Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი რუსული ფილმი და საქართველო


Germany - Berlinale 2011
Germany - Berlinale 2011
ერთი კვირის წინ ბერლინში დასრულდა 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამაში ჩართული ფილმების, ასევე ”ბერლინალეზე” გამოვლენილი ტენდენციების შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად გიამბობთ ბერლინის კინოფესტივალზე ნაჩვენებ ორ რუსულ ფილმზე, რომელთაც საქართველოსთან ბევრი რამ აერთიანებთ.

ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსში ჩართული იყო ერთი რუსული ფილმი - ალექსანდრე მინდაძის ”შაბათს”, რომელსაც მაყურებელი 1986 წლის აპრილში - ჩერნობილის რეაქტორის აფეთქების დღეებში - გადაჰყავს. საბჭოთა ეპოქაში ცნობილი დრამატურგის, მინდაძის, რიგით მეორე სრულმეტრაჟიან ფილმში იხატება სურათი აპოკალიფსისა, რომლისთვისაც არავინ იყო მზად. ფილმის გმირს, ახალგაზრდა პარტიულ მუშაკს, რომელიც ყველაზე ადრე იგებს ხანძრის შესახებ რეაქტორზე, მაგრამ პარტია უკრძალავს ინფორმაციის გავრცელებას პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ვერა და ვერ გადაუწყევტია როგორ მოიქცეს, ვის უშველოს - მხოლოდ საკუთარი თავი გადაირჩინოს და გაიქცეს? შეყვარებულიც? მეგობრებიც? იქნებ მთელი ქალაქი?

ალექსანდრე მინდაძე დღეს ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ რუს კინემატოგრაფისტად ითვლება. სხვათა შორის, მინდაძე მისი დედის გვარია. იგი ასევე ცნობილი რუსი საბჭოთა დრამატურგის, ალექსანდრ გრებნევის შვილია. თავის დროზე მისი სცენარების ეკრანიზაციას უამრავი პრობლემა შეუქმნა საბჭოთა ცენზურამ - არაერთხელ გააკრიტიკეს, როგორც წერდნენ, ”ტენდენციურობისა” და ”სუბიექტურობის” გამო. სხვათა შორის, სუბიექტურობაზე ალექსანდრე მინდაძემ ბერლინშიც ისაუბრა თავისი ახალი ფილმის პრემიერის შემდეგ.

საოცარია, მაგრამ ფილმის ჩვენების შემდეგ დარბაზში სტვენა გაისმა. პუბლიკა აქ, როგორც ჩანს, სულ სხვა ფილმს ელოდა - ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც ბუნების დამცველებს გაახარებდა და არამარტო მათ. ბერლინის ფესტივალის პუბლიკა, ტრადიციულად, ძალიან ”პოლიტიზებულად” ითვლება. ფილმის მხატვრულ ხარისხს ეს პუბლიკა ხშირად საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას (იმავე კანის ან ვენეციის ფესტივალებისგან განსხვავებით). მთავარია მაყურებელმა - ვიმეორებ, პოლიტიკურად აქტიურმა - თანამოაზრეს მიაგნოს სურათის ავტორში. ამიტომაც მოლოდინის ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, როცა ბერლინელ რეჟისორს, სირილ ტუშის, ოფისი გაუქურდეს და ახლად დამთავრებული ფილმის, ”ხოდორკოვსკის”, ასლი მოჰპარეს, გაღრმავდა ეჭვი, რომ ეფ-ეს-ბე ებრძვის სურათის რეჟისორს. მოლოდინი ფილმმა გაამართლა. მართალია, ”ხოდორკოვსკის” დასრულების შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ვერ დააბრალებს რუსულ სპეცსამსახურებს ვერაფერს, სანამ გამოძიება არ დასრულდება, თავად ფილმი ქმნის თავისებურ სურათს სრულიად რუსეთისა, რომელიც არა მარტო ხოდორკოვსკის, არამედ სურათის ავტორსაც ”ებრძვის” - არ აძლევს მას ინტერვიუს, გაურბის მიკროფონს... რუსულ საზოგადოებას, გარდა ხოდორკოვსკის მეგობრებისა, არ უნდა „იუკოსის“ შეფზე საუბარი, ეშინია, თუმცა, როგორც სირილ ტუშიმ განაცხადა პირად საუბრებში, დარწმუნებულია, რომ მისი ოფისი სწორედ სპეცსამსახურებმა გაქურდეს.

საშიში იყო თქვენთვის ამ ფილმის გადაღებაო? - იყვირა ვიღაცამ დარბაზიდან, რაზეც ავტორმა უპასუხა ერთი სიტყვით: ”არა”. პრობლემას სხვა რამე ქმნიდა - ადამიანებს ეშინოდათ ხოდორკოვსკიზე საუბარი. თავად ტუშიმ მოახერხა და ჩაიწერა პატარა ინტერვიუ სასამართლო დარბაზში, როგორც ამბობენ ხოლმე, ”პუტინის პირად პატიმართან”. ეს სიტყვა უფრო საპრეზიდენტო არჩევნებში წარმოთქმულ სიტყვას ჰგავს. თავად ფილმის ავტორიც არ მალავს, რომ როგორც კი ხოდორკოვსკი ციხეს დატოვებს, იგი რუსეთის ოპოზიციის ლიდერი გახდება.

ამიტომაც არის ტუშის ფილმი ეფექტური და ამიტომაც შეხვდა მას ოვაციებით ბერლინელი მაყურებელი. ალექსანდრე მინდაძის სურათს კი დაუსტვინეს.
მოლოდინის გაცრუება არავის უყვარს. არც კინოკრიტიკოსებს.

რუსული ფილმის პრემიერის შემდეგ ”Hollywood Reporter”-ის პოპულარულმა მიმომხილველმა დებორა იანგმა მინდაძის სურათს ვრცელი რეცენზია მიუძღვნა: ”შეიძლებოდა კარგი ფილმი გვენახა კატასტროფაზე, მაგრამ მივიღეთ აპათიის დამანგრეველი კვლევა”... იშვიათად გულწრფელი ნათქვამია! ”შეიძლებოდა გვენახა”, მაგრამ ”მივიღეთ კვლევა”! ეს ”კვლევა” აღარავის უნდა.. ყოველ შემთხვევაში, ”ბერლინალეზე” - ნამდვილად.

არადა, ”შაბათს” არა მარტო საინტერესო ”კვლევაა” ადამიანისა, რომელიც სასაზღვრო სიტუაციაშია მოქცეული, არამედ საინტერესო მხატვრული ნამუშევარიც; ფილმი ხან დანიურ ”დოგმას” ჰგავს, ხანაც თავისებური პოლემიკაა ამ სტილთან; დინამიკა, გამოხატული მოძრავი სუბიექტური კამერით, და სტატიკა, სურათები, რომელიც 80-იანი წლების კინოს მოგაგონებთ, გაერთიანებულია და იმდროინდელი საზოგადოების წინააღმდეგობებს ასახავს. საბჭოთა კავშირი ინგრევა, მაგრამ ხალხმა ეს ჯერ არ იცის. ანდა, როგორც თავად ალექსანდრე მინდაძემ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ”ფილმი გამოხატავს მდგომარეობას, რომელიც ასე შეიძლება აღვწეროთ: „სიკვდილი უკვე მოვიდა, მაგრამ სიცოცხლემ არ იცის ამის შესახებ”.

ესაა უმეცრების, სიბნელის, ფანატიზმის ბრწყინვალე სახე: ხალხი რადიაციისგან გადარჩენას წითელი ღვინით ცდილობს. ესაა საბჭოთა კავშირი, რომელიც არ დანგრეულა! მაგრაბ ”ბერლინალეს” პუბლიკას, როგორც ჩანს, ამის არ სჯერა და მოლოდინის გაცრუებას არავის აპატიებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG