Accessibility links

logo-print

გაერო საქართველოს დაბალანსებულ ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე მიუთითებს


გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი

გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი

გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოების, გავრცელებისა და მათზე კონტროლის მექანიზმების 2010 წლის მდგომარეობაა ასახული. ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებულ ვითარებასა და იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ისინი საქართველოს აძლევენ, დაბალანსებული ანტინარკოტიკული პოლიტიკის დროულად შემუშავებაა.

გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრის სპეციალური მისია საქართველოს გასული წლის ივლისში სტუმრობდა. მათი ვიზიტის შედეგები ყოველწლიურ ანგარიშში აისახა, რომელიც 2 მარტს გამოქვეყნდა. ქვეთავი საქართველოს შესახებ რამდენიმე ძირითად რეკომენდაციასა და საქართველოში ნარკოტიკების წარმოების, მოხმარებისა და მათზე კონტროლის მექანიზმების მიმოხილვას მოიცავს.

ნარკოტიკების მოხმარების ფართო გავრცელება - მათ შორის, ე.წ. კუსტარული და ფარმაცევტული ხასიათის სტიმულატორების გამოყენება - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა, აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები და იქვე მიუთითებენ საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, რომლებიც, უმთავრესად, ძალისმიერია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდაციები ძირითადად ეფუძნება იმ აზრს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ ძალოვანი პოლიტიკით ვერ იქნება ეფექტური. დაბალანსებული ეროვნული ანტინარკოტიკული პოლიტიკის შემუშავება, კონტროლის გამკაცრება იმ ფარმაცევტულ საშუალებებზე, რომლებიც ნარკომომხარებლების მიერ გამოიყენება, პრევენციული სამუშაოების გატარება, ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაცია და სოციალური რეინტეგრაცია - ეს ის რეკომენდაციებია, რომელთაც გაეროს ნარკოტიკების კონტროლის ცენტრი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს.

ძირითადი ფინანსური და ადამიანური რესურსი დღეს იმაზე იხარჯება, რომ აღმოვაჩინოთ და დავსაჯოთ ნარკოტიკის მომხარებელი, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექიმი ნარკოლოგი, ორგანიზაცია ”ალტერნატივა-ჯორჯიას” დირექტორი დავით ოთიაშვილი. მისი აზრით, აღნიშნულ რესურსთან შედარებით, ბევრად ნაკლებად გამოიყენება ჯანდაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები:

”ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ ზუსტად იგივეს, რომ საქართველოში არ არის ბალანსი ძალოვან და ჯანდაცვის და სოციალურ ღონისძიებებს შორის, რომელიც ნარკოტიკების პრობლემის შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს შეიძლება იყოს პრევენცია, რეაბილიტაცია, მკურნალობა და ა.შ.. არის აშკარა აქცენტი პოლიციურ და ძალოვან ღონისძიებებზე.”

აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენიმე ხნის წინ, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, პარლამენტში ნარკოპოლიტიკის პრობლემების განხილვა დაიწყო. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, არსებულ კანონმდებლობაში ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი სადამსჯელო სანქციების ლიბერალიზაცია გამორიცხული არ არის:

”ზოგი მიმართულებით კანონმდებლობა შეიძლება გახდეს უფრო ლიბერალური, ადამიანის უფლებებს მორგებული. თუმცა იქნება პუნქტები, სადაც კანონმდებლობა გამკაცრდება, მაგალითად, საჯარო მოხელეების მიმართ, გამსაღებლების მიმართ და ა.შ..”

ნარკომომხმარებლების მიმართ არსებული კანონის სიმკაცრეზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და ამბობს, რომ საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკა არ არსებობს და ის მხოლოდ და მხოლოდ კამპანიურ ხასიათს ატარებს:

”ამ მხრივ არ არსებობს სისტემატიური მიმართულება, ქმედებები კამპანიურ ხასიათს ატარებენ. კანონი მომხმარებელთა მიმართ კი ზედმეტად მკაცრია.”

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაეროს სპეციალურმა მისიამ ხელისუფლებას მისცა, ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას შეეხება. როგორც ნარკოლოგები მიუთითებენ, ამ მხრივ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მცირე სარეაბილიტაციო ინიციატივა არსებობს და თუკი იმ პაციენტთა რიცხვს გადავხედავთ, რომლებიც სარეაბილიტაციო პროგრამებში არიან ჩართულნი, მივხვდებით, რომ ეს რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს არსებულ სიტუაციაზე, აღნიშნავს ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი.

მარინა კაჭარავა ერთ-ერთი ასეთი სარეაბილიტაციო ანტინარკოტიკული ცენტრის ფსიქოთერაპევტია. როგორც ის ჩვენთან საუბარში მიუთითებს, ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ფსიქოლოგიური დახმარება წარმოადგენს. ფსიქოლოგები ნარკომომხმარებლებს ალტერნატივის დანახვაში უნდა ეხმარებოდნენო, ამბობს ის:

”ეს ადამიანები ეგზისტენციალურ ვაკუუმში არიან, ანუ დაკარგული აქვთ ცხოვრების აზრი, მათ საწვავივით სჭირდებათ გარედან შევსება. მე ხშირად ვავალებ ბიჭებს, მოიფიქრონ რამ შეიძლება მიანიჭოთ სიამოვნება სიფხიზლეში. თავიდან ძალიან უჭირთ პასუხის გაცემა ხოლმე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა იწყებენ საუბარს, მაგალითად, სპორტზე, ქალთან ურთიერთობაზე, წიგნის კითხვაზე, მეგობრებზე...”

რაც შეეხება მცირე და მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენი ნარკომომხმარებელია საქართველოში აღრიცხული, როგორც ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში 2009 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, ხოლო ორი წლის წინანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების რიცხვი 40 000-ს აღწევს. რაც შეეხება არაინექციურ მომხმარებლებს, მათი რიცხვი უცნობია. ასევე უცნობია ისიც, თუ როდის ჩატარდება კიდევ მსგავსი კვლევა საქართველოში.
XS
SM
MD
LG