Accessibility links

logo-print
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება გააკეთეს საჯარო სკოლების დირექტორთა სასერტიფიკაციო კონკურსის დაწყების შესახებ. მინისტრის - დიმიტრი შაშკინის - განმარტებით, კონკურსი ტარდება ზოგადი განათლების სისტემის სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლის დირექტორის სერტიფიკატის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა, უმაღლესი განათლების მქონე, მოქალაქეს. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს მიზანი კარგია, მაგრამ მისი რეალური განხორციელება საეჭვოა.

საჯარო სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტამდე გასტანს. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი იქნება კომპიუტერული ტესტირება, რომელიც 100 კითხვას მოიცავს, 4 სავარაუდო პასუხით, მეორე კი - ზეპირი გასაუბრება, კანდიდატმა სხვადასხვა თემაზე პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოს. კონკურსს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სერტიფიცირებული დირექტორების სახით, სკოლა მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ დირექტორებს შეიძენს, რაც სკოლებში კარგი განათლების მიღების საშუალება უნდა გახდეს:

”ეს არ ეხება სკოლის იმ დირექტორებს, რომლებიც არჩეულები არიან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. ეს ეხება მოვალეობის შემსრულებლებს ან ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და აქვს სურვილი გახდეს სკოლის დირექტორი. და უკვე მაისში მე მექნება საშუალება სხვადასხვა სკოლაში წარვადგინო ასარჩევი კანდიდატურა.”

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც აღნიშნა, გამოცდა ამჯერად არ შეეხებათ იმ დირექტორებს, რომლებიც სკოლებში არსებულმა სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს - მათ ვადა 2012 წლამდე აქვთ. დაახლოებით 1000-მდე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს, შეუძლია კონკურსში მონაწილეობა მიიღოს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გია მამულაშვილის განმარტებით, სერტიფიკატს 7 წლის ვადა აქვს, დირექტორად კი სერტიფიცირებულ კანდიდატს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ირჩევს.

”ვინც გაივლის ყველა ეტაპს, ანუ ტესტირებას და მერე გასაუბრებას, ისინი ყველანი პოტენციურად სკოლის დირექტორები იქნებიან, ანუ ყველას შეეძლება გახდეს სკოლის დირექტორი, თუ მათ აირჩევს სამეურვეო საბჭო”, ამბობს გია მამულაშვილი. მისვე განმარტებით, სკოლის დირექტორობის კანდიდატი დირექტორის სტანდარტით განსაზღვრულ მინიმალურ კომპეტენციას უნდა აკმაყოფილებდეს. სკოლის დირექტორის სტანდარტი კი, რომელიც შარშან პირველად მიიღო განათლების სამინისტრომ, 6 ძირითად ვალდებულებას გულისხმობს:

”ეს სტანდარტი განსაზღვრავს იმ კომპეტენციებს, რომელიც უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს. ეს არის იურიდიული საკითხების, ფინანსური და განათლების საკითხების ცოდნა.”

სკოლის დირექტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ეს ინიციატივა დაგვიანებულია, რადგან დირექტორები კონკურსს 2007 წლიდან ელიან. სამინისტროს ამ ინიციატივის პოზიტიური მხარის პარალელურად თეა თუთბერიძე ერთ ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოები გადაწყვეტილების მიღებისას სრულიად დამოუკიდებლები, ალბათ, ვერ იქნებიან:

”განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების გაშვებასთან დაკავშირებით ახდენს ზეწოლას სამეურვეო საბჭოზე. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ პროცესშიც შეიძლება მოხდეს სამეურვეო საბჭოების გადაწყვეტილებაში ჩარევა განათლების სამინისტროს მხრიდან.”

ჩვენ რამდენიმე სკოლის დირექტორსაც გავესაუბრეთ. მათ შორის ისინი, რომლებიც ამ თანამდებობაზე არჩეულები არიან, ინიციატივით ჯერ არ დაინტერესებულან, რადგან მათ სამუშაო ვადა კიდევ ერთი წელი აქვთ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთა ნაწილმა კი უკვე შეიტანა განაცხადი კონკურსში მონაწილეობისათვის. ასეთია 64-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მამსიკაშვილი:

”სამეურვეო საბჭოსთვისაც იოლი იქნება, რადგან მის წინაშე ასარჩევად წარდგება ისეთი პიროვნება, რომელსაც მაღალი პროფესიული სტანდარტი აქვს იმისათვის, რომ სკოლის წარმატებული დირექტორის საქმიანობას შეუდგეს.”

კონკურსში მონაწილე პირმა კომპეტენციის 70 %-იანი ზღვარი უნდა გადალახოს. დღეს საქართველოს მასშტაბით 1000-მდე სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს. ამ სკოლების დირექტორებად სერტიფიცირებული კანდიდატები უნდა დაინიშნონ. სკოლის დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდა ყოველ წელს ჩატარდება.
XS
SM
MD
LG