Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქ ზავიაჰის აღება სცადეს


გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ლიდერ მოამარ კადაფის მომხრე ძალებმა სცადეს მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქ ზავიაჰის აღება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ზავიაჰი დედაქალაქ ტრიპოლისთან ყველაზე ახლოს, 50 კილომეტრში მდებარე ქალაქია, რომელზეც მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს. თვითმხილველების ცნობით, კადაფის მომხრე ჯარებმა წუხელ, ტანკების და ანტისაჰაერო იარაღის გამოყენებით სცადეს ზავიაჰზე კონტროლის აღდგენა. ბრძოლაში, რომელმაც ექვსი საათი გასტანა, მეამბოხეებმა იერიშის მოგეირება შეძლეს. მოამარ კადაფის, რომელიც 41 წელია, ხელისუფლების სათავეში დგას, დაკარგული აქვს კონტროლი ლიბიის აღმოსავლეთ ნახევარზე, მაგრამ ჯერ კიდევ აკონტროლებს დედაქალაქ ტრიპოლის. კადაფიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ხალხს უყვარს და მზად არის, თავი გასწიროს მის გულისთვის. „მათ მე ვუყვარვარ. მთელი ჩემი ხალხი ჩემთანაა. ყველას ვუყვარვარ. ჩემი ხალხი სიცოცხლეს გაიღებს ჩემ დასაცავად“, - განაცხადა კადაფიმ დასავლურ მედიასთან საუბარში. გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა კადაფის გამოსვლას „ბოდვა“ უწოდა. ასევე რაისის თქმით, შეერთებულ შტატებს კავშირი აქვს ლიბიის ოპოზიციურ ჯგუფებთან. მისი განცხადების ფონია ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოება ლიბიასთან და ამ ქვეყნის მმართველთა საბანკო ანკარიშების გაყინვა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ვითარება ლიბიის დასავლეთში, ტუნისის საზღვარზე კრიზისს უახლოვდება მას შემდეგ, რაც 75 000 მიაღწია ლიბიაში ძალადობას გაქცეულთა რიცხვმა. ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უამღლესი კომისრის პრესმდივნის განცხადებით, ორშაბათს 14 000-მდე ადამიანმა გადაკვეთა ტუნისის საზღვარი, რაც ერთი დღის უდიდესი მაჩვენებელია. დღეს კი საზღვარზე 15 000-მდე ადამიანის გადასვლას მოელიან.
XS
SM
MD
LG