიჩი, რომელიც წვრთნიდა ეგვიპტელ აქტივისტებს ბელგრადში, მათ, ვინც შემდგომ ექვსი აპრილის მოძრაობა დააარსეს:

„საპროტესტო გამოსვლების დროს ( მე ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ზოგიერთ მეგობართან ეგვიპტეში), ისინი გვთხოვდნენ, რომ ხმაური ატეხილიყო მსოფლიოში. ყოველგვარი სხვა დახმარება, რასაც ვთავაზობდით, ფონდის შექმნა და მისთანა, მათ არ სურდათ. ისინი მხოლოდ იმას გვთხოვდნენ, ხმამაღლა თქულიყო, რომ ეს იყო მოქალაქეთა რევოლუცია, რომ ეს არ იყო რაღაც ისლამისტური თუ სხვა სახის სახელმწიფო გადატრიალება.“

„კანვასმა“ არაერთ ქვეყანაში მოამზადა ახალგაზრდები ამბოხისთვის. ის 2003 წელს დაარსდა და მას მერე 37 ქვეყნის წარმომადგენლები გაწვრთნა. ამ ქვეყნებს შორის არიან ზიმბაბვე, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსია და ირანი, გვიამბობს პოპოვიჩი, რომელიც არ ამხელს, არის თუ არა ის ჩართული ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის ხალხის მომზადებაში ალჟირსა და იემენში. განსაკუთრებით რეპრესიული ქვეყნებისთვის აქტივისტების მომზადებისას „კანვასი“ აცნობიერებს, რომ მათ კლიენტებს შეიძლება ციხე და განსაცდელი მოელოდეთ. ჯინ შარპის და ორგანიზაცია „კანვასის“ მიზანს წარმოადგენს პოტენციური მეამბოხეების გაწვრთნა ისე, რომ ძალადობას არ მიმართონ. ჟაკ დიუვალი არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეა, რომელმაც ხანგრძლივი სემინარები ჩაატარა ეგვიპტეში სწორედ ამ არაძალადობრივი წინააღმდეგობის შესახებ 2007 წელს. მისი აზრით, მნიშვნელოვანი ისაა, რომ უცხოელმა ორგანიზატორებმა წვრთნა არ წაიყვანონ იქით, თუ როგორ ებრძოლონ რეპრესიას ამა თუ იმ რეჟიმში, არამედ უნდა ასწავლონ არაძალადობრივი წინააღმდეგობა:

„შეიძლება ასეთი ბრძოლის ზოგადი და საერთო ბუნების სწავლება. და ადგილზე კი ხალხზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებენ ამას. რისკზე ისინი მიდიან.“
XS
SM
MD
LG