Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას


გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა საქართველოში ფონდის მისიის ვიზიტის შედეგები გამოაქვეყნა. მისიის აზრით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება კარგი კურსით მიმდინარეობს. შესაბამისად, საჭიროა გარკვეული ცვლილებები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში.

ზოგადად რომ ითქვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კმაყოფილია საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი ვითარებით. ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ სარეზერვო დაფინანსების მექანიზმის (Stand-By Arrangement) მხარდაჭერით მიმდინარე ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2010 წელს 6 პროცენტზე მეტად გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ედვარდ გარდნერი 2011 წლის პროგნოზსაც იძლევა:

„ზრდა 2010 წელს იყო 6 პროცენტზე მეტი, ხოლო 2011 წელს 5.5 პროცენტი იქნება. ეკონომიკური ზრდა შეეხება თითქმის ყველა სექტორს ქვეყანაში და წამყვანი როლი ეკისრება კერძო სექტორს. და რადგან ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორების გზაზეა, ვფიქრობთ, რომ წამყვანი უნდა გახდეს კერძო სექტორი და საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის მასტიმულირებელი ფაქტორები უნდა შეამციროს.“

ედვარდ ჰ. გარდნერის გამოსვლა თბილისში
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მთავრობის მცდელობამ გლობალური კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მასტიმულირებელი როლი ეთამაშა შედეგი გამოიღო. გასულ წლებში სავალუტო ფონდისგან თუ სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან მიღებული კრედიტები და გრანტები ეროვნული ვალუტის, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ხმარდებოდა.

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირობებში მთავრობამ თავად იკისრა ინვესტორის როლი, რასაც მიაწერენ ეკონომიკის გამოცოცხლებას. ბევრი ეკონომისტი სწორედ გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს უკავშირებს საქართველოში არსებულ ინფლაციის მაღალ - თითქმის 12 პროცენტიან - დონეს. სხვაგვარად ფიქრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედვარდ გარდნერი. მისი აზრით, ინფლაცია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდამ გამოიწვია და ეს არის იმპორტირებული ინფლაცია და არა ფულად-საკრედიტო ინფლაციაო, აღნიშნა გარდნერმა.

ამ პირობების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შეთანხმდნენ იმ ნაბიჯების შესახებ, რაც მთავრობამ უნდა განახორციელოს. ედვარდ გარდნერი განმარტავს:

„ვფიქრობთ, მთავრობის მთავარი მიზანია შეამციროს ის ზეწოლა, რომელიც საყოფაცხოვრებო პირობებზე მოხდა. ეს განსაკუთრებით შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. მათ ყველაზე მეტად იწვნიეს სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. პროპორციულად, ყველაზე მეტი იყო ინფლაციის გავლენა. ჩვენ ამიტომ მხარს ვუჭერთ სოციალური ხარჯებისთვის უფრო მეტი თანხების გამოყოფას 2012 წლის ბიუჯეტში.“

ედვარდ გარდნერის განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან სოციალური ხარჯების ეფექტურობის გაზრდის სხვადასხვა მექანიზმები განიხილეს. მისი აზრით, საჭიროა ფულადი დახმარების გაწევა სოციალურად ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის.

ფონდის მოსაზრებებს და რეკომენდაციებს ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე ოპონენტები. ერთ-ერთი, ვინც ფონდის მიერ სოციალური ხარჯების გაზრდის რეკომენდაციას არ ეთანხმება, არის ზურაბ ჯაფარიძე, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი:

„თუ საერთოდ რაღაც ხარჯები უნდა გაიღონ და არჩევანი არის გასაკეთებელი, ცხადია, ჯობია ისევ ინფრასტრუქტურაზე გაიღონ ხარჯები, ვიდრე ეს ხარჯები წავიდეს სოციალურ სფეროზე, რადგან ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები მეტ-ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს ინვესტიციად ეკონომიკაში, მაშინ როდესაც სოციალური ხარჯები არის ფული, რომელიც გაიფლანგება და რეალური შედეგის მოტანა არ შეუძლია. თუმცა რაც უფრო ნაკლები იქნება მთავრობის ხარჯები, მით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკის ზრდა.”

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც ზურაბ ჯაფარიძე და თავისუფალი ბაზრის მომხრე სხვა ექსპერტები არ ეთანხმებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს მთავრობის პოზიციას, არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ამის თაობაზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ედვარდ გარდნერი ამბობს:

„ვერ ვხედავთ აუცილებლობას, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს ან გამკაცრდეს ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, თუ ინფლაცია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს არ შეეხება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს ვერ დააბალანსებს, მოხდება მხოლოდ ფულადი დაბანდების შემცირება და ეკონომიკური განვითარების შემცირება.“

შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკა უფრო მეტად აღარ გაამკაცროს. სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე. მისი აზრით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, ანუ ფულის მასის ზრდა, კიდევ უფრო გააღრმავებს ინფლაციას:

„თვლიან, რომ თუ ფულის მასა არ გაიზრდება, ამან შეიძლება ეკონომიკის ზრდის შეჩერება გამოიწვიოს. სინამდვილეში ეკონომიკურ ზრდას ამცირებს ინფლაცია, იმიტომ რომ ინფლაცია აისახება ბანკის მიერ გაცემული სესხების პროცენტზე, ფულის ღირებულებაზე. თუ ინფლაცია არის დაბალი, ბიზნესმენის მიერ ბანკიდან აღებული სესხი არის უფრო იაფი, დაბალპროცენტიანი. ამ შემთხვევაში უფრო მეტი სტიმული არსებობს ბიზნესის დასაწყებად.“

ზურაბ ჯაფარიძე და ლიბერალური ეკონომიკის სხვა მიმდევრები კრიტიკულად უყურებენ საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის ისედაც დიდი მოცულობის საქართველოს საგარეო ვალს. შესაბამისად, ისინი სავალუტო ფონდთან ურთიერთობის შეწყვეტის მომხრენი არიან. საქართველოს მთავრობამ ასეთი ნაბიჯი 2007 წლის ბოლოს გადადგა - მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, თუმცა იძულებული გახდა ფონდის დახმარება კვლავ ეთხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში.
XS
SM
MD
LG