Accessibility links

logo-print
საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ტორშინთან ინტერვიუს, რომელიც 1 მარტს ”როსიისკაია გაზეტაში” გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ტორშინი 24 იანვარს მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად საქართველოს და მის ”მმართველ რეჟიმს” ასახელებს.
თუ ქვეყანა ასეთ რამეს გიწყობს, როგორიცაა დომოდედოვოს ტერაქტი, ლოგიკურია, რომ ასეთ შემთხვევაშო ომისმაგვარ საპასუხო ქმედებებზე ფიქრობდე...

რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენლებმა დომოდედოვოს ტერაქტში ქართული კვალის თაობაზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ ტორშინის განცხადებას მისი პირადი მოსაზრება უწოდეს, რადგან ამ საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. როგორც ცნობილია, 24 იანვარს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო, თუმცა ამის არ სჯერა ალექსანდრ ტორშინს. „როსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, უმაროვი სააკაშვილს ტერაქტის ორგანიზებისთვის არ სჭირდებოდა, რადგან მას გამყიდველი ოსი სანაკოევი და მისი აგენტურა ჰყავსო. ტორშინი ამბობს, რომ ტერაქტების შემკვეთებს გამოძიება, როგორც წესი, ვერ ადგენს, მის მხოლოდ ორგანიზატორებს მიაკვლევს ხოლმე.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ამ სიტყვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის სიტყვებით, ეს ”მიზანმიმართული პროვოკაციაა” და საერთაშორისო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს:
რუსეთი დღეს მზად არ არის დიალოგისათვის, თავისი ასეთი ხისტი პოზიციის გასამართლებლად საერთაშორისო საზოგადოების თვალში ხისტ, მოუქნელ კონტრარგუმენტებს იყენებს, რაც, უბრალოდ, რუსულ სტილშია...

”ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ სპეცსამსახურებზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დაცვის ნაცვლად კარგად არიან გაწაფული მეზობელი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობაში, რაც, ამ განცხადებისგან განსხვავებით, დასაბუთებულია და მტკიცებულებები არსებობს... ამ განცხადების უკან უნდა დავინახოთ ბევრად უფრო სერიოზული ჩანაფიქრი, ვიდრე ეს მხოლოდ ერთი პირის ინტერვიუა.”

გუშინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე უფრო ზედაპირული შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტორშინის სიტყვებს და მას ”ტრადიციულად აბსურდული” უწოდა.

უნდა დაინახოს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ალექსანდრ ტორშინის ამ სიტყვებში საფრთხე და რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ის? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ რამდენიმე ექსპერტს მიმართა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან კონტრთავდასხმის მსგავსია ეს განცხადება, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ბოლო დროს რუსი აგენტების მასობრივი გამოვლინების საპირწონე იყოს. არის მოსაზრება, რომ, შესაძლოა, ასეთი განცხადებებით რუსული საზოგადოების საქართველოსთან ახალი ომის შესახებ აზრთან შეგუება სურდეთ. თუმცა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წარმოუდგენლად მიიჩნევს, ასეთი განცხადების მიუხედავად, რუსეთი მზად აღმოჩნდეს საქართველოსთან ახალი ომისათვის. სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ასე რუსეთი საქართველოსთან შესაძლო დიალოგს ეწინააღმდეგება:
როდესაც ალ-ყაიდამ გააკეთა ის, რაც გააკეთა ნიუ-იორკში, ამერიკამ ომი დაიწყო ავღანეთში და მაინცდამაინც ეს არავის გაუპროტესტებია, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ ეს იყო სამართლიანი პასუხი...

”მაშინ, როდესაც საქართველო მოუწოდებს რუსეთს დიალოგისაკენ, ამის კონტრარგუმენტად ნათქვამია, რომ აი ვის ველაპარაკოთ, ვინც გვიფეთქებს ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას გვიხოცავს, მკვლელებს გვიგზავნის? ამათთან როგორ შეიძლება საუბარი! - მე ეს უფრო მგონია. ვინაიდან რუსეთი დღეს მზად არ არის დიალოგისათვის, თავისი ასეთი ხისტი პოზიციის გასამართლებლად საერთაშორისო საზოგადოების თვალში ხისტ, მოუქნელ კონტრარგუმენტებს იყენებს, რაც, უბრალოდ, რუსულ სტილშია, ეს მათი ხელწერაა.”

თუ ასეთ განცხადებას სერიოზულ კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ, ბუნებრივია, შეიძლება ეს ომის საფრთხეს ნიშნავდეს, ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია:

”თუ ქვეყანა ასეთ რამეს გიწყობს, როგორიცაა დომოდედოვოს ტერაქტი, ლოგიკურია, რომ ასეთ შემთხვევაშო ომისმაგვარ საპასუხო ქმედებებზე ფიქრობდე ამ ქვეყანას მიმართ. როდესაც ალ-ყაიდამ გააკეთა ის, რაც გააკეთა ნიუ-იორკში, ამერიკამ ომი დაიწყო ავღანეთში და მაინცდამაინც ეს არავის გაუპროტესტებია, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ ეს იყო სამართლიანი პასუხი.”

ამის მიუხედავად, გია ნოდია იმასაც ამბობს, რომ ტორშინის ეს განცხადება იმდენად ქვეყნის რეალურ განწყობასა და მიზნებს არ გამოხატავს, რამდენადაც საზოგადოებაზე ზემოქმედებასა და ნიადაგის მოსინჯვას უნდა ისახავდეს მიზნად. პოლიტოლოგი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ამგვარ განცხადებას რაიმე სახის კონტრარგუმენტი, ალბათ, ნაკლებად მოჰყვება, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა მიენიშნოს დიპლომატიურ დონეზე, თუ რამდენად აგრესიულად არის რუსეთი განწყობილი საქართველოს მიმართ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG