Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ოპონენტებს აწამებს


ალეს მიხალევიჩი
ალეს მიხალევიჩი
ბელორუსიის რეჟიმის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთი პრეტენზია გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინსკი არღვევს გაეროს მიერ დაწესებულ საერთაშორისო იარაღის ემბარგოს და საბრძოლო შვეულმფრენებს აწვდის კოტ-დ’ივუარის შეიარაღებულ ძალებს. გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოება შეაშფოთა ცნობამ იმის თაობაზე, რომ ბელორუსიის უშიშროების სამინისტროს (კაგებეს) ციხე დაემსგავსა საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს სასტიკად აწამებენ.

ბელორუსიის უშიშროების სამინისტროს ციხეში პატიმართა წამების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ალეს მიხალევიჩმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა როგორც ქვეყნის პროკურატურას, ასევე გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს. ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულმა პოლიტიკოსმა აღწერა თავისი პატიმრობის პირველი წუთები ბელორუსიის კაგებეს ციხეში და განაცხადა, „ეს საკონცენტრაციო ბანაკი მინსკის ცენტრში უნდა დაინგრესო.“

„გამომათრიეს საკნიდან იმავე ნიღბიანმა, კომუფლირებულ ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა, ზურგს უკნიდან დამადეს ხელბორკილები, ასწიეს ეს ხელბორკილები ისე, რომ ჩემი სახე ბეტონის იატაკს ეხეთქებოდა. დახვეული კიბით ჩამიყვანეს ერთკაციან საკანში, დამაწყებინეს ხელების აწევა, სანამ ძვლებმა ხრჭიალი არ დაიწყო და თან მოითხოვდნენ პირობა მიმეცა, რომ შევასრულებდი ყველაფერს, რასაც უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები მოითხოვდნენ. ხელები იმდენ ხანს მქონდა აწეული და ისე მაღლა, რომ ბოლოს იძულებული გავხდი დავთანხმებოდი.“

ბელორუსიის პრეზიდენტობის კანდიდატის ალეს მიხალევიჩის თქმით, ციხეში წამებას მიმართავენ იმისათვის, რომ გატეხონ ოპოზიციის ლიდერები და მიაღწიონ მათგან აღიარებით ჩვენებას. „მე შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი და ხელი მოვაწერე განცხადებას, რათა გამომეტანა ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდება კაგებეს ციხეში,“- განაცხადა ალეს მიხალევიჩმა, რომელიც ბელორუსიის უშიშროების კომიტეტის ციხიდან 19 თებერვალს გაათავისუფლეს და ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

როგორც ზემოთ ითქვა, ალეს მიხალევიჩმა ბელორუსიის ციხეში წამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუგზავნა გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს. თუმცა, ამას გარდა, გაეროს ხელმძღვანელობამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მინსკი საერთაშორისო ემბარგოს არღვევს და საბრძოლო იარაღს ყიდის კოტ -დ’ივუარის სამხედრო ძალებზე, რომლებიც ქვეყნის მმართველს უჭერენ მხარს. ამ ქვეყნის დიქტატორი ლორან გბაგბო საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის შემდეგაც უარს ამბობს პოსტის დატოვებაზე. კერძოდ, ლაპარაკია სამ სამხედრო ვერტმფრენზე, რომელთაგან ერთი 27 თებერვალს უკვე გადაეცა კოტ-დ’ივუარის სამხედრო ძალებს, დანარჩენებს კი 28 თებერვალს გადასცემენ. საბრძოლო იარაღის კოტ-დ’ივუარისათვის მიყიდვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მინსკი. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი სავინიხმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეშფოთებულია ამ განცხადებით:

„ბელორუსიის რესპუბლიკა ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ არავითარი შვეულმფრენები ბელორუსიიდან კოტ-დ’ივუარს არ გადასცემია.“

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი აცხადებს, რომ ბელორუსიამ დაარღვია საერთაშორისო ემბარგო კოტ-დ’ივუართან იარაღით ვაჭრობაზე და შაბათს ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვის წინადადებით გამოვიდა. მანამდე კი სკანდალური ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ერთი კვირის წინ კოტ-დ’ივუარში დაწყებულ ქუჩის ბრძოლებში რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა, გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი ორგანოს ინფორმაციით კი, 30 ათასამდე ადამიანმა დატოვა ქალაქი აბიჯანი. თუკი დადასტურდება ბელორუსიიდან საბრძოლო შვეულმფრენების მიწოდება, ეს ნიშნავს, რომ კოტ-დ’ივუარის სამხედრო ძალებს მიეცემათ საავიაციო იერიშების შესაძლებლობა, რაც მათ აღარ ჰქონდათ 2002 წლის პირველი სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის არმიამ პირწმინდად გაანადგურა კოტ-დ’ივუარის ავიაცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG