Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება ძალაშია


1 მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ძალაში შევიდა. ოფიციალურად ამოქმედდა ასევე რეადმისიის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მხარეები ვალდებულებას იღებენ საკუთარი არალეგალური მიგრანტები სამშობლოში დააბრუნონ.

დღევანდელი დღე გარდამტეხია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ფრანსუა მასულიემ და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებისა და რეადმისიის ხელშეკრულების რამდენიმე მნიშვნელოვან, კერძოდ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ-სავაჭრო და ე.წ. მობილურობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება:

ფრანსუა მასულიე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
”პირველი ეს არის პოლიტიკური მხარე. გამოვყოფდი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რაც, მართალია, არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ გულისხმობს ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნებთან. მეორე კომპონენტი არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გამყარება, რაც თქვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომოკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ღია იქნება ევროკავშირის ბაზარი - უდიდესი ბაზარი მსოფლიოში. გამარტივებული სავიზო მიმოსვლისა და რეადმისიის ხელშეკრულებები კი გაუმარტივებს მგზავრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს მათ, ვინც კანონიერად მგზავრობს ევროკავშირის ქვეყნებში და, პირიქით, ჩვენ გვინდა ეს პროცედურება გართულდეს არალეგალურად წასვლის მსურველი მიგრანტებისათვის.”

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებას პრევენციული ფუნქცია ექნება და ის ხელს შეუშლის ან, სულ ცოტა, დააფიქრებს იმ ადამიანებს, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში უკანონოდ წასვლა და დარჩენა სურს, ღირს თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება.

”რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება ნიშნავს შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 25-ს შორის, რომ ისინი იღებენ ვალდებულებას მათ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საკუთარი მოქალაქეები დაიბრუნონ. მაგალითად, თუ საქართველოში არალეგალურად იმყოფება საფრანგეთის მოქალაქე, საფრანგეთი ვალდებულია უკან დააბრუნოს თავისი მოქალაქე და, ლოგიკურად, ამავე გზით, საქართველოც მოვალეა თავისი არალეგალი მიგრანტები ჩამოიყვანოს საქართველოში გამარტივებული გზით.”

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მომავალში საქართველოს ევროკავშირთან ჰქონდეს ისეთივე უვიზო მიმოსვლა, როგორიც ჩვენ უკვე დავაწესეთ ევროკავშირის მოქალაქეებისათვის ...
ფრანსუა მასულიეს ვკითხეთ, კონკრეტულად რას ავალდებულებს რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას, მაშინ როდესაც არალეგალი მიგრანტების დაბრუნების ხარჯებს ევროკავშირის ქვეყნები გაიღებენ. მასულიემ გვიპასუხა, რომ საქართველოს ვალდებულება იქნება საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება- მომზადება, საზღვარგზე გადმოსვლის დროს დახმარება და მსგავსი ხასიათის ღონისძიებები.

პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყნისათვის და შეღავათები საქართველოს მოქალაქეებისათვის - ასე შეაფასა ორი მნიშვნელოვანი შეთანხმების ამოქმედება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.

ერთი დღით ადრე კი ევროკავშირის მხარდაჭერას, რომელიც კვლავაც გაგრძელდება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემაც გაუსვა ხაზი. რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარმა კი, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა ვასილ ჭყოიძემ, განმარტა, როგორი იქნება ამ შეთანხმებათა ამოქმედების შედეგი:

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ მომავალში საქართველოს ევროკავშირთან ჰქონდეს ისეთივე უვიზო მიმოსვლა, როგორიც ჩვენ უკვე დავაწესეთ ევროკავშირის მოქალაქეებისათვის.”

რადიო თავისუფლების მსმენელს კი ასეთი შეკითხვა გაუჩნდა: ”რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სეზონური სამუშაოს შოვნის მიზნით სურს წასვლა ევროპაში?“

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს: პირს, რომელსაც ოფიციალური მოწვევა აქვს მიღებული დამქირავებლისგან და კონტრაქტი აქვს მასთან დადებული, საქართველოდან გასვლის პრობლემა არ შეექმნება, არალეგალურად ქვეყნის დამტოვებელ პირებზე კი გამარტივებული პროცედურები არ გავრცელდება. ასევე, აუცილებლად რეადმისიის ხელშეკრულების შესაბამისად მოექევიან უცხოეთში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
რაც შეეხება გამარტივებულ პროცედურებს, სავიზო მოსაკრებელი 60-ის ნაცვლად შეადგენს 35 ევროს. სავიზო მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან პენსიონერები, 12 წლამდე ბავშვები, ეროვნული და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ისინი, ვისაც შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები ახლო ნათესავები ჰყავს, ოფიციალური დელეგაციის წევრები, მოსწავლეები, სტუდენტები, ჟურნალისტები, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მონაწილე პირები, მეცნიერები.

უვიზოდ მიმოსვლის საშუალება ეძლევათ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებს. პასუხს კი სავიზო განაცხადზე მთხოვნელი 10 დღის ვადაში მიიღებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG