Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს აღარ გადაეცემა


იმ არაერთი შენიშვნიდან, რომელიც მთავრობის მიერ წარმოდგენილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტზე გარემოსდაცვით არასამთავრობო სექტორს ჰქონდა და რომლის ნაწილსაც პარლამენტის რამდენიმე კომიტეტიც იზიარებდა, მთავრობამ მხოლოდ ერთი ძირითადი შენიშვნა გაითვალისწინა: დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება. 25 თებერვალს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ახალი კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით სწორედ ამ ცვლილებით წარადგინა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონპროექტში, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციას შეეხება. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კიდევ ერთხელ გააცნო:

”ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტო, სადაც გაერთიანდება შემდეგი ფუნქციები: ბუნებრივ რესურსებზე კვოტების დადგენა, მარაგების დამტკიცება, ლიცენზიების გაცემა; მისი ფუნქცია იქნება ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები, სატყეო სააგენტოს რეგულაციის საკითხები, თევზჭერასა და ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები.”

მთავრობამ გაითვალისწინა მხოლოდ ერთი შენიშვნა - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ:

”დაცული ტერიტორიების სააგენტო კვლავ დარჩება გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში”, - თქვა ხუროშვილმა.

უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა კი განმარტა, რატომ გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით:
”სისტემურად შესაძლოა შექმნილიყო ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი საქმეა შემოსავლების გენერირება, ხოლო დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმე ბუნების კონსერვაცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.”

საპარლამენტო უმცირესობის ერთი ნაწილი კი პარლამენტს მოუწოდებდა, კანონპროექტისათვის მხარი არ დაეჭირა. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია იყო ერთ-ერთი, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეებზე ლაპარაკობდა.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი პრეტენზია რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას შეეხება - მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე მიიღო და ეს მაშინ, როდესაც საქართველო არის გაეროს ეკონომიკური კომისიის - ორჰუსის კონვენციის -წევრი ქვეყანა. კონვენცია კი მთავრობას გარემოსთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ჩართვას ავალდებულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მათთვის აზრი არავის უკითხავს:

”კანონპროექტს ახლავს განმარტებითი ბარათი, რომელშიც წერია, რომ მთავრობას ექსპერტებთან ჰქონდა კონსულტაციები, მაგრამ როდესაც ჩვენ მათი გვარები მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გულისხმობდნენ. არასამთავრობო სექტორისთვის კი არავის არაფერი უკითხავს.”

მაგრამ მთავარი მაინც კანონპროექტის შინაარსია, ანუ ის, თუ რა დარჩება გარემოს დაცვის სამინისტროსგან. ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ გაუგებარია ვინ იქნება პასუხისმგებელი საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების შესრულებაზე. იგულისხმება კონვენცია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ, ან კონვენცია სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით.. მიუღებელია გარემოს დაცვის ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის გადატანა ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და, მით უმეტეს, მათი ორ თვეში ლიკვიდაცია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG