Accessibility links

logo-print
ხალხი ჭორაობს: თბილისის რესტორნებში რუსული სიმღერები აიკრძალაო. არაოფიციალურად, ასე ვთქვათ. კანონით არა (მადლობა ღმერთს!).

არ მინდა, დავუჯერო ასეთ სულელურ ჭორს. არა მგონია, მთლად ასეთი ინფანტილურები ვიყოთ. ვისაც რა უნდა, ის იმღეროს და იმ მუსიკაზე იცეკვოს, ამას რა კამათი სჭირდება!

გამოვტყდები, დიდად არც მე მსიამოვნებს, დამთვრალ ქართველს რაიმე საბჭოურ სიმღერას რომ ამოამღერებინებს ხოლმე მისივე მრავალტანჯული ქვეცნობიერი (თავად შევსწრებივარ - ქართველთა უმეტესობა მაშინ ღნავის რუსულ-საბჭოურ მელოდიებს, როცა გალეშვის ფატალურ სტადიაშია), მაგრამ ის კი უფრო არ მესიამოვნება, ჭორი რომ ჭორად არ გამოდგეს...

მერედა, განა არ ვიცნობთ საკუთარ თავს? აუკრძალავ ქართველს რუსულად (ან ნებისმიერ სხვა 59 ენაზე) სიმღერას და ჯინაზე იმღერებს. იატაკქვეშა ორგანიზაციებს შექმნის და იქ იღიღინებს თეორიულ ამკრძალავთა გულის გასახეთქად.

მეც იმავეს ვიზამ, რუსულად (ან ნებისმიერ სხვა ენაზე) კითხვაში რომ შემიშალონ ხელი; ავიღო წიგნი და უცებ ვიღაც არაადეკვატური პატრიოტი მომახტეს: ნუ კითხულობ, სამშობლო უნდა გიყვარდესო! ჯინიანობის გამო, შესაძლოა, სტარო-რუსულადაც დავიწყო კითხვა... პრობლემაა? არ ვიცი. მაგრამ ადამიანური რომაა, ფაქტია.

მაგრამ, მოდი, აბა, ახლა სხვანაირადაც დავფიქრდეთ: რაკი ასეთი ჯინიანები ვართ და ასე გვიყვარს აკრძალულ ნაყოფთა სინჯვა, იქნებ მართლაც ღირდეს რუსული ლიტერატურის შედევრებისა და გენიალური რუსი კომპოზიტორების აკრძალვა? ანუ მდარე, სარესტორნო რეპერტუარი კი არა, არამედ მუსორგსკი, ჩაიკოვსკი, სტრავინსკი, პროკოფიევი და შოსტაკოვიჩი აგვეკრძალა? იქნებ ასე მაინც დაგვეახლოვებინა ფართო მასები ამ შედევრებთან? დარწმუნებული ვარ, ვინმეს რომ თავში მოუვიდეს, ვთქვათ, ჩაიკოვსკის მეოთხე სიმფონიის ან შოსტაკოვიჩის მერვე კვარტეტის აკრძალვა, ასიათასობით აქტიური და ჯინიანი ქართველი შეიყვარებს ამ ნაწარმოებებს. ჩვენს ქვეცნობიერსაც შესამჩნევად დაეტყობა "დახვეწის" ნიშნები.

ასე მოხდა თურმე ისრაელშიც. რაც ვაგნერი აიკრძალეს (დღემდე ვერ გამიგია, რა კავშირშია ვაგნერი და გერმანული ნაციზმი ერთმანეთთან - კაცმა თავისი ყველაზე სათუთი ქმნილების, "პარციფალის" პრემიერა, ებრაული წარმოშობის დირიჟორს მიანდო ბაიროითის ფესტივალზე, და არც დაფიქრებულა, სადაური იყო ეს მუსიკოსი), მას უამრავი ჩუმი და ჯიუტი მიმდევარი გამოუჩნდა თავად ისრაელში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჭკვიანმა დანიელ ბარემბოიმმა (რომელიც თავადაც ებრაული წარმოშობისაა) ებრაელებისგან და პალესტინელებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი შექმნა და პირველი, რაც დაუკრა, რიხარდ ვაგნერის მუსიკა იყო. აი, ასე.

გაგიმხილოთ ჩემი, როგორც მელომანისა და მოქალაქის გულწრფელი და ეგებ ცოტა გულუბრყვილო სურვილი? დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი ასეთ ორკესტრს, - დავაზუსტებ: ოღონდ ჩვენს "კონტექსტში" - სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდებოდნენ აფხაზი, ოსი, რუსი და ქართველი მუსიკოსები. დირიჟორად კი, ცხადია, ვალერი გერგიევს მოვიწვევდი (თუ გამოუშვებდნენ). ჯერ კიდევ როდის ითქვა, მუსიკა და, საერთოდ, ხელოვნება, ზენაციონალური მოვლენააო (მხოლოდ აგრესიული ნაციონალისტები და გაქვავებული ბიუროკრატები ფიქრობენ სხვაგვარად), რამდენი რამის თქმა და "შეპარება" შეიძლება ერთმანეთისათვის ამ უნივერსალურ ენაზე!

მოკლედ, ჩემი აზრი ასეთია: რაც მეტ დროს დავუთმობთ ყურებს, მით უკეთესია.

როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. ბანალური და მეტად საჭირო ლოზუნგიც ამას გვეუბნება - ვისმინოთ და ვუსმინოთ! მთავარი, მგონი, მაინც ეს ყოფილა - მოსმენის უნარი.

ბოლოს კი, მოდი, ”მტრის” შედევრს მოვუსმინოთ - ფრაგმენტს ჩემი საყვარელი კომპოზიტორის, დმიტრი შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონიიდან.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG