Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გასულ კვირაში საქართველოს ამბებზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა უცხოეთის პრესაში. მათში მოცემული იყო მოკლე ცნობები იმის თაობაზე, რომ პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელმა კომისიამ წარმოადგინა ახალი დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, გამსახურდია შესაძლებელია მოკლესო. იყო ასევე სხვა მოკლე ცნობები.

ენერგეტიკის სფეროდანაა წერილი, რომელიც ბრიტანეთის „გარდიანმა“ დაბეჭდა და რომელშიც მილსადენის პროექტ „ნაბუქოს“ მომავალზეა ლაპარაკი. ავტორი, ტიმ სვები, თავშივე წერს, რომ „ბრიტიშ პეტროლიუმის“ მიერ ხარჯების ხელახალი დათვლის შემდეგ ამ მილსადენის მშენებლობის გეგმას საფრთხე დაემუქრა. „იმ გაზსადენის მშენებლობის გეგმებს, რომელიც შუა ევროპისკენ მიემართება და რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებას მოემსახურება, სერიოზული საფრთხე გაუჩნდა, რადგან ხარჯების განმეორებით დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ მშენებლობის ფასი ორჯერ დიდია აქამდე ნავარაუდევზე. „გარდიანი“ წარმოადგენს რიცხვებს და ქვემოთ მოჰყავს „დელოიტის“ - ნავთობის სფეროში საკონსულტაციო ფირმის - მომსახურების დირექტორის გრემ სედლერის ნათქვამი, რომ „ევროკომისია მხარს უჭერს „ნაბუქოს“ პროექტს, რადგან ის რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს. პროექტის ეკონომიკური თავისებურება გაწონასწორებულია. რთულია გაზის ბაზარზე იმ ინფრასტრუქტურული მეგაპროექტის ამოქმედება და დაფინანსება, რომლისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია ფასის თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი გაზის მომწოდებლები. ასევე არსებობს ნედლეულის ფასებთან და სარესურსო ბაზასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც განამტკიცებდა გაზის მოწოდებას“. „გარდიანის“ სტატია სრულდება „ბრიტიშ პეტროლიუმის“ ნათქვამით: „კონსორციუმი „შაჰ-დენიზი“ აპირებს „ნაბუქოსა“ და მილსადენების სხვა ფირმებთან მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ არის სანდო მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზს ევროპაში ჩაიტანდა ახლო მომავალში“.

„ნიუ იორკ ტაიმსში“ 18 თებერვალს გამოქვეყნდა წერილი კონსერვატულ საქართველოში სექსუალური მორალის შესახებ. სტატიის ავტორი წერს შორენა ბეგაშვილზე, რომელიც ჟურნალ „პლეიბოის“ ქართული ვერსიის ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე იყო გამოსახული. „ნიუ იორკ ტაიმსი“ შეხვდა შორენა ბეგაშვილს და, მისი ამბის მიხედვით, საქართველოში მორალსა და სექსისადმი დამოკიდებულებაზე ესაუბრება მკითხველს. სტატიის ავტორის თვალით დანახული საქართველო არის, ერთი მხრივ, კონსერვატული კულტურის ქვეყანა, მეორე მხრივ, ქვეყანა, პროდასავლური მთავრობით სათავეში, და, ამის შესაბამისად, ახალგაზრდობაც ამ ორ ფენომენს შორის ცხოვრობს. ბეგაშვილი „ნიუ იორკ ტაიმსს“ ეუბნება ქართველი ქალების შესახებ: „ვერ გაუგიათ, ნებადართული აქვთ ამის კეთება თუ არა. ისინი ვერავისგან იღებენ პასუხს. დედებს თუ ჰკითხავენ, ისინი ეტყვიან, არა, გათხოვებამდე არ შეიძლებაო. ამიტომ წარმოდგენა არა აქვთ, რა ქნან“. გაზეთში საქართველოს ტრადიციებია ზედაპირულად აღწერილი და მოყვანილია სტატისტიკაც, გამოკითხვის შედეგი: 3000 სტუდენტიდან მამაკაცთა 91.4 პროცენტმა განაცხადა, რომ ერთხელ მაინც ჰქონდა სექსი, ქალებს შორის კი ასეთი მხოლოდ 15.1% აღმოჩნდა. გაზეთი შემდეგ შორენა ბეგაშვილის ტელეგადაცემაზე წერს და აუწყებს მკითხველს, რომ კონსერვატიულად განწყობილმა აქტივისტებმა ტელეკომპანიის პიკეტირება მოაწყვეს. რამდენიმე თვის შემდეგ შოუ ეთერიდან მოუხსნიათ და არხს მიზეზად პროექტის არარენტაბელობა დაუსახელებია, თუმცა, გაზეთის აზრით, ფონი დარღვეული ტაბუ იყო. ბეგაშვილი 16 წლის ქალიშვილი იყო, როდესაც თავის შეყვარებულთან იქორწინა, ძირითადად, როგორც ახლა ესმის, იმიტომ რომ სექსი უნდოდა. 18 წლისა შინ იჯდა ბავშვთან და შეჰყურებდა, როგორ ემზადებოდა ხოლმე ქმარი ღამით გარეთ გასასვლელად, უამბო მან გაზეთს. „ტელევიზიით სერიალებს ვუყურებდი, საკუთარ თავს სარკეში ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა“, – უთხრა „ნიუ იორკ ტაიმსს“ შორენა ბეგაშვილმა, რომელმაც შემდეგ „სკანდალური კარიერა“ დაიწყო. საქართველოში მაშინ გამომავალმა „პლეიბოიმ“ მიიწვია ის და ყდის პირველი მოდელობა შესთავაზა. თავიდან ვერ გაუბედავს ბეგაშვილს, მაგრამ მეორე ნომრის გამოცემისთვის თანხმობა განუცხადებია. ნიკო ნერგაძე, ჟურნალის მაშინდელი გამომცემელი, ამბობს: „მან ის ნიშა იპოვა, რომლისთვისაც მზად იყო. ის მზად იყო გაეხადა და სექსუალური პერსონაჟი გამხდარიყო. მისი მხრიდან ეს ძალიან დახვეწილი გადაწყვეტილება იყო. ეს მეტი იყო, ვიდრე საქმიანი გადაწყვეტილებაო“. შემდეგ გაზეთში საქართველოს ახლანდელ მთავრობაზეა ლაპარაკი, იმაზე, რომ ის არა მხოლოდ გეოპოლიტიკის, არამედ საზოგადოების შეცვლასაც აპირებს, თანახმად „ნიუ იორკ ტაიმსისა“, რომელიც კორუფციის დაძლევაში წარმატეტებს აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიის პოპულარობაზე იუწყება გაზეთი და დასავლეთის გავლენისადმი მის დამოკიდებულებაზე წერს. მორალი მთავრობის ოპონენტთათვის ეფექტური გამაერთიანებელიაო, ამბობს ნერგაძე. მათ მიაჩნიათ, რომ საერთო განცდას გადმოსცემენ, რომ სექსი ძალადობს ქართველებზეო, ამბობს ის. „იგივე ხალხი საქართველოში მიმდინარე პროცესს ძალადობრივ ვესტერნიზაციად მიიჩნევს“. ბეგაშვილს, რომელიც ახლა ფილმებში მონაწილეობს , არ ადარდებს, რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს საბოლოოდ. ის რელიგიურ აქტივისტებზე ამბობს, „მათი შვილები აკეთებენ იმას, რაც სურთ, უბრალოდ, მალულად აკეთებენო“. ქართველები სექსისადმი უფრო გულწრფელ, უფრო თანამედროვე მიდგომას არჩევენო, ამბობს შორენა ბეგაშვილი, რომელსაც „ნიუ იორკ ტაიმსმა“ მიუძღვნა სტატია.
ბრიტანულმა ჟურნალმა „პროსპეკტმა“ დაბეჭდა ვრცელი წერილი -„მიშას თავისუფლების ლაბორატორია“, რომელშიც საქართველოს ბოლო პერიოდის ეტაპებია განხილული. თავშივე სტატიის ავტორი წერს, პრეზიდენტ მიხეილ, მიშა სააკაშვილს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი დასავლური სტილის ეკონომიკასა და პოლიტიკურ თავისუფლებაშიაო, და სვამს შეკითხვას: შეუძლია კი კავკასიის ერთ პატარა ქვეყანას აამოქმედოსო ის? ერთ პასაჟს გაგაცნობთ წერილიდან. ავტორი წერს, რომ საქართველოში დიდ ენერგიას ხარჯავენ „პიარზე“. ამას ავტორი ადასტურებს მას მერე, რაც ბრიტანეთში უკან დაბრუნებულს უთხრეს, ალბათ, საქართველოში პროპაგანდა გაგიწიესო და იქვე წერს, დიახ, ექსპერიმენტს ბზარები აქვს, რომელთაგან ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაო. ერთი, მისი აზრით, ისაა, რომ საქართველოში დასავლური დემოკრატიის ნახევარია მხოლოდ. იქ არ არის რიგიანი ოპოზიცია და მთლიანად თავისუფალი არც სასამართლო სისტემაა და არც მედია. მეორე კი ისაა, რომ ეკონომიკა ზედმეტად მისდევს ამერიკელი ეკონომისტის, ფრიდმანის, იდეალიზმს და ქრონიკული უმუშევრობით და სიღარიბით იტანჯება. სტატიის იმ ნაწილში, სადაც ჟურნალი უშუალოდ სააკაშვილის მოსაზრებებს გვამცნობს, ავტორი წერს, რომ პრეზიდენტი, როცა მას ოპოზიციისა და სასამართლო სისტემის შესახებ ჰკითხეს, ნაწილობრივ დასთანხმებია ზემოთ აღნიშნულ შეფასებას და უთქვამს, ოპოზიციამ ორი წლის წინ პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა, ის ახლა ხელისუფლებასთან თანამშრომლობს სოციალურ საკითხებშიო. სააკაშვილის თანახმად, წერს ჟურნალი „პროსპეკტი“, სასამართლოების მიმართ ბოლო ხანს ნდობა გაიზარდა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG