Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციური იდეები ოპოზიციაში


საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან
ოპოზიციის ერთი ნაწილი გაზაფხულს რევოლუციის წინათგრძნობით შეხვდა. „ქართული პარტიის“ ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სულ მალე საქართველოში მოვლენები ეგვიპტის სცენარით განვითარდება. ხელისუფლების არჩევნებამდე შეცვლისა და ეგრეთ წოდებული „მშვიდობიანი რევოლუციის“ მომხრეა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ლევან გაჩეჩილაძემ ხელისუფლების შეცვლაზე მხარდამჭერებთან შეხვედრისას ილაპარაკა. ნიმუშად რევოლუციაგადატანილი ეგვიპტე მოიყვანა, ხოლო პრეზიდენტის შეცვლის უკიდურეს ვადად საზაფხულო არდადეგები დაასახელა. „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, აცხადებს, რომ რევოლუციური განწყობა აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომლისთვისაც მიუღებელია მოქმედი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მიტაცება. სუბარის განმარტებით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტმა უფლებამოსილება ათი თვით, ხოლო პარლამენტმა ხუთი თვით გაიხანგრძლივა.

„ეს არის ანტიკონსტიტუციური და, შესაბამისად, ხალხს აქვს უფლება დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნის. თუ ხელისუფლება ვადაში ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს, ანუ მიმდინარე წლის ოქტომბერში, მაშინ მივიღებთ მასში მონაწილეობას და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, ყველანაირი მეთოდით დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის“, უთხრა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

ყველანაირ მეთოდში სოზარ სუბარი რევოლუციასაც გულისხმობს. მოსალოდნელ რევოლუციაზე საუბრობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

„სამწუხაროდ, აუცილებლად განვითარდება მოვლენები სწორედ რევოლუციური სცენარით. სააკაშვილი სხვა სცენარით მოქმედების შესაძლებლობას არ ტოვებს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს იყოს მშვიდობიანი რევოლუცია“, თქვა სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ.

თუმცა, ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რევოლუცია მშვიდობიანი ვერ იქნება. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის თქმით, მაღალია როგორც სისხლის დაღვრის, ასევე რუსეთის ჩარევის ალბათობა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა ლიბიაში ძალას გამოიყენებს:

„კრემლიდან ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ლიბიაში. მათთვის ეს იქნება ძალიან კარგი გამართლება იმისათვის, რომ გამოიყენონ საქართველოში წერტილოვანი დარტყმები. იტყვიან, თუ თქვენ ჩაერიეთ და მხარი დაუჭირეთ ლიბიელი ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს და ჩამოაშორეთ ხელისუფლებას კადაფის ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი ქართველი ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს და ჩამოვაშოროთ ძალით სააკაშვილის რეჟიმი?“

ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ რევოლუციის მომხრე პოლიტიკური ძალები რადიკალურად იმოქმედებენ და, 2009 წლისგან განსხვავებით, ქუჩაში გამოსულ ხალხს შინ იოლად აღარ გაუშვებენ. მოვლენების დრამატულად განვითარების შესაძლებლობას არც სოზარ სუბარი გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანას საფრთხეს უქმნის არა მომიტინგე, არამედ მოძალადე ხელისუფლება:

„ლიბიისთვის საშიშია კადაფის 50-წლიანი მმართველობა და არა ხალხის გამოსვლა! სისხლს ღვრის არა ხალხი, არამედ კადაფი! ეგვიპტეში სისხლი დაღვარა მუბარაქმა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ და არა ხალხმა! ასე რომ, პასუხს აგებს ის, ვინც სისხლს დაღვრის.“

პასუხად ხელისუფლება აცხადებს, რომ არც სისხლის დაღვრას აპირებს და არც რევოლუციის ეშინია. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციას, ტრადიციულად, თანამშრომლობას სთავაზობს.

ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლის წინააღმდეგია „თავისუფალი დემოკრატების“ლიდერი ირაკლია ალასანია, რომელიც ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი დონისა და მძიმე სოციალური ფონის შექმნაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ალასანიასთვის მისაღებია საპროტესტო გამოსვლები:

„საპროტესტო აქციის მიზანია შევცვალოთ ხელისუფლების და კონკრეტული მინისტრების პოლიტიკა, რომელიც არასწორია. საბოლოო ჯამში, მთავარია, მთელი ჩვენი ენერგია მიმართული იქნეს არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაზე და არჩევნების გზით „ნაციონალური მოძრაობის“ უმცირესობაში გადაყვანაზე საპარლამენტო არჩევნებით.“

საპარლამენტო არჩევნებამდე რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ მოელის სოციოლოგიური კვლევების ცენტრის - „გორბის“ - ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია. მისი თქმით, არასერიოზულია, როცა პოლიტიკური ძალების აქტივობა არა რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, არამედ თარიღსა და წელიწადის დროს უკავშირდება.

„ისევ და ისევ საქმე გვაქვს „სეზონურ აზროვნებასთან: „დაიცადეთ, გაზაფხული მოვა და გაჩვენებთ რას ვიზამთ...“ - ეს არასერიოზულია. გასაგებია, რომ ოპოზიციას მედიასაშუალებები არ აქვს. გასაგებია, რომ, მმართველ პარტიასთან შედარებით, ნაკლები აქვს ადამიანური და ფინანსური რესურსები, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი მაინც „სეზონური აზროვნებაა“, უთხრა მერაბ ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG