Accessibility links

logo-print

თბილისში ალექსანდრ ტორშინის განცხადებას გამოეხმაურნენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფუძვლოდ და მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერის ალექსანდრ ტორშინის განცხადება იმის შესახებ, რომ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში იანვრის ბოლოს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი საქართველოა. გაზეთ ”როსიისკაია გაზეტას” მიერ 25 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტორშინმა, რომელიც რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წევრიცაა, დომოდედოვოს ტერაქტთან დოკუ უმაროვის კავშირში ეჭვი შეიტანა და ორგანიზატორად საქართველოს მმართველი რეჟიმი დაასახელა. ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის ინტერვიუს თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მისი განცხადებით, რუსი მოხელის ამ მოსაზრებისგან განსხვავებით დასაბუთებულია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ მოქალაქეთა დაცვაზე მეტად არიან გაწაფულნი მეზობელი ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და სხვა მსგავსი განცხადებების მიღმა გაცილებით სერიოზული ჩანაფიქრია, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც მეტი ყურადღება სჭირდება.
XS
SM
MD
LG