Accessibility links

ე.წ. ”სამარშრუტო ტაქსებზე” ტენდერის შედეგების შესახებ დღეს გაზეთების უმრავლესობაში წაიკითხავთ. ”მთელი კვირა” ტენდერის შედეგს ასე აღწერს: ”სქემა ასეთია: ერთი მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - ”ჯიემსი ჯგუფი” - თბილისის მერი გიგი უგულავა, მეორე მხრივ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - ”ჯიემსი ჯგუფი” - ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები შარანგიები”. ”მთელი კვირის” ავტორი დეტალურად ხსნის სქემას. ერთგან წაიკითხავთ: ”ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დამთხვევა, გარდა იმისა, რომ ”თბილქარის”, ”ფაბლიქქარისა” და ”თბილლაინის” წესდებები ერთმანეთის იდენტურია, არის ის, რომ კომპანიების საწესდებო კაპიტალი 100-100 ლარს შეადგენს, ერთი და იგივე ნოტარიუსი ამოწმებს და მოსაკრებელი ერთსა და იმავე ბანკის ფილიალში დაახლოებით 5-5 წუთიანი სხვაობით გადაიხადეს.”

”კვირიკატურა” - ასეთი წარწერა აქვს ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე დაბეჭდილ კარიკატურას, რომელზეც თბილისის მერია გამოსახული და მის გვერდით მდგომ ოთხ სამარშრუტო ტაქსიშიც გიგი უგულავები სხედან. ”კვირის პალიტრას” ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ უთხრა: ”თუკი ქალაქის ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, მათი ინტერესების დაკმაყოფილებაც შეიძლება და სიტუაციის დამშვიდებაც. თუ ამ ხალხის აზრი და გასაჭირი უყურადღებოდ დარჩება, ეს შეიძლება სხვა ფორმებში გადაიზარდოს. თუმცა მასობრივ სოციალურ უკმაყოფილებაში ამ ამბების გადაზრდა მაინც შეუძლებლად მიმაჩნია.“

”კვირის ქრონიკა” წერს, რომ მძღოლები და ხაზის მფლობელები საგაფიცვო კომიტეტს ქმნიან, რომელსაც მოძრაობა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა უდგება სათავეში. კუკავას ”კვირის ქრონიკისთვის” უთქვამს: ”კომიტეტი აქციების გაგრძელებასა და მისთვის უფრო დიდი მასშტაბების მიცემას აპირებს. საუბარია იმაზე, რომ ამ აქციას უნდა შემოუერთდნენ ექიმები, პატიმრების ოჯახის წევრები, მცირე მეწარმეები, პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, რომელიც გაწამებული ჰყავს სააკაშვილის არაადამიანურ, კრიმინალურ რეჟიმს.”

”ვერსია” წერს: ”დღეს, 28 თებერვალს, დედაქალაქის მოსახლეობა არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგებს იმკის. შესაძლოა, ეს საერთო ოპოზიციურ-სახელისუფლებო კამპანიის ნაწილი იყო, თბილისელების უგულავასადმი ”სიყვარულის გასანელებლად” და ამისთვის ნახევრად პარალიზებული ქალაქი სავსებით საკმარისი მოტივაციაა. 27 თებერვალს მძღოლების ნაწილი ხაზზე მაინც გამოვიდა, რასაც კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისა და ვინმე ”ოქროპირას” ზეწოლის შედეგად მიიჩნევს.

”ვერსიაშივე” დღეს წაიკითხავთ, რომ ”კურორტი ”საირმე” 1 ლარად პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატსა და ”თეგეტა მოტორსის” მფლობელს თემურ კოხოძეს ”აჩუქეს”.

”24 საათი” საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის სინგაპურში ვიზიტის შესახებ წერს სტატიაში, სათაურით „’სინგაპურიზაციის’ ხიბლი”. ავტორს დეპუტატ პავლე კუბლაშვილის ციტატა მოჰყავს: ”ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო რესურსების სწორი გამოყენებით, ფინანსური ნაკადების მიზნობრივი მართვით მუდმივად დაასწრო მოვლენებს და განავითარო ახალი ტექნოლოგიები, მუდმივად იზრუნო საკუთარი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი ცოდნის მიცემაზე.”

”პირდაპირ გეტყვით - მე ვემზადები ახალი რევოლუციისთვის, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს უკვე ვეღარ ვხედავ!” – ”ასავალ-დასავალის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ ციტატას. მის ავტორთან, პარტია ”ჩვენი საქართველოს” ლიდერ, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუს გაზეთში ნახავთ.

”ასავალ-დასავალში” დღეს ბევრ სხვა ინტერვიუსთან ერთად იგორ გიორგაძესთან ინტერვიუცაა დაბეჭდილი: ”საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში უკვე ვიღებ მონაწილეობას და ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ თქვენ ჩემგან ინტერვიუს იღებთ და გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები”. გიორგაძის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც ამ ინტერვიუში გაეცნობით, ასეთია: ”თუ დავუშვებთ იმას, რომ რუსეთის გეგმებში შედიოდა დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველოს ხელისუფლების დასჯა, მაშინ სააკაშვილი ზუსტად ის ფიგურაა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა აწყობდეს რუსეთს.” - ამის არგუმენტად გიორგაძეს 2008 წლის ომი მოჰყავს.
XS
SM
MD
LG