Accessibility links

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურმა საბჭომ, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია განიხილა. დოკუმენტში წარმოდგენილია როგორც არსებული მდგომარეობის ანალიზი, ასევე სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარების პერსპექტივები 2011-2015 წლებში. ეკონომიკური კრიზისისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივი სურსათით ქვეყნის უზრუნველყოფა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი კომპონენტია.

საქართველოს სოფლის მეურნეობას ამ წლიდან სჭირდება მუდმივ დოლარებში გადაყვანით 160 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ ფეხზე დადგეს ...
სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ კოროხაშვილია, რომლის ნაშრომის შესავალი ნაწილი სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობის აღწერას ეთმობა. საქმე ისაა, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის ეკონომიკური მნიშვნელობა ერთიორად შემცირდა, რაზეც შემდეგი სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს: 1990 წელს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 30 პროცენტი იყო, ამჟამად კი 8,3 პროცენტია. ამასთან, ოცი წლის წინ სოფლის მეურნეობაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 25 პროცენტი იყო დასაქმებული, ახლა კი 47 პროცენტია. ავთანდილ კოროხაშვილი სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის ამგვარ დაკნინებას პოლიტიკური ფაქტორით ხსნის, ნიმუშად კი ხორბლის წარმოება მოაქვს:

„1996 წლის შემდეგ, ანუ რაც ხორბლის წარმოება და გადამუშავება განსახელმწიფოვდა, 8-ჯერ შეიცვალა დაბეგვრის სისტემა, რაც პირდაპირ ურტყამდა ხორბლის წარმოებას საქართველოში.“

კონცეფციის მიხედვით, ვითარების შესაცვლელად საჭიროა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალისხმევა, როგორც განვითარების ხელშემწყობი კანონების მიღების, ასევე მაღალი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ავთანდილ კოროხაშვილის თქმით, ამ მიმართულებით უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 20 მილიონიდან 80 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა, კონცეფციის ავტორის თქმით, განვითარებისთვის მეტი სახსრებია საჭირო:

„საქართველოს სოფლის მეურნეობას ამ წლიდან სჭირდება მუდმივ დოლარებში გადაყვანით 160 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ ფეხზე დადგეს. დეფიციტი 44 მილიონია, რომელსაც სახელმწიფო ჰპირდება სოფლის მეურნეობას... ხოლო იმისათვის, რომ საბოლოოდ „დავქოქოთ“ სოფლის მეურნეობა, 45 მილიონია საჭირო. კონცეფციაში ეს თანხა „ჩადებულია“, როგორც დონორების დახმარება.“

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეცნიერების ამგვარი დახმარება. კონცეფცია არის სამომავლოდ სამოქმედო გეგმა როგორც სამინისტროსთვის, ასევე მთლიანად მთავრობისთვის ...
მოზიდული ინვესტიციები აგროტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების, საინფორმაციო და სუფთა განვითარების ტექნოლოგიების დანერგვას უნდა მოხმარდეს. გარდა ამისა, საჭიროა კონსერვაციული და ორგანული მიწათმოქმედების განვითარება, რასაც პროფესორი ნოდარ ჭითანავაც იწონებს. ის ასევე დადებით შეფასებას აძლევს კონცეფციის იმ ნაწილს, რომელიც ახალი ბაზრების ათვისებას ეხება, თუმცა შენიშნავს, რომ რუსეთის ბაზრის იგნორირებას მეცნიერული გამართლება არა აქვს:

„რუსეთის ბაზარს აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა საქართველოში დაბალანსებული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის. არა იმიტომ, რომ რუსეთისადმი სიმპათიაა საჭირო. არა, ეს სულ სხვა საკითხია! ამას გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ახსნაა საჭირო, რომ დღეს პოლიტიკური ვითარება ამ რესურსის გამოყენების საშუალებას არ გვაძლევს და ამიტომ მისი კომპენსაციაა საჭირო, მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა ის ღონისძიებები, რომელსაც კონცეფცია გვთავაზობს.“

მეცნიერებთან ერთად კონცეფციას ყურადღებით გაეცნო სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე:

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეცნიერების ამგვარი დახმარება. კონცეფცია არის სამომავლოდ სამოქმედო გეგმა როგორც სამინისტროსთვის, ასევე მთლიანად მთავრობისთვის, რათა მივაღწიოთ იმ შედეგებს, რასაც სლაიდებში ვუყურებდით.“

კონცეფციის მიხედვით კი, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ეროვნული ეკონომიკის დამოკიდებულება 18 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაიზრდება, მარცვლეული კულტურების გამოყენება 20-დან 80 პროცენტამდე. თითქმის ორჯერ, 75-90 პროცენტამდე გაიზრდება სახნავი ფართობების წარმოებაში ჩართვა, ყოველივე ამის შედეგად კი, 100 პროცენტით გაიზრდება სასოფლო სამეურნეო შემოსავლების ეროვნული მაჩვენებელი - აი, ასეთ მიზნებს ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია, რომელიც მეცნიერთა ნაწილმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა.
XS
SM
MD
LG