Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ გორბაჩოვი 80 წლის გახდა


მიხაილ გორბაჩოვი
მიხაილ გორბაჩოვი
ყოფილი საბჭოთა ლიდერი, საბჭოთა სისტემის რეფორმატორად ცნობილი მიხაილ გორბაჩოვი დღეს 80 წლის შესრულდა. ახლახან რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტ ლიუდმილა ტელენს მან მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელშიც მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის ამჟამინდელი მმართველი ელიტა.

რადიო თავისუფლება: ზოგადად როგორ შეაფასებდით რუსეთის ამჟამად მოქმედ პოლიტიკურ სისტემას?

მიხაილ გორბაჩოვი: შეხედეთ, როგორ ყალიბდება დღევანდელი ხელისუფლება. არჩევენ თავიანთ ახლობლებს, ხალხს, ვისთან ერთადაც სწავლობდნენ, ყოფილ მეზობლებს, ვისაც ეზოში ფეხბურთს ეთამაშებოდნენ, პირებს, ვისთან ერთადაც რაღაცებს „ხლაფორთობდნენ“, და ახლა ამ „ხლაფორთს“ აქაც აგრძელებენ. პიროვნული ერთგულება, პიროვნული ნაცნობობა, ახლობლური ურთიერთობები - ეს არ არის სწორი ფორმა. მე ამას გადაჭრით უარვყოფ.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ასეთი ადამიანები მათ არ უღალატებენ, როგორც თქვენ გიღალატათ ახლო გარემოცვამ 1991 წლის აგვისტოში.

მიხაილ გორბაჩოვი: და ერთიანი ძალებით ხალხს რომ ღალატობენ, ამას რა ვუყოთ? დაიტაცეს საკუთრება, ფულს ჩუმად გზავნიან საზღვარგარეთ. კორუფციასთან ომის ნაცვლად, ამის იმიტაცია ხდება. შედეგი რა არის? შარვალი იგივეა, ოღონდ ელვა-შესაკრავი აქვს უკანა მხარეს, ხალხში როგორც იტყოდნენ.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ხალხი, ვინც დღეს რუსეთის ხელისუფლებაშია, რატომ არის ასე შორს „პერესტროიკის“ იდეალებად ცნობილი ღირებულებებისგან?

მიხაილ გორბაჩოვი: იმიტომ, რომ ისინი არ აურჩევიათ. ეს არ იყო არჩევნები. 1989 და 1990 წლების შემდეგ, როცა, ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის ქვეშ, რესპუბლიკებში გაიმართა პირველი თავისუფალი არჩევნები, ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევნები აღარ ჩატარებულა. გაიხსენეთ 1996 წელი. ახლაც უცნობია, რა მოხდა. ამბობენ, რომ [კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი] ზიუგანოვმა გაიმარჯვა და ეს მანაც იცოდა, თუმცა შეეშინდა და აღარ იბრძოლა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ ვლადიმირ პუტინმა მართლა გაიმარჯვა არჩევნებში. მაშინაც კი, თუკი ვიტყვით, რომ გარკვეული გაყალბება იყო, 2000 და 2004 წლებში, უმრავლესობამ მას ნამდვილად მისცა ხმა.

მიხაილ გორბაჩოვი: კენჭისყრა მართლა თავისუფალი რომ ყოფილიყო, ოპოზიციური ძალების ბევრად უფრო მეტი წარმომადგენელი იქნებოდა. მაშინ სხვა, სხვანაირ გარემოში მოხდებოდა საკითხების გადაჭრა და კანონების შექმნა. შეხედეთ განვითარებულ ქვეყნებს, განვითარებული დემოკრატიის მქონეებს. პარლამენტში სამი, ოთხი პარტიაა წარმოდგენილი და 40-ზე მეტი მანდატი არც ერთ პარტიას არ აქვს. იქ ყოველთვის საჭიროა ოპოზიციასთან შეთანხმება.

რადიო თავისუფლება: თუმცა ახლახან თქვენ პუტინს 2018 წელსაც უწინასწარმეტყველეთ გამარჯვება - რა იგულისხმეთ?

მიხაილ გორბაჩოვი: მე ეს არ მითქვამს. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ ვთქვი - რომ მოვა დრო, როცა დასხდებიან და გადაწყვეტენ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვინ სად წავა. ეს სამარცხვინოა-მეთქი. მათ მაგივრად მრცხვენია. მოურიდებლად იქცევიან - თითქოს არც საზოგადოება არსებობს, არც კონსტიტუცია, არც საარჩევნო სისტემა. ისინი - ორნი - მიიღებენ გადაწყვეტილებას. "დუიმვირატია", ასე ვთქვათ. ჩვენ სად ვართ-მეთქი, ვიკითხე, 140 მილიონი ადამიანი? ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს არ მომწონს. აცხადებენ, ქვეყნის მსხნელები ვართო. ჩემი აზრით, აქამდე ბევრი აკლიათ.
XS
SM
MD
LG