Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის გაცემა დაიწყო


პირველი მარტიდან სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული მოსახლეობა ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალას მიიღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროექტის ძირითადი მიზანია აამაღლოს სიმინდის მოსავლიანობა და ხარისხი ქვეყნის მასშტაბით. პროექტს, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია ახორციელებს, უკანასკნელი მონაცემებით, 21 000-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. მათ მიერ მოთხოვნილი ჰიბრიდული სათესლე ჯიში, საერთო ჯამში, 30 000 ჰექტარზე დაითესება. მათივე მტკიცებით, ჰიბრიდული სიმინდის ჯიშისაგან მიღებული მოსავალი ერთ ჰექტარზე 8 ტონას შეადგენს, რაც რამდენჯერმე აღემატება ქართული სიმინდის ჯიშისაგან მიღებულ მოსავალს. სოფლის მეურნეობის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სიმინდის ჯიშები, თუ სათესლე-სანაშენე საქმე განვითარდა, გაცილებით უკეთეს მოსავალს მოუტანს მოსახლეობას, ვიდრე ჰიბრიდული ჯიში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას ამერიკული კომპანია ”პიონერი” სიმინდის თესლის ოთხ სახეობას წარუდგენს. როგორც პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე განმარტავენ, „პიონერი“ აწარმოებს და ამარაგებს მსოფლიოს 100 ქვეყანას საუკეთესო ხარისხის მარცვლეულითა და შემავსებლებით. საქართველოს მოსახლეობისათვის შეთავაზებული სათესლე მასალის მცირე დახასიათება იტყობინება, რომ ‘’პიონერის’’ ჰიბრიდული სიმინდის დამახასიათებელი ნიშნებია მაღალი მოსავლიანობა, მწიფობისას მარცვლის მიერ ტენის სწრაფად გაცემის უნარი, სტაბილურობა, გამძლეობა და პროგნოზირებადობა. ის არ არის გენმოდიფიცირებული. კომპანიის მიერ ჩამოთვლილი უპირატესობებით საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 21 000 ადამიანი დაინტერესდა.

შოთა თუშიშვილი, თელავის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მკვიდრი, ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალამ სწორედ იმ უპირატესობით მოხიბლა, რომლის შესახებაც სოფლის მეურნეობის კორპორაციის მცირე სარეკლამო რგოლში საუბრობენ: ”ამბობენ, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვისას გაცილებით მეტ მოსავალს მივიღებთ, ვიდრე აქამდე ვიღებდითო”, გვეუბნება შოთა თუშიშვილი. ”იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რაიონი გვალვებით გამოირჩევა, ქართული ჯიშის სიმინდი შედარებით ნაკლებ მოსავალს მაძლევდა. ვნახოთ, ამჯერად როგორ იქნებაო”, ამბობს ის. სიმინდის სათესლე მასალას კი მარტის თვეში ელოდება.

მოსახლეობისათვის შეთავაზებული ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა განკუთვნილია როგორც სასილოსედ, ასევე სასურსათო მოხმარებისათვის. სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ავტორთა თქმით, სიმინდის სათესლე მასალის მომლოდინეები ორ სეგმენტად დაიყო: პირველი -სოციალური სეგმენტი, ისინი, ვინც ერთ ჰექტარამდე სიმინდს თესავს, და მეორე - კომერციული, რომელთა მოთხოვნა ერთ ჰექტარს სცილდება. დავით ლობჟანიძე, პროგრამის დირექტორი, იმ პროცედურას განმარტავს, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა სათესლე მასალას მიიღებს: ”ის ადამიანები, რომლებიც ჰექტარსა და ჰექტარზე ნაკლები სიმინდის დათესვას გეგმავენ, მიბრძანდებიან ადგილობრივ გამგეობებში და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე წაიღებენ სათესლე მასალას შვიდთვიანი განვადებით. წარმოდგენილია დიდი და პატარა ზომის ტომრები. დიდი ტომარა თესავს ზუსტად ერთ ჰექტარ სიმინდს, პატარა ზომის ტომარა კი ჰექტარის მეოთხედს. დიდი ტომარა 240 ლარი ღირს, პატარა კი 70 ლარი”, - განმარტავს დავით ლობჟანიძე.
როგორც ის ამბობს, ვინაიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ტიპის ნიადაგია, სოფლის მეურნეობის კორპორაცია მოსახლეობას კონკრეტულად მათი რეგიონისათვის შესაფერისი სიმინდის ჯიშის დათესვას ურჩევს, რადგან აღნიშნულ პროგრამას შორს მიმავალი გეგმები აქვს. როგორც დავით ლობჟანიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, იგეგმება მოსავლის ექსპორტი და, შესაბამისად, სიმინდი ყოველგვარ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს: ”გვყავს ექსპერტები, რომლებმაც საქართველოში არსებული ნიადაგების შესახებ ყველაფერი იციან. შესაბამისად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს ვურჩევთ, თუ რომელმა რომელი ჯიში უნდა დათესოს”, - ამბობს დავით ლობჟანიძე.

პროფესორი აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი თვლის, რომ ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მისი თქმით, მსგავსი ტიპის სიმინდის დათესვამ შესაძლოა ქართული სიმინდის ტრადიციული ჯიშების დამტვერიანება გამოიწვიოს. ის მიიჩნევს, რომ თუკი საქართველოში სათანადოდ განვითარდება სათესლე-სანაშენე საქმე, ქართული სიმინდის ჯიშები გაცილებით კარგ მოსავალს მოუტანენ მოსახლეობას, ვიდრე ამჯერად მოსახლეობისათვის შეთავაზებული ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა: ”მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი სიმინდის ჯიშები აქვს. ეს არის მექსიკა, რუმინეთი, მოლდოვა და საქართველო. არაჩვეულებრივი აჯამეთის თეთრი, აჯამეთის ყვითელი, გეგუთის თეთრი, აბაშის ყვითელი - ეს უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშებია. სწორი აგროტექნიკისა და მინერალური სასუქების რაციონალური დოზით გამოყენების შემთხვევაში, ისინი ჰექტარზე 120-150 ცენტნერ სიმინდს იძლევიან. ქართული სიმინდის ჯიშები, შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ, გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემენ, ვიდრე ეს ჰიბრიდული ჯიშები. ეს აქსიომაა”, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
XS
SM
MD
LG