Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები დედობის შესახებ კონვენციის მიღებას მოითხოვენ


საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის შესახებ 183-ე კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვს, კონვენციისა, რომელიც სახელმწიფოს დაავალდებულებს გადახედოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ქალთა უფლებებს - გაზარდოს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება და დედებს მისცეს შვილების ღირსეულად რჩენის საშუალება.
ამ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გადახედოს ფულადი ანაზღაურების დონეს...

სამიდან რვა მარტამდე თბილისში ქალთა კვირეული ტარდება, სახელწოდებით “ქალები სოციალური სამართლიანობისათვის”. პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის მიერ ამ დევიზით ჩატარებული პირველივე ღონისძიება ქალთა უფლებებს ეხებოდა, გათვალისწინებულს შრომის იმ კოდექსით, რომელიც მიღების დღიდან არაერთმა ექსპერტმა და ორგანიზაციამ შეაფასა როგორც დისკრიმინაციული. საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, ქალთა ორგანიზაციებთან ერთად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დედობის შესახებ 183-ე კონვენციის რატიფიცირების მოთხოვნით გამოდის.

”ამ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გადახედოს ფულადი ანაზღაურების დონეს. 2006 წლის შემდეგ ინფლაცია ქვეყანაში 30%-მდე გაიზარდა, სასურსათო პროდუქტებზე ფასები, ფაქტობრივად, გაორმაგდა, ხოლო ის ანაზღაურება, რაც დეკრეტული შვებულებისთვისაა დადგენილი, ნამდვილად ვეღარ დაფარავს ელემენტარულ ხარჯებსაც კი.”
კონვენცია ავალდებულებს მთავრობას, რომ დედამ შვილის ღირსეულად რჩენა უნდა შეძლოს...

აქვე შეგახსენებთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, დასაქმებულ ქალს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით, მაგრამ აქედან ანაზღაურდება მხოლოდ 126 კალენდარული დღე, ტყუპის გაჩენის შემთხვევაში კი - 140. სახელმწიფოს დახმარება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ერთჯერადად გასცემს, 600 ლარია. იმ ორგანიზაციებში, რომლებზეც საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ ვრცელდება, სადეკრეტო შვებულების ანაზღაურების საკითხი ინდივიდუალურად წყდება კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით. ეთერ მათურელი ამბობს, რომ დედობის შესახებ კონვენცია საქართველოს მთავრობას დაავალდებულებს გააუმჯობესოს დასაქმებული ქალების უფლებრივი მდგომარეობა:

”კონვენცია ავალდებულებს მთავრობას, რომ დედამ შვილის ღირსეულად რჩენა უნდა შეძლოს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა იქნება ეს თუ დედის ბიოლოგიური ფუნქციის შენარჩუნება, მაგრამ როდესაც დედები ბავშვის საფენებს ცალობით ყიდულობენ, იქ რა სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზეა ლაპარაკი?”
ხდება ისეც, რომ ორსულობის გამო შესაძლოა უარი უთხრან ქალს დასაქმებაზე. ამიტომ შრომის კოდექსში უნდა ჩაიდოს გარანტია, რომ ორსულობა და მშობიარობა არ გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი...

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თინათინ ავალიანი განმარტავს, რომ შრომის კოდექსში ქალებთან მიმართით დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ნორმა არ დევს, მაგრამ მასში იმდენად ბევრი ხარვეზი და ბუნდოვანი დეტალია, რომ სწორედ ეს აძლევს დამსაქმებელს კოდექსის დისკრიმინაციულად გამოყენების შესაძლებლობას. მართალია, მხოლოდ ქალებზე არ ვრცელდება, მაგრამ მხოლოდ ის რად ღირს, რომ დამსაქმებელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია სამსახურიდან დაითხოვოს დასაქმებული. მაგალითად, შრომის კოდექსში არსად წერია, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა განთავისუფლდეს, მაგრამ პრაქტიკაში, თინათინ ავალიანის თქმით, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია:

”ხდება ისეც, რომ ორსულობის გამო შესაძლოა უარი უთხრან ქალს დასაქმებაზე. ამიტომ შრომის კოდექსში უნდა ჩაიდოს გარანტია, რომ ორსულობა და მშობიარობა არ გახდეს დისკრიმინაციის საფუძველი.”
ერთ-ერთ ბორტგამცილებელს კონტრაქტში ეწერა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეეძლო დაფეხმძიმება...

პრობლემებს ყველაზე ხშირად კერძო სექტორში დასაქმებული ქალები აწყდებიან - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი კონტრაქტი არ არსებობს. აქ უარყოფითი მომენტი ისაა, რომ ”ასეთი კონტრაქტის შემთხვევაში საქმე თავიდანვე წაგებულია”, - ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია. არის უფრო მძიმე შემთხვევებიც, როდესაც დამსაქმებელი ქალს პირდაპირ უკრძალავს დაფეხმძიმებას მასთან მუშაობის პერიოდში:

”ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია მაგალითი მოვიყვანო - ერთ-ერთ ბორტგამცილებელს კონტრაქტში ეწერა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეეძლო დაფეხმძიმება. თუმცა ის მაინც დაფეხმძიმდა და ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ცხადია, ეს არის დისკრიმინაცია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, და ასეთ ჩანაწერებს შრომის კოდექსი უნდა კრძალავდეს.”

ქალთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ კონვენცია პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს, მაგრამ ის არის ერთ-ერთი ბიძგი ქალთა უფლებების დაცვისაკენ. თამარ გაბისონია განმარტავს, რომ კონვენცია მინიმალურ სტანდარტს ადგენს და სახელმწიფოს, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია უფრო მაღალი სტანდარტიც გაითვალისწინოს. თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეს მოქმედ შრომის კოდექსს არაფერი დაეწუნება. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვახტანგ ლეჟავამ რადიო თავისუფლებას ეს მოსაზრება ორიოდე დღის წინ კიდევ გაუმეორა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG