Accessibility links

logo-print

თბილისში გრძელდება სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვა


თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების დიდი ნაწილი გაფიცვას აგრძელებს, ნაწილმა კი მუშაობა განაახლა. გაფიცულები თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად რამდენიმე თვის წინ ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული ფირმები მძღოლებისგან გადასახადის 40 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. საწინააღმდეგოს ირწმუნებიან მერიისა და თავად კომპანიების წარმომადგენლები.

26 თებერვალს, ისევე როგორც ერთი დღით ადრე, თბილისში გადაადგილება გართულებული იყო. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა გაფიცვის ორშაბათამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კი გაფიცვის პირველ დღესვე გაირკვა, რომ მძღოლებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გადასახადის 4-ჯერ და უფრო მეტად გაზრდას აპირებდნენ, არასწორი აღმოჩნდა. აი, რა განუცხადეს რადიო თავისუფლებას 25 თებერვალს საპროტესტო აქციაზე გამოსულმა მძღოლებმა:

”რომ ვიხდიდი დღეში 4 და 5 ლარს, მეუბნებიან, ახლა უნდა გადაიხადო 20 ლარიო. რითი გადავიხადო, სულ 20 ლარი არ გვრჩება.”

გაფიცულ მძღოლებს შეხვდა და განმარტებები მისცა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ. იგი ყველას სამუშაო ადგილისა და გადასახადების არსებული დონის შენარჩუნებას დაჰპირდა, ხოლო რადიო თავისუფლებას ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის ”თბილლაინის” ხელმძღვანელმა დავით ასანიძემ განუცხადა, რომ ეგრეთ წოდებული საგზურის გადასახადი 10 ლარი იქნება.

”ამას ყველაფერს ორგანიზებას უკეთებენ ეგრეთ წოდებული ხაზის პატრონები, რომლებსაც ხაზები უკვე აღარ აქვთ და უნდათ, რომ დარჩნენ მძღოლების კისერზე. ხდება ინფორმაციის დამახინჯება და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ. ეს რომ გავაგებინოთ ამ მძღოლებს, გავაკეთებთ ფლაიერებს, ორშაბათიდან დავუვლით ყველა ხაზს, მძღოლებს შევხვდებით და დავურიგებთ ამ განმარტებებს.”

ამ ინფორმაციით დაიმედებული მძღოლების ნაწილი 26 თებერვალს სამუშაოდ გამოვიდა. ისინი სრულიად მისაღებად მიიჩნევენ 10 ლარიან გადასახადს:

”10 ლარის ფარგლებში იქნება გადასახადიო, ამის თანახმა ყველა იქნება.”

თუმცა ჯერჯერობით მძღოლების დიდი ნაწილი კვლავაც გაფიცულია, ხოლო ერთ-ერთს, ვინც სოლიდარობის პრინციპი დაარღვია, თავად კოლეგები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს საღამოს ერთ-ერთ მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლს იმავე მარშრუტის გაფიცულმა მძღოლებმა სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენეს.

მძღოლთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კონსერვატიული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ამ ინციდენტის მონაწილე სულ 8 პიროვნება დააკავა, რომლებსაც 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს:

”ღამის 3 საათზე გაასამართლეს ნომერ მეათე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებსაც დააბრალეს წვრილმანი ხულიგნობა. მათ მიმართ აშკარად განხორციელებული იყო ზეწოლა, რის შედეგადაც აბსურდული ჩვენებები იყო მიღებული და, ამასთანავე, სასამართლო პროცესი იყო არაკანონიერი.”

თუმცა, სხვა ინფორმაციის თანახმად, რომლის გადამოწმება ვერ ხერხდება, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია მხოლოდ ერთი მძღოლი. სამარშრუტო მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი გაფიცვის ერთ-ერთი მოთხოვნა ახლა უკვე დაკავებულთა გათავისუფლება გახდა. დაგეგმილია, რომ გაფიცვა ორშაბათამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG