Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ


მძღოლების საპროტესტო აქცია
მძღოლების საპროტესტო აქცია
თბილისში 25 თებერვალს მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დედაქალაქის მერიის მიერ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მძღოლებისთვის ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ კომპანიები და თბილისის მერია. ამის მიუხედავად, გაფიცვა ჯერჯერობით უვადოდ გრძელდება.

სამარშრუტო ტაქსების გაფიცვამ დილიდანვე ქალაქში მგზავრთა გადაყვანის შეფერხება გამოიწვია. ამ ვითარების გამოსასწორებლად დედაქალაქის მერიამ დამატებითი ავტობუსების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. დამატებითი ავტობუსები, მერიის თანახმად, თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვის შეწყვეტამდე იმოძრავებენ. მძღოლები აქციის შეწყვეტას კი მხოლოდ თავიანთი მოთხოვნების შესრულების შემდეგ აპირებენ.

სააქციო ფირმები გვქონდა და ჩვენი წილი გვქონდა ჩადებული სატრანსპორტო წარმოებაში, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის ეს და რატომ ეკუთვნის 4 და 5 კაცს, ამის პასუხი გვინდა ...
”ვითხოვთ ტენდერის გაუქმებას, რადგან ტენდერში გამარჯვებული ფირმები დაინტერესებულნი არიან ყოველდღიური გადასახადი გაგვიძვირონ და მგზავრობის გაძვირებას მოითხოვენ 70 თეთრამდე.”

”რომ ვიხდიდი დღეში 4 და 5 ლარს, მეუბნებიან, ახლა უნდა გადაიხადო 20 ლარიო. რითი გადავიხადო, სულ 20 ლარი არ გვრჩება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იბარებენ ჩვენი ხაზების ბრიგადირებს და ეუბნებიან იმათ, რომ ცვლილებები 1 მარტიდან უნდა მოხდეს”, ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების ტენდერში გამარჯვებული ფირმები ავტოპარკის განახლებას სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისგან ამ გზით ამოღებული თანხებით გეგმავენ. მძღოლთა მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ტენდერი კორუფციული გარიგების შედეგი იყო და სამარშრუტო მონოპოლია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.

”რატომ არ გვეკუთვნის ჩვენ, მეაქციეებს, რომლებსაც სააქციო ფირმები გვქონდა და ჩვენი წილი გვქონდა ჩადებული სატრანსპორტო წარმოებაში, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის ეს და რატომ ეკუთვნის 4 და 5 კაცს, ამის პასუხი გვინდა. ტენდერში ამ ფირმებმა რომ გაიმარჯვეს, ჩვენი მანქანები ჰქონდათ გაფორმებული და ჩვენი მანქანებია წარდგენილი.”

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს კიდევ არაერთი შეკითხვა აქვთ როგორც ტენდერში გამარჯვებული ფირმების - ”თბილქარის”, თბილლაინის”, ”ფაბლიქქარისა” და ”კაპიტალ გრუპის”, ისე თბილისის მერიის მიმართ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე გაფიცულ მძღოლებს თავადაც ესაუბრა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ს კი განუცხადა, რომ, ტენდერის პირობებით, სამუშაო ადგილს სამარშრუტო ტაქსების ყველა მძღოლი შეინარჩუნებს. ამას გარდა:

”კონკურსის შედეგად, ყველა მძღოლის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, არც ერთი თეთრი ზედმეტი არც ერთ მძღოლს გადასახდელი არ ექნება, ეს რამდენიმე გაღიზიანებული ადამიანის დეზინფორმაციის შედეგად მოხდა მძღოლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს მძღოლის სამართლიან გულისწყრომას.”

ჩვენ ვითხოვთ ამ კორუფციული ტენდერის გაუქმებას. ტენდერის ყველა მონაწილე უნდა გადაეცეს პროკურატურას, - როგორც კომისიის წევრები, ისე ამ ოთხი ფირმის ხელმძღვანელები ...
მძღოლთა გაფიცვას დეზინფორმაციის შედეგად მიიჩნევს ტენდერში გამარჯვებული ”თბილლაინის” ხელმძღვანელი დავით ასანიძეც. იგი აღნიშნავს, რომ 1 მარტიდან მძღოლებს ერთადერთი, ეგრეთ წოდებული საგზურის გადასახადის გადახდა მოუწევთ, 10 ლარის ოდენობით:

”ამას ყველაფერს ორგანიზებას უკეთებენ ეგრეთ წოდებული ხაზის პატრონები, რომლებსაც ხაზები უკვე აღარ აქვთ და უნდათ, რომ დარჩნენ მძღოლების კისერზე. ხდება ინფორმაციის დამახინჯება და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ. ეს რომ გავაგებინოთ ამ მძღოლებს, გავაკეთებთ ფლაიერებს, ორშაბათიდან დავუვლით ყველა ხაზს, მძღოლებს შევხვდებით და დავურიგებთ ამ განმარტებებს.”

მძღოლთა უფლებებისა და მათი კერძო ბიზნესის დაცვის მიზნით, თბილისის სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების ტენდერი თავიდანვე მოექცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხედველობის არეში. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პარტიები, რომელთაც თბილისის საკრებულოში წარმომადგენლები ჰყავთ. მათი შეფასებით, დედაქალაქში შეიქმნა სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც სწორედ არასწორად ჩატარებულმა ტენდერმა და ამ სფეროში ზოგადად ხელისუფლების ჩარევამ გამოიწვია. აი, რა გვითხრა საპროტესტო აქციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქციის - ”დედაქალაქის“ - წევრმა, კახა კუკავამ:

”ჩვენ ვითხოვთ ამ კორუფციული ტენდერის გაუქმებას. ტენდერის ყველა მონაწილე უნდა გადაეცეს პროკურატურას, - როგორც კომისიის წევრები, ისე ამ ოთხი ფირმის ხელმძღვანელები, - უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულებები ძველ, ადრე არსებულ მიკროავტობუსებთან და ხაზებთან. ტენდერი იყო ჩატარებული დისკრიმინაციულად. იანვრის ბოლოს გამართულ ტენდერში გაამარჯვებინეს 4 ფირმას, რომლებიც დარეგისტრირდნენ 10 იანვარს, რომელთაც მითითებული აქვთ, რომ მათი კაპიტალი შეადგენს 100 ლარს და რომლებიც ყველანი ერთად დარეგისტრირებულნი არიან ერთ მისამართზე, სანაპიროს ქუჩაზე.”

კახა კუკავას პასუხად საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი განმარტავს:

” 100 ლარიან საწესდებო კაპიტალზე არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა. მთავარია, რომ ამ გამარჯვებულ კომპანიებს, ჯამურად, სადღაც 6 მილიონი დოლარის შესაბამისი ლარი აქვთ გარანტიად დადებული იმისთვის, რომ ისინი საკონკურსო პირობას შეასრულებენ. საკონკურსო პირობაა ის, რომ უნდა დასაქმდნენ ყველა ის მძღოლები, რომლებიც ხაზზე არიან და თბილისელებმა მიიღონ ეფექტური და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა და მივიღებთ აბსოლუტურად გაუმჯობესებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობას.”

კოკი იონათამიშვილის განცხადებები არცთუ დამაჯერებლად ჟღერს ოპონენტებისთვის. სამარშრუტო ტაქსების ტენდერის შედეგების გადახედვას მოითხოვენ თავისუფალი დემოკრატები, ახალი ტენდერის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან ქრისტიან-დემოკრატები, ხელისუფლებას კლანური მონოპოლიის შექმნაში ადანაშაულებენ რესპუბლიკელები, მძღოლების გაფიცვის ორგანიზატორთა რიგებში დგანან კონსერვატიული და „ხალხის პარტიის“ წარმომადგენლები. თავად მძღოლები კი გაფიცვას ჯერჯერობით ორშაბათამდე აცხადებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ორშაბათიდან მათ პროტესტს თბილისის ავტობუსებისა და ტაქსების მძღოლებიც შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG