Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარსარდლის სიტყვა


25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის 90-ე წლისთავზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა სამხედრო მოსამსახურეებსა და დაღუპული ქართველი იუნკრების შთამომავლებს. ოკუპაციის მუზეუმში კადეტთა სასწავლებლის კურსანტებით გარშემორტყმულმა მთავარსარდალმა რუსეთის იმპერიას „კვდომა“ და „მილევა“ უწინასწარმეტყველა, მოუწოდა მომავალ ოფიცრებს, „გაიზიარონ“ და „ისწავლონ“ 25 თებერვლის ოკუპაციის ისტორიული გაკვეთილები და ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ ბოლო ხანს სამხედრო მშენებლობაში მიღწეულ წარმატებებს.

საზოგადოების რომელ ჯგუფსაც უნდა ხვდებოდეს, საქართველოს პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემაა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა და რუსეთი, როგორც ამ თავისუფლების ისტორიული მტერი. 25 თებერვალს ოკუპაციის მუზეუმში, დღევანდელი კადეტებისა და ქართველი იუნკრების შთამომავალთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა „იმპერიის ბოროტი ირონია“ უწოდა იმ ფაქტს, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერებმა სწორედ 25 თებერვალი - საქართველოს იძულებითი გასაბჭოებისა და ანექსიის დღე - დაუდგინეს ქართველ ხალხს დღესასწაულად, რათა ერის „მეხსიერებიდან ამოშლილიყო 25 თებერვლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა“:

„თქვენ ეს აღარ გემახსოვრებათ, მაგრამ 25-30 წლის წინ ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობა ზეიმობდა საქართველოს გასაბჭოების დღეს, როგორც უდიდეს მოვლენას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა შავბნელი წარსულისაგან გაათავისუფლა. იწერებოდა ლექსები, სიმღერები, იდგმებოდა მონუმენტები, იღებდნენ ფილმებს... 25 თებერვალს კი - სხვათ შორის, ამ ბოლო დრომდე - ერთმანეთს ულოცავდნენ, როგორც კაცების დღეს.“

აქ პრეზიდენტ სააკაშვილს პატარა შეცდომა მოუვიდა. „კაცების დღე“, იგივე საბჭოთა არმიის დღე, საბჭოთა პერიოდში 23 თებერვალს აღინიშნებოდა. ახლა კი იმავე დღეს რუსეთში, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა, „მამულის დამცველთა დღე აღინიშნება“. შესაბამისად, უცვლელია რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს თავისუფლების მიმართ. თუკი საბჭოთა პერიოდში საქართველო მთლიანად იყო ოკუპირებული, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი - სამაჩაბლო და აფხაზეთი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ, სურვილის მიუხედავად, რუსეთი ახალი 1921 წლის 25 თებერვლის განმეორებას საქართველოში ვეღარ შეძლებს:

„განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მაშინ ის იმპერია მხოლოდ იბადებოდა, ახლა კი იგი კვდება და მილევის სტადიაშია. მაშინ ის იწყებდა მოძრაობას მსოფლიოს დომინაციისაკენ და საქართველო იყო პატარა დაბრკოლება ამ გზაზე, რომელიც უნდა გადაელახა. ახლა კი მას აქვს დაკარგული გავლენა, მისი პოზიციები დღითიდღე სუსტდება და საქართველო არის ბოლო საშუალება, რათა შეინარჩუნოს პოზიციები ანდა იმპერიის სტატუსის რაღაც მოჩვენებითობა მაინც.“

ამ ვითარებაში, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ასმაგად მართებს „სიფრთხილე და მობილიზაცია“, ოკუპაციის შედეგად მიღებული გაკვეთილებიდან დასკვნის გაკეთება და იმის ღრმა გააზრება, თუ რა იყო 25 თებერვალი:

„ეს გაკვეთილები აუცილებელია, რათა ჩვენ არასოდეს არ მივცეთ ვინმეს უფლება, რომ წაგვგვარონ ჩვენი თავისუფალი არჩევანი, გვქონდეს სუვერენული, დემოკრატიული, ევროპაზე ორიენტირებული, მაგრამ თავის ქმედებებში თავისუფალი, სრულფასოვანი სახელმწიფო.“

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის კედლებში მიხეილ სააკაშვილმა უპრიანად ჩათვალა მომავალ ქართველ ოფიცრებთან ესაუბრა იუნკრების თავდადებაზე, შეეხსენებინა მათთვის ათიათასობით დახვრეტილი და გადასახლებული მამულიშვილი, „ვინც უარი თქვა 1921 წლის 25 თებერვლის საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დავიწყებაზე“. საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილ და გადასახლებულ 80 ათასამდე ქართველ მამულიშვილზე რომ ლაპარაკობდა, საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ შეჩერდა თავისი ოჯახის წევრებზე, რომელთა რეპრესიების ამბავი მანამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო:

„მე კარგად ვიცი ეს, რადგან ჩემი ოჯახის უმეტესი ნაწილი მოყვა ამ რეპრესიების ქვეშ. ნაწილი განადგურდა... მე გამზარდა ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელიც ასევე იხდიდა სასჯელს საოკუპაციო ხელისუფლების დროს ციმბირში. მე ვიცნობდი მის მეგობრებს, ახლობლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან - სამეგრელოდან, აჭარიდან, იმერეთიდან, აფხაზეთიდან - ხალხს, ვინც ზუსტად ასევე, მასთან ერთად იყო გადასახლებაში და ზუსტად ასე მათი დიდი ნაწილი იქ დაიღუპა და ნაწილს სამუდამოდ დაუსახიჩრდა ცხოვრება.“

საქართველოს, როგორც იმპერიის ერთ-ერთ დაპყრობილ სუბიექტს, რომელიც ამავე დროს ცნობილი იყო თავისუფლებისმოყვარეობითა და ეროვნული სიამაყით, საბჭოთა კავშირმა „გეგმაზომიერად გაუნადგურა კვალიფიციური ოფიცრების თაობები და შემდეგ საერთოდ აკრძალა ქართველი ოფიცრების მიღება შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ამ თემაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ამჯერად საკუთარი სამხედრო ბიოგრაფია მოიშველია. გაიხსენა ის დრო, როდესაც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დიდ რეგიონში საქართველოდან ჯარში მხოლოდ ის მსახურობდა:

„საბჭოთა დროს, არაპრესტიჟულობისა და საბჭოთა ჯარის გახრწნილობის გამო, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყავდა მაღალი რანგის, გამოცდილი ოფიცრები. მე თვითონ ვმსახურობდი ორი წელი საბჭოთა ჯარში, სასაზღვრო ჯარებში, და ვიცი, რომ მთელ დასავლეთის ოლქში, რომელიც მოიცავდა უკრაინისა და მოლდოვის უმეტეს ნაწილს, ერთადერთი ქართველი ვიყავი, ვინც მაშინ მსახურობდა. ჯარშიც არ მიდიოდნენ ქართველები, მით უმეტეს, ოფიცრებად არ მიდიოდნენ. და ამიტომ საქართველოს პრაქტიკულად არ ჰყავდა არა მხოლოდ მაღალი რანგის ოფიცრები, არამედ სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.“

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოში - პირველად მრავალი წლის განმავლობაში - მხოლოდ ბოლო წლებში გაჩნდა მაღალკვალიფიციური ქართველი სამხედრო ოფიცრობა და არმია, ქართული სუვერენული სახელმწიფოს სამხედრო განათლების სკოლა და სამხედრო განათლების ამაღლების მექანიზმი. ამ სამხედრო სკოლის შემადგენელი ნაწილია ქუთაისის კადეტთა სასწავლებელიც, სადაც სამხედრო-სამოქალაქო განათლებას ეუფლება სამასი კურსანტი, რომელთა მისიაც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მდგომარეობს იმაში, რომ „შექმნან, დაიცვან, გააძლიერონ და გააერთიანონ ჩვენი თავისუფალი საქართველო.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG