Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თრიალეთი“ რამდენიმესაათიანი გათიშვის შემდეგ ეთერში დაბრუნდა


ტელეკომპანია „თრიალეთის“ მაუწყებლობა, რამდენიმესაათიანი გათიშვის შემდეგ, ოთხშაბათ საღამოს აღდგა. გორის ტელეცენტრიდან არხის გადამცემი შუადღისთვის გამორთეს და ამის მიზეზად ტელეკომპანიის დავალიანება დაასახელეს. ეს ქმედება ტელევიზიის დამფუძნებელმა, ბადრი ნანეტაშვილმა, ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთად და მედიაზე ზეწოლად შეაფასა.

„ვთვლი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონია გასულ წლებში უამრავი შემთხვევა, როცა არა სამი თვის, არამედ ექვსი, შვიდი, რვა თვის დავალიანება გვქონია გადასახდელი. მაშინ არავის გამოურთავს გადამცემი, ახლა გაუფრთხილებლად და ყოველგვარი ვადის მოცემის გარეშე გაგვთიშეს“, – ამბობს ბადრი ნანეტაშვილი.
ჟურნალისტებს არ უშვებენ საკრებულოს სხდომებზე, არ აძლევენ საჯარო ინფორმაციას. აუცილებელი არაა, რომ ჟურნალისტს კამერა დაამტვრიო თავზე და ხელიდან მიკროფონი გამოსტაცო, ესეც საქმიანობაში ხელის შეშლაა და ამას ვაპროტესტებთ...

გადამცემის გათიშვის შემდეგ „თრიალეთმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა და რეაგირებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. გორში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები არხის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის, აზრით, ხელისუფლების ასეთი ქმედება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

დღეს გორში მოძრაობა „არას“ აქტივისტებმა, მედიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მედიაზე ზეწოლისა და თავდასხმების შეჩერება და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებელი მიღების უზრუნველყოფა იყო. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა სვანაძის, განცხადებით, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ:

„არხის გენარალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი რამდენიმე თვის წინ იყო ნაცემი. გარდა ამისა, ჟურნალისტებს არ უშვებენ საკრებულოს სხდომებზე, არ აძლევენ საჯარო ინფორმაციას. აუცილებელი არაა, რომ ჟურნალისტს კამერა დაამტვრიო თავზე და ხელიდან მიკროფონი გამოსტაცო, ესეც საქმიანობაში ხელის შეშლაა და ამას ვაპროტესტებთ“, - ამბობს ზაზა სვანაძე.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მაუწყებლობა ხმაურის ატეხისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეაგირების შედეგად აღდგა. „თრიალეთის“ ცნობით, ტელეცენტრთან 7 000-ლარიანი დავალიანების ეტაპობრივი დაფარვის შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია. „თრიალეთის“ მაუწყებლობა ადგილობრივმა საკაბელო ტელევიზიამ, „კოსმოსმაც“, აღადგინა.
XS
SM
MD
LG