Accessibility links

logo-print

საბჭოთა ოკუპაციის დღე და ოკუპაციის მუზეუმი


ოკუპაციის მუზეუმი თბილისში

ოკუპაციის მუზეუმი თბილისში

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც 25 თებერვალს - დღეს, როდესაც 1921 წელს წითელი არმია თბილისში შევიდა, - საბჭოთა ოკუპაციის დღედ აკანონებს. ახლა ქვეყანას აქვს ოკუპაციის მუზეუმი და აღნიშნავს ოკუპაციის დღეს. სხვა საქმეა როგორ აღნიშნავს და როგორია ოკუპაციის მუზეუმი. შესაძლებელია თუ არა მუზეუმის გაფართოება ან ექსპოზიციის შეცვლა?

ეს მუზეუმი ეძღვნება საქართველოს დიდ პატრიოტებს ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს. ეს მუზეუმი ეძღვნება მრავალ იატაკქვეშა ორგანიზაციებს ...
2010 წელს მიღებული დადგენილება მთავრობას ავალებს ყოველ 25 თებერვალს დაუშვას სახელმწიფო დროშები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს ოკუპაციის ასიათასობით მსხვერპლის ხსოვნას. შესაბამისად, ბუნებრივი იქნებოდა ამ დღეს ახლა უკვე 90 წლის წინ მომხდარი მოვლენები ოკუპაციის მუზეუმში გაეხსენებინათ. თუმცა მუზეუმის სივრცე არ იძლევა აქ რაიმე მასობრივი ღონისძიების ჩატარების საშუალებას. ფაქტობრივად, ეს ექსპოზიციაა და არა მუზეუმი.

ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის მესამე სართულზე მოწყობილი ეს ექსპოზიცია, რომელსაც ”მუზეუმი” ჰქვია და რომლის დაარსების იდეის ავტორი პარლამენტის მაშინდელი წევრი ნიკა რურუაა, 200 ათასი ამერიკული დოლარი დაჯდა. მუზეუმის გახსნას დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც აღნიშნა:

"ეს მუზეუმი ეძღვნება საქართველოს დიდ პატრიოტებს ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს. ეს მუზეუმი ეძღვნება მრავალ იატაკქვეშა ორგანიზაციებს, რომლებიც იქმნებოდა მთელი ამ წლების მანძილზე. ეს მუზეუმი ეძღვნება ქართველ სამღვდელოებას, რომლის საუკეთესო ნაწილიც თითქმის მთლიანად განადგურდა. ეს მუზეუმი ეძღვნება ქართველ ოფიცრობას. ეს მუზეუმი ეძღვნება ჩემს დიდ ბაბუას ნიკუშა წერეთელს, რომლის ოჯახშიც მე გავიზარდე და რომელიც მრავალი წელი იყო ციმბირში, ერთ-ერთ ბანაკში.“

საქართველოს პრეზიდენტმა ზუსტად ჩამოთვალა ის ექსპონატები, რომლებიც ოკუპაციის მუზეუმშია გამოფენილი. თუმცა დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს ფოტოები, ინსტალაცია, პლაკატები და ნივთები მაინც სრულად არ ასახავს ოკუპაციის ტრაგედიას - აქცენტი უფრო 1921 წლის თებერვალზეა გადატანილი, თუმცა მეოცე საუკუნის საქართველო მდიდარია ოკუპაციის სხვა, უფრო ტრაგიკული სურათებით... ოკუპაციის პროცესში, სტალინის, ორჯონიკიძის, ბერიას გარდა, ჩართული იყო უამრავი ჩვენი თანამემამულე და მსხვერპლიც გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე აქ, მუზეუმშია წარმოდგენილი. მაგრამ ექსპოზიციისთვის განკუთვნილი სივრცე ყველას და ყველაფერს ვერ დაიტევს.. ამიტომაც მომავალში ან მუზეუმისთვის დამატებითი ფართი უნდა გამოინახოს, ანდა ექსპოზიცია მუდმივად შეიცვალოს.. ასეთ დასკვნამდე მივედით ჩვენ, ის ხალხი, ვინც რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროგრამას, ”წითელ ზონას”, ამზადებს. იმ ხნის მანძილზე, რაც ეს გადაცემა არსებობს (სხვათა შორის, ოკუპაციის მუზეუმიდან გადაიცემა), ”წითელი ზონა” გადავიღეთ ბუდაპეშტისა და რიგის ოკუპაციების მუზეუმებში.. ნიშანდობლივია, რომ მათ ”ტერორის მუზეუმი” ჰქვიათ. ე.ი. აქ გამოფენილი ექსპონატების უმრავლესობა არა რუსეთის მიერ ამ ქვეყნების ოკუპაციას, არამედ, საერთოდ, ტერორს ასახავს - იმ ტერორს, რომელსაც არა მარტო რუსები ახორციელებდნენ. ახლა, როცა ოკუპაციის მუზეუმის გახსნის დღიდან 5 წელი გავიდა, უკვე შესაძლებელია მისი კონცეფციის შეცვლა. მით უმეტეს, რომ, როგორც ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ამას წინათ ბიოლის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე აღნიშნა, საბჭოთა წარსულის მიმართ საზოგადოების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგრამ ოკუპაციის მუზეუმის პოპულარიზაციისთვის, პირველ რიგში, საჭირო იქნება ექსპოზიციის მაქსიმალური გაცოცხლება, თავად ექსპონატსა და დამთვალიერებელს შორის ბარიერის მოსპობა, ისე როგორც ამას თანამედროვე მუზეუმის კონცეფცია მოითხოვს. ძალიან საგულისხმოა, ამ მხრივ, ერთი წლის წინ შექმნილი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამოცდილება. ამ ლაბორატორიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ლაშა ბაქრაძის, თქმით, ვინაიდან მთელი საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული იყო, ”მუზეუმის” სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ მთელი ეს ტერიტორია და შევქმნათ ეგრეთ წოდებული ”ტერორის ტოპოგრაფია”, რომელიც, თავის მხრივ, უკეთ გაგვაგებინებს, რას წარმოადგენდა საბჭოთა ოკუპაცია.
XS
SM
MD
LG