Accessibility links

logo-print

ბიზნესსაბჭოს პირველი ნაბიჯები


ბიზნესსაბჭოს შეხვედრა პარლამენტში

ბიზნესსაბჭოს შეხვედრა პარლამენტში

2 მარტს დეპუტატებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით პარლამენტში შექმნილმა ახალმა ორგანომ, ბიზნესსაბჭომ, პირველი შეხვედრა გამართა. საბჭოს წევრებმა იმ პრობლემათა ჩამონათვალის შედგენა სცადეს, რომლებიც სასწრაფო განხილვასა და საკანონმდებლო რეაგირებას საჭიროებს.
ბიზნესსაბჭოს შექმნის იდეა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. შეხვედრის დაწყების წინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საბჭოს მიზანი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის დამკვიდრება და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნაა:

„მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომლებიც აწუხებს ბიზნესს და დავეხმაროთ ამ საკითხების გადაწყვეტაში. სახელმწიფოს ამოცანაა მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს, რათა ეკონომიკა, ბიზნესი განვითარდეს და ამ განვითარების შედეგი იგრძნოს თითოეულმა ოჯახმა მეტი შემოსავლისა და დასაქმების გზით.“
ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობაა და მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება ვითარების შეცვლა...

მაინც რა უშლის ხელს ბიზნესის განვითარებას და რა აფერხებს შემოსავლის ზრდას? საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის თქმით, მეწარმეები არაერთ პრობლემას აწყდებიან და, შესაბამისად, ერთი და ორი პრიორიტეტული საკითხის გამოყოფა ძნელია.

საბჭოს მუშაობას იმედით უყურებს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძეც. მისი თქმით, ურთიერთობას პარლამენტთან, როგორც კანონებში ცვლილებების შემტან სახელმწიფო ორგანოსთან, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ცალკეული ბიზნესგაერთიანებებისთვის, ასევე მთლიანად ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„დეპუტატების მუშაობა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს კანონებზე, ბიზნესსა და ინვესტიციების შემოტანაზე. პრობლემათა ნაწილი შიდასახელმწიფოებრივია, ნაწილი კი - გლობალური. ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობაა და მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეიძლება ვითარების შეცვლა“, - უთხრა გიორგი ჭირაქაძემ რადიო თავისუფლებას.
პრობლემა ბევრია როგორც საგადასახადო სტრუქტურებთან, ასევე მოქმედი კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით...

ბიზნესგაერთიანებების გარდა, საბჭოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც შედიან. გიორგი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ, სასამართლო ხელისუფლების გამართული მუშაობის შემთხვევაში, დამატებითი რგოლის შექმნა საჭირო აღარ იქნებოდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ბიზნესსაბჭოს პირველ შეკრებაზე სხვა არაერთ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება:

„პრობლემა ბევრია როგორც საგადასახადო სტრუქტურებთან, ასევე მოქმედი კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. კონკრეტულ მაგალითს მოვიტან, რომელსაც ამ დღეებში აქვს ადგილი: 1 თებერვლიდან ძალაშია შესული ფინანსთა მინისტრის ზეპირი ბრძანებულება საბაჟო წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით. სარფში ასეულობით სატვირთო მანქანა ვერ კვეთს საზღვარს იმის გამო, რომ, ზეპირი განკარგულების თანახმად, ტვირთის გადმოტანა მხოლოდ კონტეინერებითაა ნებადართული.“

პასახად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება საბჭოს შეკრებაზე გაკეთებულ ყველა შენიშვნას გამოეხმაურება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის, თქმით, საბჭოზე განხილული არაერთი საკითხი, შესაძლოა, კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი გახდეს.

ბიზნესსაბჭოს პირველი შეკრება ორ საათში დასრულდა. საბჭოს წევრმა გიორგი ისაკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საბჭო, რომელიც 19 წევრისგან შედგება, რეგულარულად ორ თვეში ერთხელ შეიკრიბება და ბიზნესისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ საკითხზე იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG