Accessibility links

უნდა იყოს თუ არა ე.წ. სიძულვილის ენა კრიმინალიზებული - ეს შეკითხვა დაისმის ყოველთვის, როცა სამოქალაქო საზოგადოება სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიას მართავს, და დაისმის იმიტომ, რომ, მათივე შეფასებით, ამ ენით ხშირად ლაპარაკობს როგორც მედია, ისე პოლიტიკოსები. საზოგადოებრივი აზრი გაყოფილია. ნაწილი ფიქრობს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში მოქალაქე სისხლის სამართლებრივი წესით უნდა დაისაჯოს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება უკუშედეგს გამოიღებს და ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრის გზად საზოგადოებრივი კამპანიების გახშირებასა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას სახავს.

ამ გამონათქვამით სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები გამოყვანილნი არიან როგორც არანორმალური ადამიანები. ცხადია, ეს შეურაცხმყოფელია ...
ცოტა ხნით მედიასა და პოლიტიკოსებს თავი დავანებოთ და, უბრალოდ, საკუთარ თავს ვკითხოთ, რამდენჯერ გვიხსენებია ლაპარაკში და, რაც მთავარია, არცთუ დადებით კონტექსტში, მაგალითად, სიტყვა „სექტანტი“, ან „ზანგი“, ან „სომეხი“ და „თათარი“... ალბათ, ბევრჯერ. და მიზანმიმართულად კი არა, იმიტომ რომ ასე შევეჩვიეთ, იმიტომ რომ განათლება გვაკლია, იმიტომ რომ ხშირად არ ვიცნობთ რელიგიური, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს, შეხედულებებს, კულტურას. და იმიტომაც, რომ ეს ენა, რომელსაც დღეს სიძულვილის ენას უწოდებენ, ყოველდღიურად გვესმის ტელეეკრანიდან და ვაწყდებით პრესაში. ზოგჯერ ეს ენა განსაკუთრებულად მკვეთრია. ერთი კვირის წინ ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემაში წამყვანი „მისტერ საქართველოს“ კონკურსის შესახებ რეპორტაჟში ასეთ ფრაზას ამბობს:

”ხუთეულში გასული ბიჭები ყველა ნორმალური ორიენტაციისაა.. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ.”

ეს ფრაზა ბევრ უფლებადამცველს ეხამუშა. მაგალითად, იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ხშირად მონაწილეობს სიძულვილის ენის შესახებ გამართულ დისკუსიებში, ამბობს, რომ სექსუალურ უმცირესობებს სრული უფლება აქვთ ამ კონკრეტულ ტელევიზიას პასუხი მოსთხოვონ:

”ამ გამონათქვამით სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები გამოყვანილნი არიან როგორც არანორმალური ადამიანები. ცხადია, ეს შეურაცხმყოფელია და არის ქცევის კოდექსის, მაუწყებელთა შესახებ კანონის დარღვევა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ სათანადო რეაგირება.”

ბარემ აქვე ვთქვათ, რა რეაგირებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
გიორგი გოცირიძე განგვიმარტავს, რომ სიძულვილის ენას ნაწილობრივ არეგულირებს საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, 56-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ლიცენზიის მფლობელებს, ტელევიზიებსა და რადიოებს უკრძალავს გამოიყენონ ისეთი გამონათქვამი, რომელიც შეურაცხყოფს საზოგადოების რომელიმე ჯგუფს. იმავე კანონში მითითებულია, რომ ასეთი სახის დარღვევებზე მაუწყებელმა თავად უნდა მოახდინოს რეაგირება, ანუ შეიქმნას ე.წ. თვითრეგულირების საბჭო, რომელიც მოქალაქეების საჩივრებს განიხილავს და, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ან ბოდიშს მოიხდის, ან კონკრეტულ ადამიანს საყვედურს გამოუცხადებს და ა.შ., ხოლო შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვითაც დაუშვებელია საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ისეთი გამონათქვამების გამოყენება მოწოდებების დროს, რომელიც სიძულვილს აღვივებს ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის. ასეთი გამონათქვამების მრავალგზის გამოყენება, კანონით, საფუძველია იმისა, რომ ეს აქცია დაიშალოს. ამერიკა, როგორც გიორგი გოცირიძე გვიხსნის, სიძულვილის ენას კანონით არ ზღუდავს, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისა და კანადისგან:

”კანადის უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში თქვა, რომ სიძულვილის ენა, შესაძლოა, ფორმით არ არის ძალადობა, მაგრამ მისი შინაარსია ძალადობა, რაც უბიძგებს სახელმწიფოებს მოახდინონ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია.”

როდესაც მედიაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავმიჯნოთ, კონკრეტული მედიასაშუალება მიზანმიმართულად იყენებს სიძულვილის ენას თუ ის გამტარის როლში გვევლინება:

”თუ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ბრალეულობის მიხედვით გადაწყდება პასუხისმგებლობის საკითხი. მაგალითად, თუ მედიის წარმომადგენელმა შეგნებულად დაუთმო საჯარო სივრცე პოლიტიკოსს, რომელიც სიძულვილის ენას იყენებს, ამ შემთხვევაში დადგება მედიის პასუხისმგებლობის საკითხი. მაგრამ თუ პირდაპირი ეთერია და კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მედია უნდა გაემიჯნოს ამ სიძულვილის ენას, ჩაეკითხოს რესპონდენტს, რას გულისხმობს და თქვას, რომ მედია ამ აზრს არ იზიარებს. ჩანაწერის გაშვების შემთხვევაში კი ისე უნდა იყოს დარედაქტირებული მასალა, რომ არ ჩანდეს სიძულვილის ენის მხარდაჭერა მედიის მიერ.”

ეს, რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა იყოს. ახლა ვნახოთ, როგორ არის სინამდვილეში. სიძულვილის ენამ ბოლო დროს ძალიან მოიკიდია ფეხი სოციალურ ქსელებშიც. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამის გულისათვის ერთ-ერთ მაჟორიტარ დეპუტატს სასამართლოშიც კი უჩივლა:

”ჩვენ მოვითხოვეთ მისი რეგისტრაციიდან მოხსნა, რადგან მისი ფეისბუქის პირად გვერდზე იყო შეურაცხმყოფელი და აგრესიული, მუქარის შემცველი განაცხადები სექსუალური უმცირესობების მიმართ, რომ ისინი უნდა დავხოცოთ და ა.შ. ჩვენ ეს პროცესი, სამწუხაროდ, წავაგეთ, რადგან მან უარყო აღნიშნული ჩანაწერების ავტორობა და თქვა, რომ მისი პირადი გვერდი გატეხეს”, - მოგვითხრობს გიორგი გოცირიძე.

ხშირად კეთდება სიუჟეტები, მაგალითად, შავკანიანების შესახებ და სურთ ხოლმე, რომ პოზიტიური იყოს, მაგრამ აქა-იქ მაინც იჩენს ხოლმე თავს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ...
არის ფრაზები, - საკუთარ დაკვირვებაზე მოგვითხრობს კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, - რომლებიც იმ დროსაც კი, როდესაც ნაკლები ყურადღებით უსმენ გადაცემას, თითქოს თავისით იჭრება ყურში. თუმცა ბეჭდვითი მედიის ერთი თვალის გადავლებითაც ნათელია, რომ იქ კიდევ უფრო აღმაშფოთებელი ტერმინოლოგიაა გამოყენებული. და ეს ხშირია ქვეყანაში, რომელიც საკუთარი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, ტოლერანტობით ამაყობს:

”ძალიან უცნაურია, რომ ამის პარალელურად მაინც არსებობს ასეთი დამოკიდებულება და გამოთქმები უმცირესობების მიმართ. მაგალითად, ხშირად გაიგონებთ აზერბაიჯანული მოსახლეობის მიმართ სიტყვას „თათარი“. და იმხელა ზიზღია ხოლმე ჩადებული ინტონაციაში, რომ მას მითთან ქართველთა ტოლერანტობის შესახებ ძალიან ცოტა საერთო აქვს.”

ექსპერტი რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილი ბოლო პერიოდის ქართულ მედიაზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ სიძულვილის ენამ საინფორმაციო გამოშვებებიდან თოქშოუებში გადაინაცვლა. რაც შეეხება პრესას, ბევრი გაზეთი ამ ენით ხსნის პირველ გვერდს:

”მაგალითად, ერთი ძალიან ცნობილი და ტირაჟიანი გაზეთის საახალწლო ნომრის პირველი გვერდი იხსნებოდა სათაურით ”SOS - ქართულ პროდუქციას სომხები გვართმევენ”...

თუ ვივარაუდებთ, რომ მედია ამა თუ იმ ჯგუფს მიზანმიმართულად არ შეურაცხყოფს, მაგრამ მაინც იყენებს სიძულვილის ენას, აქ უკვე განათლების პრობლემას ვაწყდებით:

”ხშირად კეთდება სიუჟეტები, მაგალითად, შავკანიანების შესახებ და სურთ ხოლმე, რომ პოზიტიური იყოს, მაგრამ აქა-იქ მაინც იჩენს ხოლმე თავს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. მაგალითად, მახსენდება ერთი სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ შავკანიანებზე, როგორ ადვილად დამკვიდრდნენ, და თავისთავად დადებითი სიუჟეტი იყო, მაგრამ სათაური ასეთი ჰქონდა: ‘თბილისი გაშავდა’.“

ბექა მინდიაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის საქართველოში, მაგალითად, სიტყვა „სექტანტი“, რომელიც თავისთავად სოციოლოგიური ტერმინია, დამამცირებელი მნიშვნელობის - იმიტომ რომ ამ სიტყვის შინაარსი ჩვენს რეალობაში აღარ არის ნეიტრალური, ჩვენ შესაძლოა არც ის ვიცოდეთ, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებისათვის მიუღებელია დამკვიდრებული ტერმინი „გრიგორიანული ეკლესია“, ისევე როგორც მუსლიმებისთვის - ტერმინი „მაჰმადიანი“. ეთნიკური ჯგუფის დასახელებას ხშირად ახლავს ნეგატიური კონტექსტი. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბექა მინდიაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სახელმწიფოს მიერ ენის რეგულაცია იმ საფრთხეების გამო, რაც, შესაძლოა, შეიქმნას ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, - მაგალითად, გაძლიერდეს ის ტაბუ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. „უფრო ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების მეტი აქტიურობა იქნება“, ამბობს ბექა მინდიაშვილი.

სამართლებრივი მექანიზმების შემოღების ინიციატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონსულტაციები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთანაც გამართა, თუმცა როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი გვეუბნება, საკანონმდებლო ორგანომ ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალა კანონში დამატებითი მექანიზმების ჩადება. აგიტ მირზოევისათვის, როგორც ეთნიკური უმცირესობის წევრისათვის, სიძულვილის ენის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი განათლების უქონლობა და ინფორმაციის ნაკლებობაა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG