Accessibility links

logo-print
20 თებერვალი, კვირა
დიდი ხანია არ ვყოფილვარ სოფელში. მანქანა არ იყო მწყობრში – რაღაც დაემართა თერმოსტატს, წყალს ადუღებდა და უაზროდ წვავდა ბენზინს. როგორც იქნა, გავაკეთებინე და დავგეგმე კვირას წასვლა.

სოფელი შემოქმედი ცნობილია მონასტრით, რომელიც აგებულია მე-12 საუკუნეში და დღესაც მოქმედია. ბათუმიდან გზა არაჩვეულებრივია. აღარც ვიხსენებ იმ დროს, როდესაც სოფელში ყველა ასვლის შემდეგ მანქანა სარემონტო იყო. ჩავედით დაახლოებით საათნახევარში მე და ჩემი უცვლელი თანამგზავრი - მეუღლე, რომელიც მარტოს მანქანით არსად მიშვებს.

სახლს და ეზოს ეტყობოდა, რომ რამდენიმე თვე მიტოვებული იყო. გურიაში ძალიან ბევრი სახლ-კარია ამ დღეში. გავაღეთ კარები, ფანჯრები, გავანიავეთ სახლი, დავანთეთ ბუხარი. ავედით მონასტერში, სადაც ჩემი წინაპრების საფლავებია. რამდენიმე წლის წინ გალავნის შიგნით მივაგენი ბებიაჩემის ბაბუის საფლავს (სასულიერო პირი იყო). იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა! როდესაც სანქტ-პეტერბურგიდან ჩემი ძმისშვილი ჩამოვიდა თავის შვილებთან ერთად, ამ მონასტერთან ავიყვანე, ვაჩვენე ქვის ჯვარი წარწერით და ავუხსენი, რომ ეს არის მათი ბაბუის ბებიის ბაბუის საფლავი.

გავუარეთ ბიძაშვილს, რომელიც ჩვენს საგვარეულო სახლში ცხოვრობს და მოვულოცეთ მეორე შვილიშვილის გაჩენა. იმდენად ცოტანი ვართ პეშკოვები, რომ ნებისმიერი მატება ჩვენთვის დიდი ზეიმია.

იქვე, უკვე მერამდენეჯერ წამოიჭრა საუბარი ჩვენს წარმოშობაზე. ვიცით, რომ ჩვენი დიდი ბაბუა, ივანე პეშკოვი, ოფიცერი იყო, ბაბუა კონსტანტინე სოფლის მამასახლისი, რომელიც მამინაიშვილის ქალზე დაქორწინდა, ჰყავდა 11 შვილი, და გარდაიცვალა 1916 წელს.

პარმენ ლორიას ერთ-ერთ ნაწარმოებში აღწერილია ასეთი სცენა: ურეკში გურულები ქეიფობენ, თამადამ წარმოთქვა დიდი რუსი ხალხის წარმომადგენლების სადღეგრძელო. სუფრასთან იყვნენ ვოლკოვი და პეშკოვი. ვოლკოვმა თქვა: ისეთი ასიმილაცია განვიცადე, მარტო გვარი დამრჩა რუსული და ამიტომ მგელაძით უნდა შევიცვალოო. პეშკოვმა თქვა: ისეთი ასიმილაცია განვიცადე, მარტო გვარი დამრჩა რუსული და ამიტომ, ამ გვარს დავიტოვებო. არ ვიცი, რამდენად რეალისტურია ეს მომენტი, მაგრამ, შესაძლოა, იქ სწორედ ბაბუაჩემზე ყოფილიყო საუბარი.



21 თებერვალი, ორშაბათი
ბათუმში რამდენიმე თვეა, წყლისა და საკანალიზაციო ქსელის სარემონტო სამუშაოები ტარდება. პრაქტიკულად ყველა ქუჩა გადათხრილია. ქალაქში გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტი ყოველდღე იცვლება. ამიტომ 15-20 წუთით ადრე მიწევს სახლიდან გასვლა.

რეანიმაციულ განყოფილებაში მუშაობა სადღეღამისოა, ამიტომ ახალი ცვლა დილის 9 საათზე მოდის. ყველა დღე მძიმეა, ორშაბათი - განსაკუთრებით. ხშირად რამდენიმე პროფილის სპეციალისტების კოორდინირებული ჩარევა ხდება საჭირო.

გუშინ, გვიან საღამოს, განყოფილებაში ფსიქიატრიული პაციენტი მოიყვანეს „ზოგადი გადაციებით“. დაკვირვების პროცესში მას დაუდგინდა კუჭის დილატირება (გაფართოება), სავარაუდოდ გამავალი ნაწილის სტენოზის (შევიწროების) გამო (კუჭიდან ევაკუირებულ იქნა 10 ლიტრამდე შეგუბებითი შიგთავსი), და მენინგიალური, ანუ თავის ტვინის გარსების, გაღიზიანების ნიშნები, შესაძლო მენინგიტის არსებობოს გამო.

ეს ყველაფერი დეტალურ გამოკვლევას საჭიროებდა და, დეკომპენსირებული სტენოზის დამტკიცების შემთხვევაში, შესაბამისი მომზადების შემდეგ, ოპერაციულ ჩარევასაც, რომელიც ამ პირობებში უკიდურესად მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული. არადა, ეს პაციენტის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

როდესაც პაციენტი შეურაცხადია, გადაწყვეტილების მიღების უფლება მის კანონიერ წარმომადგენელს ენიჭება. პაციენტის ოჯახის წევრებმა (მეუღლემ, შვილმა), სხვადასხვა მიზეზით, უარი განაცხადეს მკურნალობის შეთავაზებულ ტაქტიკაზე და პაციენტი სახლში წაიყვანეს. რა თქმა უნდა, მათთვის ეს გადაწყვეტილება მორალურად მძიმე იყო.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მაგონდება რომანი „ტიბოების ოჯახი“, სადაც მოხუც, ავადმყოფ მამასთან შვილს მიჰყავს ექიმი, რომელიც პაციენტს გასინჯავს, წამლებს გამოუწერს, მაგრამ პაციენტის ოთახიდან გამოსვლის შემდეგ შვილი ეუბნება ექიმს, რა საჭიროა ყოველივე ეს, მამამ თავისი სიცოცხლე უკვე განვლოო.

როდესაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ამ ადამიანთან უკვე მისმა შვილმა მიიყვანა ექიმი, მან უთხრა ექიმს: ამ ოთახიდან რომ გახვალთ, რაც უნდა გითხრათ ჩემმა შვილმა, არ დაუჯეროთო.

ალბათ, ყველა ადამიანს აქვს თავისი ბედის განსაზღვრის უფლება.

22 თებერვალი, სამშაბათი
მზიანი დილაა და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ზამთარი უკვე გადავიტანეთ. განყოფილებაში ოთხი ნევროლოგიური პაციენტი გვყავს, ორი მათგანი - უპერსპექტივო. უფრო სწორად, ერთი საერთოდ უპერსპექტივო, მეორე კი - სამუდამოდ დამოკიდებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ორ ენდოსკოპიურ ოპერაციაზე (ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია და პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექცია) ჩავატარე გაუტკივარება. 10 წლის წინ ენდოსკოპიური ოპერაცია ახალი ხილი იყო და ბათუმში მე ვიყავი პირველი, ვინც ის გაიკეთა.

დღისით მეგობარმა და კოლეგამ დამირეკა თბილისიდან – ჩამოსვლას ვაპირებ, ნათესავი მყავს შეუძლოდ და შენი დახმარება მჭირდებაო.
სამსახურის შემდეგ გავუარე მეუღლეს და ერთად წავედით სახლში. გზაში მითხრა, რომ ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა (ორივე ქალიშვილი თითქმის ერთდროულად გათხოვდა და ორივე ორსულად არის) ექოსკოპია გაიკეთა და უთხრეს, ყველაფერი კარგად არის და გოგონა გეყოლებაო. რაღაც წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა და უკვე შემიყვარდა ეს ბავშვი! სიძემ დაიჩემა, არ მჯერა მაგ დასკვნისო, დარწმუნებული ვარ, ბიჭი იქნებაო. Ха-ха! მეც ასე მეგონა თავის დროზე. საღამო გავატარეთ მთელი ოჯახის შემადგენლობით (მე, მარო, ორივე ქალიშვილი, სიდედრი და სიძეები), ბუხრის პირას. დღის წესრიგში იყო ბავშვის სახელის შერჩევა.

23 თებერვალი, ოთხშაბათი
ბოლო დროს განსაკუთრებული სიამოვნებით დავდივარ სამსახურში. ბედნიერების ბევრი განმარტება არსებობს. ჩემთვის ყველაზე მისაღებია გამოთქმა: „ბედნიერია ადამიანი, რომელიც დილით სიხარულით მიდის სამსახურში, ხოლო საღამოს სიხარულითვე ბრუნდება სახლში“. და მართლაც, თუ 24 საათის განმავლობაში ადამიანს საშუალოდ რვა საათი ძინავს, ხოლო დარჩენილი 16 საათიდან ნახევარს სამსახურში ატარებს და ის სამსახური კატორღაა – ბედნიერებაზე საუბარი ზედმეტია.

გასული წლის ბოლოს რეანიმაციაში გვეწვა ძალიან მძიმე პაციენტი პოლიტრამვის შემდგომი პოლიორგანული უკმარისობით. საბედნიეროდ, გადარჩა და გაეწერა სახლში. ეს ხომ უზარმაზარი პროფესიული სიამოვნებისა და კმაყოფილების გრძნობას იწვევს! ამ პაციენტის ახლო ნათესავი ბიზნესმენი, რომელიც მას პატრონობდა, დაგვპირდა, განყოფილებას გაგირემონტებთო. მე ამ კაცს არ ვიცნობდი, მადლობა გადავუხადე და ნახევრად მასხრობით ვუთხარი, მაინცდამაინც არ მჯერა მაგ დაპირების-მეთქი. მას არ წყენია. რამდენიმე დღის შემდეგ შემოგვითვალა, განყოფილება დაცალეთ, მოვდივართო. სწრაფად გადავიბარგეთ მესამე სართულზე და მართლაც მოვიდა 10-12 კაციანი ბრიგადა. მუშაობდნენ დღე და ღამე. ასრულებდნენ ყველა ჩვენს მოთხოვნას თუ კაპრიზს. თავადაც იჩენდნენ ინიციატივას და, საერთოდ, მუშაობდნენ არა რაღაც ვალის მოხდის მიზნით, არამედ სულითა და გულით. რემონტის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი თვეა, ვმუშაობთ და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღგვიქვამს, რომ ეს ჩვენი განყოფილებაა, იმდენად შეცვლილი და ლამაზია ის!

გია გვპირდება (და გია ჭყონიაა ის ადამიანი, ვინც ითავა ყოველივე ეს), რომ მოიწვევს მამაოს და წითელი ღვინით აკურთხებს და დალოცავს რეანიმაციულ განყოფილებას. მინდა პირადად ჩემი, განყოფილების პერსონალის, საავადმყოფოს ადმინისტრაციის და, საერთოდ, ნებისმიერი მოქალაქის სახელით ღრმა პატივისცემით გადავუხადო უდიდესი მადლობა ბატონ გიას. ღმერთმა უმრავლოს ქვეყანას ასეთი ადამიანები!

24 თებერვალი, ხუთშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, მივედი სამსახურში. ჩავატარე ხუთწუთიანი კონფერენცია. გარდაიცვალა ნეიროქირურგიული პაციენტი თავის ტვინის მძიმე დაზიანებით. ეს პაციენტი ოზურგეთიდან იყო გადმოყვანილი. მარტოხელა, უცოლშვილო, მაგრამ პირველივე დღიდან არ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები ბათუმიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან – რეკავდნენ თანაკლასელები. პაციენტი იყო 53 წლის, ანუ დაახლოებით 40 წლის მეგობრობა აკავშირებდათ.
დღეს მეც მომაკითხა სამსახურში ჩემმა თანაკლასელმა. ცოლს მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემები აქვს და პროტეზირებას საჭიროებს. ოპერაციის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ფარავს, მაგრამ არის სხვა ხარჯებიც, რომელთა გაღების საშუალებაც მას არ აქვს. რაც შემეძლო, დავეხმარე. ნათქვამია: „შენ რომ გიკეთებენ რაიმე კარგს, შენ გსიამოვნებს, ხოლო შენ რომ უკეთებ სხვას - შენც გსიამოვნებს და იმ სხვასაც, ანუ ორმაგი სიამოვნებაა“.

შუადღეზე დამირეკეს თბილისიდან IMSS-ის ოფისიდან: მაიკი ჩამოდის ბათუმში და შენთან შეხვედრა უნდაო. IMSS-ი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო სამსახურია. მე მათთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის პროექტში. მაიკი შოტლანდიელია და აქცენტის გამო ძალიან ძნელად გასაგები ინგლისურით ლაპარაკობს, მაგრამ ცოლი ჰყავს ქართველი და ცოტა ქართულიც იცის.

დღის მეორე ნახევარში თავისუფალი დრო მქონდა და წინა დღის დღიურის წერას შევუდექი. შემომესწრო ქირურგიული განყოფილების გამგე. რა თქმა უნდა, გადავდე ფურცელი. ხატვა რომ გიყვარს ვიცოდი, მაგრამ წერა რომ დაგიწყია, ეს რას ნიშნავსო? არა, ეს ისე, თავს ვირთობ-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ლექსების წერა თუ დაიწყე, მარინას არ უთხრა, ისედაც ბევრი პრობლემა აქვსო!

სამსახურის შემდეგ გავიარე კლინიკაში. მხოლოდ ერთი პაციენტი იწვა.
საღამოს დამირეკა მაიკმა - „შერატონში“ ვარ და მოდიო. ჰოლში შევხვდით. ბარში იჯდა. როგორც ყოველთვის, რაღაცას წერდა. გავიხსენეთ ძველი მეგობრები. ბათუმში ჩამოსვლის მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა, გადაუდებელ მედიცინაში ექიმების მომზადების ახალ პროგრამას ვამზადებო. აინტერესებდა, რა პოტენციალი არის ბათუმში გადაუდებელი მედიცინის სფეროში და თუ იქნება დაინტერესება სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობის მხრიდან. წავიყვანე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დავათვალიერებინე ახლად გარემონტებული რეანიმაციული განყოფილება. ძალიან მოეწონა – ჩანს, რომ მუშაობთო. პროგრამა რომ დაიხვეწება, ჩამოვალ და უფრო დეტალურად ვისაუბრებთო, შენი თანამშრომლების იმედი მაქვსო...

25 თებერვალი, პარასკევი
სამუშაო დღე იწყება დილის საერთო კონფერენციით, რომელსაც ატარებს მთავარი ექიმი და რომელზეც განიხილება განვლილ კვირაში ჩატარებული მუშაობა. განსაკუთრებულ შემთხვევებში კონფერენციას ესწრება დირექტორი და ეს ყოველთვის დაკავშირებულია რაღაც რადიკალურ ცვლილებებთან.

დღეს საუბარი იყო რეორგანიზაციაზე ქალაქის მასშტაბით. იგულისხმება ორი დიდი საავადმყოფოს გაერთიანება რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ეს პრინციპში ცნობილი იყო და წლების განმავლობაში არაერთხელ გამოთქმულა აზრი, რომ ბათუმისთვის საკმარისია ერთი მრავალპროფილიანი სტაციონარი. მაგრამ რეალობამდე რომ მივედით, წარმოიშვა მნიშვნელოვანი პრობლემა: რა ვუყოთ ამდენ თანამშრომელს? მაგრამ ასე თუ ისე, გაერთიანება გარდაუვალია.

მეორე საკითხი იყო საავადმყოფოს შიდა რეორგანიზაცია, ანუ უქმდება პატარა, არარენტაბელური განყოფილებები და იქმნება ქირურგიული და თერაპიული დეპარტამენტები. ეს ნიშნავს, რომ გაუქმდება განყოფილების გამგის სტატუსი, ხოლო დეპარტამენტის შემადგენლობაში სხვადასხვა პროფილს - უროლოგიას, ანგიოლოგიას, პროქტოლოგიას, გინეკოლოგიას და ა.შ. - გაუძღვებიან შესაბამისი დარგების წამყვანი სპეციალისტები. პრინციპში არც ეს არის ახალი. თავის დროზე ჩამოთვლილი სამსახურები წარმოიშვა ქირურგიული სამსახურის წიაღში, შემდეგ კი გამოიყო და ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. ახლა კი ხდება პირიქით: все новое - давно забытое старое, ანუ, როგორც ცნობილია, ევოლუცია სპირალისებრ ხასიათს ატარებს.

მესამე საკითხი ეხებოდა საშტატო პოლიტიკას. საპენსიო ასაკს მიღწეული ყველა ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და მის ადგილას დაინიშნოს ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანი. იდეა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მის განსახორციელებლად საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, ანუ ასაკი და, მით უმეტეს, მარტო ასაკი არ უნდა იყოს კრიტერიუმი. მთავარია, რისი შემძლეა ის ადამიანი, ვისაც ათავისუფლებენ ან ნიშნავენ.

სამუშაო დღის მეორე ნახევარმა ჩვეულებრივ რეჟიმში ჩაიარა.
საღამოს მარინა მიწვეული იყო თავისი თანამშრომლის 50 წლის იუბილეზე. მთხოვა, რომ მოიცლი, შენც მოდი, გაუხარდებაო. რომ მივედი, ქეიფის კულმინაცია იყო. სუფრასთან სამი კაცი და 35 ქალი იჯდა. მხურვალე ტაშით შემეგებნენ. იუბილარს მივულოცე და ჯარიმაც დამალევინეს. თამადა საცოდავ დღეში იყო, არავინ უსმენდა – ზოგი მღეროდა, ზოგი კი ლექსებს კითხულობდა. მარო გავიწვიე საცეკვაოდ. რაღაც ტანგოსმაგვარი გამოგვდის, ყველას ძალიან მოსწონს. მარო ხომ ამ დროს ყველაზე ბედნიერია და დაუღლელი! ქართული რომ დაუკრეს, ვიღაცამ უკნიდან მხარზე ხელი დამადო. მოვტრიალდი. პატარა გოგო იყო, გვერდით, მეთორმეტეკლასელების მაგიდიდან, საცეკვაოდ მიწვევდა. ქართულს ვერ ვცეკვავ, ამიტომ უარი ვუთხარი, მაგრამ რომ არ წყენოდა, ჩავიხუტე და გადავკოცნე. მარომ დაიჭირა ეს მომენტი: «Кто такая? Ты смотри, как пристает! Очень опасная девочка. Вот так пристанет и уведет!» ბევრი ვიცინეთ.

ცოტა ნასვამი კი ვიყავი, მაგრამ ვინც კი ჩამეტია მანქანაში, სახლებში ჩამოვარიგე. საბედნიეროდ, პატრული არ შეგვხვედრია.

26 თებერვალი, შაბათი
გუშინ, იუბილეზე რომ ვიყავი, რესტორანში ძალიან მხიარულ სიმღერას მღეროდნენ: ორშაბათი – შაბათია, სამშაბათი – შაბათია, ა. შ. შაბათი ხომ შაბათია!!!

ამ განწყობით გამოვიღვიძე. სასიამოვნო, მზიანი დილა იყო. 9 საათზე კლინიკიდან დამირეკეს – ორი პაციენტი გვყავს მომზადებული საოპერაციოდ და გელოდებითო. 10 საათზე შევიკრიბეთ. ეს პატარა, ექვს საწოლზე გათვლილი ქირურგიული კლინიკაა, განლაგებული ქალაქის ცენტრში. უკვე ორი წელია, საკმაოდ წარმატებით ვმუშაობთ. ვაკეთებთ სხვადასხვა ქირურგიულ, ნეიროქირურგიულ, პროქტოლოგიურ, გინეკოლოგიურ და პლასტიკურ ოპერაციებს. ძირითადად, ვმუშაობთ დღის მეორე ნახევარში და გამოსასვლელ დღეებში.

დღეს ის ორი პაციენტი, კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოზით, საოპერაციოდ იყო მომზადებული, ორივე - ახალგაზრდა ქალი. პირველი ოპერაცია დამთავრდა საკმაოდ სწრაფად. ჩვენი ქირურგები ბრწყინვალედ აკეთებენ ამ ოპერაციას. მეორე ოპერაცია ტექნიკურად შედარებით უფრო რთული იყო, თუმცა ისიც კარგად შესრულდა. პრობლემა შეიქმნა პაციენტის გამოღვიძების დროს, როდესაც გამოვლინდა ლარინგოსპაზმი, ანუ ხმოვანი იოგების სპაზმი – კრიტიკული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ვერ სუნთქავს და საჭიროა ტრაქეაში სასუნთქი მილის განმეორებით შეყვანა. ჩვეულებრივ, ლარინგოსპაზმი არის რეფლექტორული ხასიათის მოვლენა, რომელიც შედარებით იოლად იხსნება. ამ შემთხვევაში კი ის განპირობებული იყო იოგების შეშუპებით, რაც საჭიროებს რამდენიმესაათიან მედიკამენტოზურ მკურნალობას და მისი არაეფექტიანობის შემთხვევაში, დამატებით ოპერაციულ ჩარევას – ტრაქეოსტომიას. ამის გამო პაციენტი ვერ გამოვიყვანეთ საოპერაციოდან და იქვე შეიქმნა მის სამკურნალოდ ინდივიდუალური პოსტი. ყოველივე ამან, რა თქმა უნდა, ააღელვა პაციენტის ახლობლები. ბათუმი პატარა ქალაქია და ეს ამბავი სწრაფად გავრცელდა. დაიწყო სატელეფონო ზარები. დარეკეს კოლეგა-რეანიმატოლოგმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა... ჯანდაცვის მინისტრიც კი დაინტერესდა ამ საკითხით. სასიამოვნო ამ სიტუაციაში ის იყო, რომ ყველა, ვინც გვირეკავდა, გვთავაზობდა დახმარებას. საბედნიეროდ, ჩვენი ძალებით შევძელით პრობლემის გადაწყვეტა და სიტუაციის განმუხტვა. ხელი ძალიან შეგვიწყო ახლობლების პოზიციამ. მეუღლემ, რომელიც თავადაც ექიმია, რენტგენოლოგი, გვითხრა: როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე მოიქეცით და რასაც ჩათვლით საჭიროდ, ის გააკეთეთო. ეს იყო ღრმა ნდობისა და რწმენის გამოხატვა, რის დეფიციტსაც ბოლო დროს განვიცდით მედიცინის მუშაკები.

დაახლოებით ღამის 1 საათზე პაციენტის მდგომარეობა იმდენად სტაბილური გახდა, რომ შესაძლებელი შეიქნა მისი გადაყვანა ჩვეულებრივ პალატაში. ავადმყოფთან დარჩა მორიგე პერსონალი (ექიმი, ექთანი, სანიტარი), დანარჩენები კი სახლებში წავედით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილად გვეძინა. ტელეფონი თავთან მედო და ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დავრეკე კლინიკაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG