Accessibility links

logo-print

კადაფი დარწმუნებულია, რომ ხალხს უყვარს


ტრიპოლი, 28 თებერვალი: მუამარ კადაფი დასავლეთის მედიასთან ინტერვიუს დაწყებამდე

ტრიპოლი, 28 თებერვალი: მუამარ კადაფი დასავლეთის მედიასთან ინტერვიუს დაწყებამდე

ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა წუხელ წარუმატებლად სცადეს კონტროლის დამყარება ალ-ზავიაჰზე - დედაქალაქ ტრიპოლისთან ყველაზე ახლოს, 50 კილომეტრში მდებარე ქალაქზე, რომელიც მეამბოხეების ხელშია. თვითმხილველების ცნობით, კადაფის მომხრე სამხედროები ექვსი საათის მანძილზე, რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებდნენ ალ ზავიაჰზე იერიშს, ტანკებისა და მძიმე არტილერიის გამოყენებით. კადაფის მოწინააღმდეგეებმა მართალია, შეძლეს შეტევის მოგერიება, მაგრამ ქალაქი ალყაშემორტყმული რჩება და იქ მყოფი ხალხი სურსათით ვეღარ მარაგდება.

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალედ კაიმის განცხადებით, ხელისუფლება მეტ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, თუ ოპოზიციის ლიდერები უარს არ იტყვიან კადაფის გადადგომის მოთხოვნაზე. „თუ საზოგადოებრივი დიალოგისა და ურთიერთგაგების ყველა მცედლობა და ძალისხმევა ამაოდ ჩაივლის, თუ ინტელექტუალები და თემთა ლიდერები და ბრძენი ხალხი ვერ შეძლებს სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფას, მაშინ ძალიან კარგად გათვლილი ძალა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კაიმმა.

ძალას სავარაუდოდ გამოიყენებენ დასავლეთში, ტუნისის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ ნალუთის წინააღმდეგაც. ნალუთთან კადაფის ჯარები იკრიბებიან, რაც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, მასშტაბურ სამხედრო იერიშს მოასწავებს.

კადაფის რეჟიმი შეტევაზე გადავიდა აღმოსავლეთ ლიბიაშიც, რომელსაც, პრაქტიკულად, ოპოზიციონერები და მათ მხარეს გადასული სამხედროები აკონტროლებენ. ლიბიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ტყვია-წამლის საცავი ქალაქ ალ დაბიაში. გარდა ამისა, შეტაკების შესახებ იუწყებიან ტრიპოლის აღმოსავლეთით, 220-მდე კილომეტრში მდებარე ზღვისპირა ქალაქ მისურატიდან, სადაც კადაფის მხარდამჭერი ძალები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროდრომის დაკავებას ცდილობენ.

თვით მუამარ კადაფი, როგორც ირკვევა, დარწმუნებულია, რომ ის ხალხს უყვარს. „მათ მე ვუყვარვარ! მთელი ჩემი ხალხი ჩემთანაა. ყველას ვუყვარვარ. ჩემი ხალხი სიცოცხლეს არ დაიშურებს ჩემს დასაცავად“, - ეს სიტყვები კადაფიმ დასავლეთის მედიასთან ინტერვიუში წარმოთქვა. იქვე, შეკითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას, სიცილი დაიწყო და შემდეგი შეფასებაც გამოთქვა: ერთადერთი ოპოზიცია ლიბიაში ალ-ყაიდის უცხოელი ტერორისტები და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ლიბიელები არიანო.

აი, როგორი იყო გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, სიუზან რაისის რეაქცია კადაფის ინტერვიუზე: „ეს უბრალოდ, გულახდილად რომ ითქვას, ბოდვაა... და როცა (კადაფის) შეუძლია, იცინოს ამერიკელ და საერთაშორისო ჟურნალისტებთან საუბრისას, მაშინ როცა საკუთარ ხალხს ხოცავს, ეს უბრალოდ აშკარას ხდის, რომ არ შესწევს ლიდერის როლის შესრულება და რომ რეალობას მოწყვეტილია“.

სიუზან რაისის თქმით, შეერთებულ შტატებს კონტაქტი აქვს ლიბიელ ოპოზიციონერებთან. ამ განცხადების ფონია ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოვება ლიბიასთან. იუწყებიან აგრეთვე, რომ ვაშინგტონი ნატოელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს ლიბიაში ფრენისთვის აკრძალულ ზონის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა გაეროში გამოითქვა და ემსახურება კადაფის რეჟიმისთვის ხელის შეშლას იმაში, რომ საჰაერო ძალები გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კადაფის რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლა გამოიხატება სანქციებშიც, რომლებიც მიიღეს გაერომ, ევროკავშირმა და, დამატებით, ცალკეულმა ქვეყნებმა.
XS
SM
MD
LG